Thumbnail

ლომბარდო სკუადრა აძურაში - მანჩინიმ შტაბში ყოფილი თანაგუნდელი მიიწვია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში ატილიო ლომბარდო შევიდა
  • 53 წლის სპეციალისტი ნაკრების თავკაცის, რობერტო მანჩინის ასისტენტი იქნება
  • მანჩინი და ლომბარდო ჯერ ერთად თამაშობდნენ, შემდეგ ერთად წვრთნიდნენ

იტალიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სკუადრა აძურას ყოფილი ნახევარმცველი ატილიო ლომბარდო შევიდა. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

53 წლის ლომბარდო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის ასისტენტი იქნება, რომელთანაც უწინაც უმუშავია. ლომბარდო მანჩინის თანაშემწე იყო მანჩესტერ სიტისა და გალათასარაიში, შალკეში კი რობერტო დი მატეოს ეხმარებოდა. ლომბარდოს ბოლო სამუშაო ადგილი ტორინო იყო, სადაც სინიშა მიხაილოვიჩის შტაბში იყო დასაქმებული.

ატილიო ლომბარდოს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია. სხვათა შორის, რობერტო მანჩინისთან ერთად ლომბარდოს უთამაშია კიდეც - გენუის სამპდორიაში. სხვადასხვა დროს კი, როგორც ფეხბურთელი, იუვენტუსის, კრისტალ პალასისა და ლაციოს ღირსებასაც იცავდა. 

ლომბარდო და მანჩინი სამპდორიაში ჩემპიონთა თასის 1992 წლის ფინალის წინ 

ატილიო ლომბარდო ერთ-ერთია იმ ხუთი იტალიელი ფეხბურთელიდან, ვისაც იტალიის ჩემპიონატში, სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გაუმარჯვია (სამპდორიასთან, იუვესა და ლაციოსთან ერთად).

იტალიის ეროვნული ნაკრები 23 მარტს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს შინ ფინეთთან ჩაატარებს, სამი დღის შემდეგ კი ლიხტენშტაინს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები