Thumbnail

ასეც ხდება - 22 წლის ბრაზილიელი, რომელიც ტიტეს ზარსაც კი არ პასუხობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ამსტერდამის აიაქსის თავდამსხმელ დავიდ ნერეშს კურიოზული ამბავი გადახდა
  • ნერეშს ბრაზილიის ნაკრებში პირველად იწვევდნენ, ის კი ტელეფონს არ იღებდა
  • ფეხბურთელს გაუმართლა, რომ ჩინეთში არ წავიდა და ვინისიუსმა ტრავმა მიიღო

ჩემპიონთა ლიგაში რეალისა და აიაქსის საპასუხო დაპირისპირებას (1:4) დიდი გამოხმაურება მოყვა. ხუმრობა ხომ არ არის - ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები გუნდი ტურნირს ⅛-ფინალში გამოეთიშა, შემდეგ თანამდებობიდან გაუშვეს სანტაიგო სოლარი და დააბრუნეს ზინედინ ზიდანი… იყო კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალის კარში მეორე გოლის გამტან ფეხბურთელს - აიაქსის ბრაზილიელ თავდამსხმელს, დავიდ ნერეშს უკავშირდება.

22 წლის ფეხბურთელი ორ წელიწადზე მეტია ჰოლანდიაში გამოდის. იანვარში, ჩინური გუანჯოუ ამსტერდამულ კლუბს მის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს სთავაზობდა, თავად ფეხბურთელს კი - მიმზიდველ ხელფასს, მაგრამ ნერეშმა უარი თქვა.

ზამთარში ბრაზილიელის გადაბირებას ჩინური კლუბი ამაოდ ცდილობდა

მადრიდში აიაქსის გამარჯვებიდან მესამე დღეს დავიდ ნერეშის ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარები შევიდა. ამის ამბის შესახებ ფეხბურთელმა ჰოლანდიურ მედიას უამბო:

"პარასკევს ორჯერ დამირეკეს უცნობი ნომრიდან. არ ვუპასუხე, რადგან როგორც წესი, უცხო ნომრიდან ზარებს უპასუხოდ ვტოვებ ხოლმე. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ბრაზილიის ნაკრებში გამოძახების თაობაზე მიკავშირდებოდნენ?! მოგვიანებით მითხრეს, რომ დაკავშირებას გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიტე ცდილობდა. როდესაც ეს გავიგე, მაშინვე გადავურეკე".

დავიდ ნერეში ბრაზილიის ნაკრებში მომავალი მატჩებისთვის გამოძახებული 23 ფეხბურთელის თავდაპირველ სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ ვითარება მოგვიანებით ვინისიუსის ტრავმამ შეცვალა. რეალის ფეხბურთელი სწორედ აიაქსთან წაგებულ თამაშში დაშავდა და ეროვნულ გუნდში მისი ადგილიც ნერეშმა დაიკავა.

ამჯერად დავიდ ნერეში უკვე ადეკვატურად მოიქცა და ტრავმირებულ თანამემამულეს სიტყვიერი მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე აღნიშნა, რომ სწორად მოიქცა, როდესაც ჩინეთში გადაბარგებაზე უარი თქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც "ბერნაბეუზე" გატანილი გოლითა და მოგებით იამაყებდა და ვერც ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრით.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, რომელიც კოპა ამერიკისთვის ემზადება, მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 23 მარტს პანამის ნაკრებს უმასპინძლებს, 26-ში კი ჩეხეთს ესტუმრება. 

დავიდ ნერეში ევროპაში მშობლიური სან პაულუდან 2017 წელს გადაბარგდა. ფეხბურთელს ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები