Thumbnail
  • ბარსას არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონთან თამაში შეაფასა და კრიშტიანოც ახსენა
  • უეფა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს
  • ჯილდოს მთავარი პრეტენდენტები კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ¼-ფინალური სტადიის ყველა მონაწილე გაირკვა, მანამდე კი გულშემატკივარმა არაერთი საინტერესო და დრამატული საპასუხო ⅛-ფინალური მატჩი იხილა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი თანამედროვე ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავის - კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის გამოსვლა იყო.

პორტუგალიელმა იუვენტუსს მადრიდში წაგებული 0:2 შემოატრიალებინა - ატლეტიკოსთან ჰეთ თრიკი გაიფორმა (3:0). მეორე საღამოს, კრიშტიანოს პასუხად, არგენტინელმა ლიონთან საპასუხო მატჩში (5:1) დუბლი შეასრულა და ორჯერ სხვებს გაატანინა.

მესიმ ამ ჩემპიონთა ლიგაში მერვე გოლი მიითვალა და ლევანდოვსკის გაუთანაბრდა

ტრადიციულად, უეფამ ოფიციალურ საიტზე ოთხი ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რათა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე გამოავლინოს. ჯილდოს მთავარი პრეტენდენტები, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან. კვარტეტში ასევე მოხვდნენ ლივერპულის თავდამსხმელი სადიო მანე და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ლეროი სანე. 

უეფა კვირის რჩეულის გამოსავლენად გამოკითხვის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს, მაგრამ კამათი იმაზე, მესი უფრო დიადია თუ რონალდო, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 

თავის მხრივ, ბარსელონას ვარსკვლავმა "კამპ ნოუზე" ოთხშაბათს გამართული მატჩის შემდეგ თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა, მომავალი მეტოქეებიც ახსენა და კრიშტიანო რონალდოზეც ილაპარაკა:

"როდესაც ანგარიში 2:1 იყო, გარკვეული პერიოდი გაგვიჭირდა. იქამდე კი ლიონი არაფრით გვემუქრებოდა. საბედნიეროდ, მესამე გოლი შევაგდეთ და თამაშის გაკონტროლება ისევ მოვახერხეთ. წილისყრაზე ყველა პოტენციური მეტოქე ძლიერია. იმავე აიაქსმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ტალანტებისგან შემდგარი ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც არავისი ეშინია. ბარსელონა დიდი სირთულეებისთვის უნდა მოემზადოს.

ის, რაც გუშინ რონალდომ და იუვენტუსმა გააკეთეს, შთამბეჭდავი იყო. მეგონა, რომ ატლეტიკოსთან გამკლავება გაუჭირდებოდათ. ეს კრიშტიანოსთვის ჯადოსნური საღამო იყო".

კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ თრიკებით ლეოს გაუთანაბრდა - 8-8

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ასპარეზობის უფლება აიაქსმა, პორტუმ, ტოტენჰემმა, მანჩესტერ იუნაიტედმა, მანჩესტერ სიტიმ, ლივერპულმა, იუვენტუსმა და ბარსელონამ მოიპოვეს. ¼-ფინალური ეტაპის წილისყრა ნიონში 15 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები