Thumbnail

იუვენტუსი ატლეტიკოს დაპირისპირება მერვედფინალური რაუნდის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა გამოდგა. ამ სერიაში იყო ყველაფერი: სიმეონეს ეფექტური გეგმა პირველ თამაშში, ალეგრის პასუხი ტურინში, კრიშტიანო რონალდოს (მორიგი) სიდიადე, ტაქტიკური დუელი და ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთი. მოკლედ, ამ სტატიაში ყველაფერია იმის შესახებ, რატომ წააგო იუვემ ასე უშანსოდ მადრიდში და როგორ დაბრუნდა ალეგრის გუნდი, ყველა ტაქტიკური და სათამაშო დეტალი იმის მიღმა, რომ კრიშტიანო რონალდო ძალიან მაგარია.

პირველი თამაში: ატლეტიკო 2:0 იუვენტუსი

სიმეონეს იდეალური გეგმა

პირველ თამაშში უკვე შემადგენლობებმა გახადა ცხადი ის, რაც შემდეგ 90 წუთის მანძილზე მოედანზე ვნახეთ. სიმეონე იუვენტუსისთვის განსაკუთრებულად მზად იყო, ალეგრი კი ატლეტიკოსთან მოგებას უფრო მეტად კლასის ხარჯზე აპირებდა, ვიდრე სპეციალურად მომზადებული სათამაშო სქემის.

განლაგებები - პირველი თამაში

სიმეონემ შუა ხაზში ერთდროულად ოთხი ცენტრალური ნახევარმცველი დააყენა. ამ სეზონში ჩოლოს, ჩვეულებრივ, ნახევარდაცვის ოთხეულში სულ მცირე ერთი გარემარბი მაინც ჰყავს ხოლმე, ანუ მოთამაშე, რომელიც უფრო მეტად ფლანგიდან თამაშობს, იუვენტუსთან კი მისი ოთხივე ნახევარმცველი ცენტრში ძალიან კომპაქტურად და მჭიდროდ თამაშობდა.

ჩოლოს ჩანაფიქრი გასაგები იყო: იუვე ძალიან კარგად უტევს ვერტიკალურად, მატუიდი, ხედირა, ბენტანკური, განსაკუთრებით კი ტურინელთა ლიდერები - დიბალა და რონალდო კარგად შედიან ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზებს შორის დარჩენილ სივრცეში და ქმნიან სახიფათო მომენტებს. იუვეს თავდასხმასა და ნახევარდაცვაში ნომინალური ფლანგის მოთამაშეები არ ჰყავს - სამივე ნახევარმცველი (პიანიჩი, მატუიდი, ბენტანკური/ხედირა) ცენტრში თამაშობს, რონალდო და დიბალაც ფლანგიდან ყოველთვის ცენტრში შედიან, ფლანგებს კი განაპირა მცველები ავსებენ.

ჩოლომაც მოედნის ცენტრი და საჯარიმოს მისადგომები მოედნის ის მონაკვეთი, რომელსაც იუვე განსაკუთრებულად უტევს, მაქსიმალურად დატვირთა - იქ ერთდროულად ოთხი ჩამშლელი და მებრძოლი ნახევარმცველი იყო. მთელი მატჩის მანძილზე ეს ოთხეული იუვეს მინიმალურ სივრცესაც კი არ უტოვებდა.

ატლეტიკო თავს კომპაქტურად იცავდა და ცენტრში სივრცეებს არ ტოვებდა

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ატლეტიკოს დაცვა მოედნის სიღრმეში არ ამოდის და მცველებსა და მეკარეს შორის სივრცეს თითქმის არ ტოვებს, ტურინელებს მოედანზე სივრცის ვერტიკალურად პოვნის იმედი თითქმის არ უნდა ჰქონოდათ. ასეც მოხდა - კრიშტიანო რონალდომ, ერთადერთხელ, მხოლოდ მატჩის 92-ე წუთზე მოახერხა ატლეტიკოს მცველების უკან გახსნა.

სიმეონეს ტაქტიკა იუვეს მხოლოდ მოედნის სიგანის, მისი ჰორიზონტალურად ათვისების და ფლანგებიდან შეტევის საშუალებას აძლევდა. ატლეტიკოს გეგმამ სრულად გაამართლა - იუვეს შეტევების მხოლოდ 22 % წარიმართა მოედნის ცენტრიდან.

ალეგრის ჩავარდნა მადრიდში

სიმეონეს ტაქტიკური სქემის ეფექტურობას ალეგრიმაც შეუწყო ხელი. უკვე აღვნიშნე, რომ ჩვეულებრივ, იუვე ფლანგებიდან მხოლოდ განაპირა მცველების ჩართვის საშუალებით უტევს. ალეგრიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ამ სეზონში მისი საუკეთესო განაპირა მცველი - ჟოაო კანსელო არ დააყენა. ეს უკანასკნელი ძალიან კარგად უტევს! მის ნაცვლად, ალეგრი მატია დე შილიოს ენდო, რომელსაც შეტევა საერთოდ არ ეხერხება. მისი ერთადერთი პლიუსი კანსელოსთან შედარებით ის არის, რომ იგი შეტევაში იშვიათად მიდის და პოზიციას არ ტოვებს. მოკლედ, ალეგრიმ უფრო ფრთხილი ვარიანტი აირჩია და ძალიან შეცდა - დე შილიო დაცვაშიც სუსტად გამოიყურებოდა და იუვე შეტევაში ვერც ფლანგებს იყენებდა სრულფასოვნად.

სიმეონეს იდეა ლოგიკური იყო მადრიდელთა შემტევი თამაშისთვისაც. იუვეს დაცვის ცენტრში ბონუჩი-კიელინის დუეტი ჰყავს. ორივე მათგანი, განსაკუთრებით კი ჯორჯო კიელინი, კარგად თამაშობს თავით და თუნდაც დიეგო კოშტას, მათ წინააღმდეგ ბევრი შანსები არ ექნებოდა. იუვეს ფლანგური ჩაწოდებების ნაკლებად ეშინია, სამაგიეროდ ტურინელთა არცერთი მცველი სწრაფი არ არის. შესაბამისად, ჩოლოს იდეაც მოედნის ცენტრში ბურთის ართმევას და მისი სწრაფად, ვერტიკალური გადაცემებით, იუვეს დაცვაში დარჩენილ სივრცეებში გადატანას ითვალისწინებდა. სანამ იუვეს დაცვა კომპაქტურად დაეწყობა, სისწრაფეში მათ გრიზმანთან, მორატასთან და თუნდაც დიეგო კოშტასთან გამკლავება გაუჭირდებოდათ.

იუვე ბურთს კარგავს და ატლეტიკო ვერტიკალური პასით უტევს

ასეც მოხდა: გოლებამდე ატლეტიკომ ორი ყველაზე სახიფათო მომენტი სწრაფი ვერტიკალური შეტევებით შექმნა, იუვეს მიერ ბურთის დაკარგვის შემდეგ, იქამდე სანამ ტურინელთა დაცვა გადაწყობას მოახერხებდა.

სტატისტი ალეგრი და რონალდოს პრობლემა

სიმეონესგან განსხვავებით, მაქს ალეგრი უბრალოდ იმ ტაქტიკას და იმ შემადგენლობას ენდო, რომელსაც მთელი სეზონია შედეგი მოაქვს. მატჩის წინ, ტურინელები ერთხმად აცხადებდნენ, რომ მადრიდში მათ ერთი გოლი მაინც უნდა გაეტანათ. ატლეტიკოს ბოლო 10 პლეი ოფის შეხვედრაში შინ მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული და მთელი მატჩის მანძილზე ვერ ვნახეთ, თუ როგორ აპირებდა იუვე შეტევაში მომენტების შექმნას. ატლეტიკოს დაცვას რომ უბრალოდ კლასზე ვერ გაუტან, ეს ალბათ შეხვედრამდეც ნათელი იყო.

იუვეს ბურთი მატჩის 63% ჰქონდა, თუმცა თამაშის მხოლოდ 18% წარიმართა ატლეტიკოს კარის სიახლოვეს, მოედნის ატლეტიკოს მესამედზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იუვეს ბურთი დაცვაში ეჭირა და უბრალოდ არ იცოდა, ბურთი მეტოქის კარის სიახლოვეს როგორ გადაეტანა. ატლეტიკომ, რომელსაც თითქმის ორჯერ ნაკლებად ჰქონდა ბურთი, საერთოდაც 21 პასით მეტი შეასრულა მოედნის იუვეს მესამედზე, ვიდრე იუვემ ატლეტიკოს მესამედზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდელები ბურთს იშვიათად ფლობდნენ, თუმცა ბევრად უფრო სახიფათოდ უტევდნენ.

იუვე ვერ უახლოვდებოდა ბურთით მეტოქის საჯარიმოს

ამ პრობლემებმა კრიშტიანო რონალდო აიძულა, ბურთის ძებნაში უკან ჩამოსულიყო. კრიშტიანოს ბურთთან 72 შეხება ჰქონდა - ყველაზე მეტი იუვეს წინა ხაზსა და ნახევარდაცვაში, თუმცა მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ 4-ჯერ შეეხო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბურთი კრიშტიანომდე არ მიდიოდა, მასაც თამაშის დიდი ნაწილის მოედნის ცენტრსა და ფლანგებზე გატარება მოუწია, იმ ზონებში, სადაც კრიშტიანო ყველაზე სახიფათო არ არის. ამასვე ადასტურებს მისი პასების და დრიბლინგის სტატისტიკაც.

ჩვეულებრივ, კრიშტიანო ბურთს მეტოქის საჯარიმოში იღებს, სადაც დრიბლინგის საშუალება და საჭიროება აბსოლუტურად არ არის, მას ცოტა შეხება და დრო აქვს და კარში დარტყმაზეა ორიენტირებული, ატლეტიკოსთან კი რონალდო ხშირად იღებდა ბურთს იმ ზონებში, მოედნის სიღრმესა და ფლანგებზე, სადაც მას დრიბლინგის დრო და სივრცე ჰქონდა.

ალეგრი არამხოლოდ თამაშს შეხვდა მოუმზადებელი, არამედ ამ სათამაშო პრობლემების მიუხედავად, დააგვიანა მათზე რეაგირებაც. 0-0 იუვესთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ანგარიში იყო და ამ ფონზე, ალეგრიმ ტურინელთათვის ნეგატიური თამაშის სცენარის შეცვლაზე არ იზრუნა. მაშინ, როდესაც სიმეონემ სამივე ცვლილება გამოიყენა და უფრო შემტევი მორატას, კორეას და ლემარის გამოყვანით, მატჩის სათავისოდ გარდატეხა გადაწყვიტა. ალეგრიმ რეაგირება დააგვიანა და ცვლილებების გამოყენება აქტიურად მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა ანგარიში 2-0 გახდა მადრიდელთა სასარგებლოდ.

დიბალას პრობლემა

ატლეტიკოსთან შეხვედრა დიბალასთვის ამ სეზონში პირველი წარუმატებლობა არ იყო. ამას თავისი მიზეზი აქვს. გასულ სეზონში იუვეს შემტევ სამეულს დიბალა, იგუაინი და მანჯუკიჩი ქმნიდნენ. ჩვეულებრივ, დაცვით ფაზაში გუნდმა მთელი მოედანი ჰორიზონტალურად რომ დაფაროს, სულ მცირე 4 მოთამაშე მაინც სჭირდება. გასულ სეზონში ეს სისტემა მხოლოდ მარიო მანჯუკიჩის მონდომების, შრომისუნარიანობისა და ათლეტიზმის წყალობით ფუნქციონირებდა. მანჯუკიჩი ცოტა უკნიდან თამაშობდა. შეტევაშიც იყო, დაცვის დროს კი მარცხენა ფლანგს კეტავდა და მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ასწრებდა, ფაქტობრივად, ერთდროულად ორი პოზიცია შეევსო.

ამ სეზონში იუვენტუსში იგუანის ნაცვლად, კრიშტიანო რონალდო მოვიდა. არგენტინელისგან განსხვავებით, პორტუგალიელს უყვარს, როდესაც მის წინ კიდევ ერთი ფორვარდი თამაშობს, თვითონ კი სიღრმიდან შემოდის საჯარიმოში. მარტივად, რომ ვთქვათ რონალდოს ბენზემას ტიპის დამხმარე ფორვარდი სჭირდება, რომელიც მცველებს ყურადღებას იქცევს და მას სივრცეებს უთავისუფლებს.

წაიკითხე ყველაზე მაგარი იუვენტუსი?! ყველაფერი, რაც რონალდოს ტრანსფერმა შეცვალა

ამ როლს იუვეში წელს მანჯუკიჩი ასრულებს, რომელიც უმეტესად გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზეა და დაცვით ფაზაში გადასვლას და ნახევარდაცვის დამხარებას ფიზიკურად ვეღარ ახერხებს.

ამ ცვლილებების შემდეგ, დიბალას უფრო უკნიდან უწევს თამაში. მის წინ უკვე ორი ფორვარდი თამაშობს, მათ შორის კრიშტიანო რონალდო, ფორვარდი, რომელიც ყველაზე კარგად ითვისებს თავისუფალ სივრცეებს - მათ შორის იმ სივრცეებს, რომლებიც დიბალას სჭირდება. შედეგად, მას სერია A-ში ამ სეზონში მხოლოდ 4 გოლი აქვს შეგდებული.

ახალი როლით დიბალა უკმაყოფილოა, თითქოს არც გამოსდის და არც უნდა, რომ ბოლომდეც მოინდომოს.

დიბალა მანჯუკიჩისგან განსხვავებით, თავს ცუდად იცავს, იგი ათლეტური არ არის და შემტევი ფაზიდან დაცვაში გადასვლას ხშირად აგვიანებს. თეორიულად, მან მარჯვენა ფლანგი უნდა დაკეტოს ხოლმე, რათა იუვეს მოედნის მთელ სიგანეზე ოთხი მოთამაშე ჰყავდეს და მინდორი ჰორიზონტალურად დაფარული იყოს.

სუსტი გუნდების წინააღმდეგ ეს ხარვეზი ნაკლებად ჩანს. იუვე ამ ხარვეზის კომპენსაციას მოედნის ცენტრში მატუიდის და ბენტანკურის ტიპის მოძრავი, დინამიური და ათლეტური მოთამაშეებით ცდილობს. თუმცა, რაც არ უნდა ბევრს მოძრაობდნენ იუვეს ნახევარმცველები, მაღალი კლასის გუნდთან ერთდროულად სამი შემტევის ყოლა ზედმეტი ფუფუნებაა.

ასე მოხდა ატლეტიკოსთანაც. მატჩის დასაწყისიდანვე, ატლეტიკოს ოთხი შუა ნახევარმცველი იუვეს სამ ნახევარმცველს ეთამაშებოდა.

სწორედ ამიტომ, იტალიელი ანალიტიკოსები ალეგრის მატჩის წინ ფედერიკო ბერნარდესკის დაყენებას ურჩევდნენ. ბერნარდესკი დიბალას ტალანტით ჩამოუვარდება, თუმცა მასზე ათლეტური და შრომისმოყვარეა და ფლანგს კარგად კეტავს. ალეგრიმ თავისი ერთ-ერთი ლიდერის ტაქტიკური მოსაზრებებით დასმა ვერ გაბედა და მძიმე ფასიც გადაიხადა ამისთვის.

ბერნარდესკი უფრო ფლანგიდანაც თამაშობს - ანუ, იმ ზონიდან, რომელიც ატლეტიკოს შედარებით დაუცველი ჰქონდა და შემთხვევითი არ არის, რომ მისი გამოსვლის შემდეგ იუვე გამოცოცხლდა.

პირველი თამაშის პრობლემა და მიღებული ბურთები

იტალიაში იუვე ადვილად იგებს, მერე კი, ევროპულ სარბიელზე, პლეი ოფის ინტენსიურ თამაშზე სწრაფად გადაწყობა უჭირს. შემთხვევითი არ არის, რომ ალეგრის იუვეს ტრადიციულად უჭირს მერვედფინალის პირველი შეხვედრები - თამაში, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტურინელები კვლავ ევროპულ სარბიელზე, სხვა სისწრაფეებსა და ინტენსივობაზე ატარებენ.

შარშან, იუვეს პირველ თამაშში ტოტენჰემთან ძალიან გაუჭირდა, სამი წლის წინ იგივე მოხდა ბაიერნთან შეხვედრაში. ორივე ამ შემთხვევაში იუვე უბრალოდ ვერ გადადიოდა თამაშის უფრო სწრაფ რიტმზე.

იგივე მოხდა მადრიდშიც. სიმეონეს ტაქტიკური ჩანაფიქრების მიუხედავად, იუვენტუსს კლასში იმდენად დიდი სხვაობა აქვს, რომ მათ ამ თამაშის არწაგება მარტივად შეეძლოთ. თუმცა, ატლეტიკო იუვეზე ბევრად მზად აღმოჩნდა უფრო აგრესიული და ინტენსიური ფეხბურთი ეთამაშა. მთელ სტადიონზე მადრიდელები იგებდნენ გადამწყვეტ წამებსა და სანტიმეტრებს.

გოლებიც სწორედ ასე გავიდა - ტრადიციულად, ატლეტიკომ სტანდარტებიდან გაიტანა. პრობლემა, რომელიც ტურინელებს წინასწარ უნდა სცოდნოდათ. ორივე შემთხვევაში მადრიდელთა აგრესია და გაბედულება გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მეორე თამაში: იუვენტუსი 3:0 ატლეტიკო

ალეგრის მასტერკლასი - მაქსი შეცდომებზე მუშაობს

მეორე შეხვედრის წინ ალეგრიმ ყველა ის შეცდომა გაითვალისწინა, რომელიც მან მადრიდში დაუშვა. ეს ალეგრისთვის სახასიათო ნიშანია - მაქსი ძალიან კარგი ტაქტიკოსია და მისი გუნდები პლეი ოფის მეორე თამაშებს, მას შემდეგ, რაც ალეგრი მეტოქეს უკეთ იცნობს, ბევრად უკეთ ატარებენ. მაგალითად, ასე იყო გასულ წელსაც - ალეგრის იუვემ პირველი თამაშები ტურინში ტოტენჰემთან და რეალთან ცუდად ჩაატარა, თუმცა მეორე მატჩებისთვის ტაქტიკურად გადაეწყო და იუვემ ორჯერვე გასვლაზე მოიგო.

განლაგებები - მეორე თამაში

მეორე შეხვედრის წინ, ალეგრიმ დააყენა არა ყველაზე ძლიერი მოთამაშეები, არამედ ის ფეხბურთელები, რომლებიც მის ტაქტიკურ მონახაზს სრულად ერგებოდნენ. სკამზე დარჩა პაულო დიბალა და მის ნაცვლად ფედერიკო ბერნარდესკი გამოჩნდა. ეს იმან ნიშნავდა, რომ ალეგრიმ აქცენტი ფლანგიდან შეტევაზე გააკეთა. ბერნარდესკი უფრო ერგება მანჯუკიჩი-რონალდოს დუეტს და დაცვაშიც დიბალაზე ბევრად შრომისმოყვარეა. მასთან ერთად, ალეგრის უფრო ტაქტიკური მრავალფეროვნებაც ჰქონდა - ბერნარდესკი მარჯვნივაც თამაშობდა, შუაშიც და მატჩის ბოლოს მარცხენა ფლანგიც დაიკავა.

კრიშტიანოსთან ერთად ბერნარდესკი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო - პირველი გოლი მის გადაცემას მოჰყვა, გადამწყვეტი პენალტი კი სწორედ მის გარღვევას.

ბერნარდესკის საგოლე გადაცემა და რონალდოს გოლი

აქცენტი ფლანგებზე

როგორც აღვნიშნე, ატლეტიკო მოედნის ცენტრში სივრცეებს თითქმის არ ტოვებს, იუვესაც ფლანგებიდან უნდა შეეტია, სადაც მათი ძირითადი შემტევი ოფცია განაპირა მცველები არიან. შესაბამისად, იუვენტუსის განაპირა მცველებს ამ შეხვედრაში უდიდესი მისია ეკისრათ. ალეგრიმ გარისკა და ალექს სანდროსა და დე შილიოს არყოფნაში, ჟოაო კანსელოსთან ერთად, ლეონარდო სპინაცოლას ენდო, მოთამაშეს, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში კი ეს სულაც მისი დებიუტი იყო.

სპინაცოლა მის წინა გუნდში, ატალანტაში, ფლანგის ნახევარმცველადაც თამაშობდა და ძალიან კარგად შეუძლია შეტევა. კანსელო-სპინაცოლას დუეტი ფლანგებზე ალეგრის საშუალებას აძლევდა, რომ ჰყოლოდა ორი შემტევი მცველი, რომლებიც თამაშს მუდამ ამწვავებენ და, ფაქტობრივად, ფლანგის ნახევარმცველებივით თამაშობდნენ.

სპინაცოლამ მწვრთნელს რისკი სრულად გაუმართლა და ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. მატჩის პირველ ნახევარში კი იუვე საერთოდაც ძირითადად მისი მარცხენა ფლანგიდან უტევდა და ქმნიდა ხიფათს. სპინაცოლას სამი პასი დაუგროვდა, რომელიც კარში დარტყმით დასრულდა - მცველისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია.

მეორე ტაიმში კი უკვე კანსელო იყო ერთ-ერთი საუკეთესო. შემთხვევითი არ არის, რომ პიანიჩის შემდეგ, რომელიც მთელ თამაშს უძღვება, ყველაზე მეტი შეხება (89) სწორედ კანსელოს ჰქონდა.

ამასვე გვაჩვენებს იუვეს დაფარვის ზონის რუკაც - იუვე ყველაზე აქტიურად ფლანგებიდან, სწორედ კანსელოს და სპინაცოლას ზონიდან უტევდა. ლოგიკური იყო, რომ იუვემ მხოლოდ მატჩის პირველ 60 წუთში მეტოქის საჯარიმოში 33-ჯერ ჩააწოდა (შედარებისთვის, მთელ წინა შეხვედრაში იუვეს 15 ჩაწოდება ჰქონდა). ალეგრის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო იმ კუთხითაც, რომ ატლეტიკოს ორი მარცხენა მცველი - ლუკა ერნანდესი და ფელიპე ლუისი აკლდა. ამ პოზიციაზე ვეტერანი ხუან ფრანი თამაშობდა, რომელიც, ჩვეულებრივ, მარჯვნივ თამაშობს ხოლმე. იუვეს ზეწოლამ ფრანზე შედეგი გამოიღო - იგი თავის გუნდში სუსტი წერტილი იყო.

როგორ ავირიდოთ სიმეონეს კონტრშეტევები?

მატჩის წინ, იტალიური პრესა ალეგრის სამი ცენტრალური მცველით თამაშს ურჩევდა, რათა იუვეს დაცვაში მორატას და გრიზმანს სივრცეები ვერ ეპოვათ. ატლეტიკის კონტრშეტევები პირველ თამაშში ძალიან სახიფათო იყო და ტურინშიც მადრიდელთა ერთი გოლი იუვეს, ფაქტობრივად, ყველა შანსს ართმევდა.

ალეგრი ბონუჩი-კიელინის დუეტს ენდო, თუმცა მოედნის ცენტრში ორი ჩამშლელი, ემრე ჯანი და მატუიდი დატოვა. მას სურდა, რომ ატლეტიკოს კონტრშეტევებისგან მოედნის ცენტრშივე დაეცვა თავი - იმ ზონებში, საიდანაც ატლეტიკო ამ კონტრშეტევებს იწყებს. ერთი შეხედვით, იუვეს გოლები ჰქონდა შესაგდები და ერთდროულად ორი ჩამშლელი არ სჭირდებოდა, თუმცა ალეგრის ჩანაფიქრი ნათელი იყო - მას სურდა, ატლეტიკოს მოგერიებული ბურთები სწრაფადვე დაებრუნებინა, სანამ მადრიდელები კონტრთამაშს მოასწრებდნენ.

ორივე მათგანმა ალეგრის ჩანაფიქრი კარგად შეასრულა - მატუიდიმ ბევრი შავი სამუშაო შეასრულა. ემრე ჯანი კი თამაშის ცალკეული მომენტები დაცვაში იწევდა უკან და ბურთის გათამაშებაში ეხმარებოდა მცველებს. სწორედ მისი დახმარების წყალობით, შეეძლოთ განაპირა მცველებს ძალიან მაღლა, მეტოქის საჯარიმოსთან დალოდებოდნენ ბურთს და მის ამოტანაზე არ ეფიქრათ.

მათ ეხმარებოდათ, კიელინიც, რომელიც დაცვის ხაზიდან ბევრად უფრო მაღლა თამაშობდა - გამოვიდა ისე, როგორც იუვეს უნდოდა - ატლეტიკო მოგერიებულ ბურთებს მაშინვე კარგავდა და მთელი შეხვედრა კონტრთამაშის გარეშე ჩაატარა.

სწორედ ამიტომ აღნიშნავდა, სიმეონე თამაშის შემდეგ, რომ იუვეს ყველაზე ძლიერი მხარე მისი პრესინგია.

კრიშტიანო რონალდოს ფაქტორი

ალეგრის გეგმა მისი ეფექტურობის მიუხედავად ვერ იმუშავებდა, მას რომ კრიშტიანო რონალდო არ ჰყოლოდა. იუვეს გეგმა - პრესინგის მეშვეობით ბურთის სწრაფად მოპოვება, ფლანგებზე გადატანა და იქიდან ჩაწოდებებით შეტევა - სწორედ რონალდოზე იყო აწყობილი. კრიშტიანო ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა მეორე სართულზე, იგი ძალიან კარგად იხსნება და პოულობს ბურთს თუნდაც ყველაზე კომპაქტურ თამაშში.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი?

  • ლიონელ მესი
  • კრიშტიანო რონალდო
  • სერხიო აგუერო
  • ჰარი კეინი
  • სხვა ფეხბურთელი

ატლეტიკოს უბურთოდ დაცვაში ბევრი თამაში უთამაშია. მათი ცენტრალური მცველები (გოდინი და ხიმენესი) ძალიან კარგად თამაშობენ თავით და შემთხვევითი არ არის, რომ ორი თამაშის მანძილზე მათ გასაქანი არ მისცეს ათლეტურ მარიო მანჯუკიჩს, კრიშტიანო კი სხვა პლანეტიდან არის. რაც არ უნდა კარგად იცავდე თავს, რონალდომდე თუ ბურთს მიიტან (რაც პირველ თამაშში არ გამოვიდა) ის აუცილებლად იპოვის მომენტს.

ასე მოხდა იუვეს მეორე გოლის შემთხვევაშიც. კანსელოს ფლანგური ჩაწოდება თეორიაში ატლეტიკომ კარგად დაიცვა - მათ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დატოვეს თავისუფალი, თუმცა კრიშტიანო არამხოლოდ ყველაზე მაღლა ახტა, არამედ ძალიან მოუხერხებელი სიტუაციიდანაც კი, ძლიერად დაარტყა. ანუ შეაგდო ის გოლი, რომელიც მხოლოდ მას გააქვს.

შეცვლების ხელოვნება

თუკი პირველი თამაში სიმეონეს შეცვლების იყო, ტურინში ალეგრიმ ვალი სრულად დაუბრუნა თავის არგენტინელ ვიზავის. მეორე გოლი იუვემ მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეაგდო. ნათელი გახდა, რომ ასეთი თამაშით ატლეტიკო პენალტებამდე ვერ მიაღწევდა. სიმეონემაც თამაშის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და შემტევები კორეა და ვიტოლო გამოიყვანა. არგენტინელმა აქცენტი გოლის გატანაზე გააკეთა.

სიმეონეს ალეგრიმ თავისი შეცვლებით უპასუხა. იუვემ უკან დაიხია და ატლეტიკოს დაცვაში სივრცეები გამოჩნდა. მანაც შეცვლებით იუვე უფრო სწრაფ და მობილურ გუნდად გარდაქმნა. მოედანზე ისეთი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომელთაც ბურთის დაჭერა და სივრცეში თამაში შეუძლიათ. ფიზიკურად ძლიერი, თუმცა სტატიკური მანჯუკიჩი 19 წლის მოიზე კინმა შეცვალა. კინი შემადგენლობაში მხოლოდ მეორეჯერ იყო, თუმცა მისი სისწრაფე და მობილურობა ალეგრის ძალიან სჭირდებოდა.

გამოვიდა დიბალაც, რომელიც ბურთს კარგად იჭერდა და შეცვლაზე ძალიან კარგად შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მოედნის სიღრმიდან თამაშობდა. გეგმამ მყისვე გაამართლა - ჯერ კინი დარჩა ერთი ერთზე, შემდეგ კი ბერნარდესკის გარღვევა იყო.

ორივე შემთხვევაში იუვემ ატლეტიკოს დაცვაში სივრცეები იოლად იპოვა -ორივეჯერ ატლეტიკოს მარჯვენა ფლანგი ჩავარდა.

ატლეტიკოსთან სერია იუვენტუსისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. პირველ თამაშში ტურინელებმა კარგი გაკვეთილი მიიღეს, რომ სერია A-ს ტემპით და მოუმზადებლად, მხოლოდ კლასზე, ევროპაში თამაში არ გამოდის. ტურინულ შეხვედრაში კი მთელი თავისი კოზირები იუვემ ბოლომდე აჩვენა. ჩვეულებრივ, პირველი წაგებული თამაშის მერე დაბრუნებას ემოციური ფაქტორი სჭირდება - გუნდები ცდილობენ ხოლმე, თამაშის ცალკეულ მონაკვეთებში მოიპოვონ უპირატესობა (მაგალითად, სწრაფი გოლი). იუვემ კი თამაში ისე მოატრიალა, რომ რომელიმე მონაკვეთის ხარჯზე, უპირატესობა არ ჰქონია, ტურინელები მთელი მატჩის მანძილზე გეგმაზომიერად უგებდნენ მადრიდელებს.

უაღრესად შთამბეჭდავი თამაშის ფონზე, იუვეს ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ასეთი გამარჯვებები ძალიან კარგად მოქმედებს გუნდის განწყობასა და ფსიქოლოგიაზეც.

კომენტარები

ბოლო ამბები