Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდო იუვენტუსს 200 მილიონზე მეტი უჯდება
  • ეს ინვესტიცია იმისთვისაა, რომ გუნდმა ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს
  • როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო, CR7-მა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
  • თუმცა იუვეს ტრიუმფის მიზეზი მხოლოდ კრიშტიანოს ჰეთთრიკი არ არის

“ეს იქნება განსაკუთრებული საღამო მოედანზე და ტრიბუნებზეც” - ამას პირდებოდა კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის ფანებს. მან სიტყვა შეასრულა! ტურინული გრანდის უდიდეს ისტორიაში, ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საღამო გამოვიდა - ისეთი, იუვეს ტიფოზები ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებენ. მადრიდში 0:2, ტურინში 3:0 - იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია!

ტურინის პუბლიკამ რონალდოს თხოვნა შეუსრულა - იუვეს ტიფოზებმა სტადიონზე გრანდიოზული გარემო შექმნეს და ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანეს. “როგორც ვამბობდი, ეს განსაკუთრებული საღამო უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. არა მარტო გოლების, ან ჩვენი საბოლოო გამარჯვების, არამედ იმის გამოც, რომ ყველა ასპექტში ჩემპიონებივით ვმოქმედებდით!” - განაცხადა მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა, რომელსაც ამ თამაშამდე, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი. თამაშის წინ ვწერდით, რომ სწორედ რონალდოს აფეთქება იყო იუვენტუსის ბოლო შანსი და ასეც მოხდა: CR7-მა გააკეთა ის, რისთვისაც ის ტურინში გადაიყვანეს.

წაიკითხევის უფრო დიდი კვერცხები აქვს? რონალდომ სიმეონეს ჟესტი გააშარჟა

არადა, მადრიდში წაგების შემდეგ, იუვენტუსმა მძიმე დღეები გადაიტანა. იტალიაში აკრიტიკებდნენ როგორც რონალდოს, ისე მასიმილიანო ალეგრისაც. თითქმის ყველა იტალიური სპორტული გამოცემა წერდა, რომ ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეგრიის დღეები თუ არა, კვირები მაინც იყო დათვლილი. წერდნენ ხოსეპ გვარდიოლას მოსვლაზე (პეპმა უარყო), ზინედინ ზიდანზე (რეალში დაბრუნდა), ანტონიო კონტეს (უმუშევარია) დაბრუნებაზე და დიდიე დეშამზეც კი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელია.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატს წლებია, უპრობლემოდ იგებს, ალეგრის შესაძლებლობებს ტურინში ბოლომდე მაინც არ აღიარებენ. “სკუდეტოებმა” მას უბრალოდ მეტი პატივისცემა მოუტანა და არა სიყვარული. თუმცა ატლეტიკოსთან გამარჯვების გამომწვევმა ტაქტიკურმა ჩანაფიქრებმა, მას, შესაძლოა ესეც მოუტანოს.

მასიმილიანო ალეგრიმ დიეგო სიმეონეს ტაქტიკური ბრძოლა მოუგო

ის, რაც რონალდოს, ბერნარდესკისა და მატუიდის ბრწყინვალე თამაშის მიღმა, შესაძლოა, ბევრმა ვერ შეამჩნია: ემრე ჯანს განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ის იუვეს ფორმით პირველად იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩის ძირითად შემადგენლობაში და ორი როლი ჰქონდა. ემრე ჯანი იყო ცენტრალური ჩამშლელი ნახევარმცველი 4-3-3-ში, მაგრამ ბურთის ფლობისას მარჯვენა მცველად გარდაიქმნებოდა, რათა წინ წასული ჟოაო კანსელო დაეზღვია. ატლეტიკოს კონტრშეტევების მცდელობების უდიდესი ნაწილი სწორედ 25 წლის ემრე ჯანმა დაასრულა. ამიტომაც თქვა ალეგრიმ მატჩის შემდეგ - იუვენტუსის ფორმით მან თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარაო.

ვოიცეხ შჩესნის საქმე ფაქტობრივად არ ჰქონია - ეს მომენტი იშვიათი გამონაკლისია

ალეგრიმ შეტევაშიც მოიფიქრა რაღაც განსაკუთრებული: პაულო დიბალას ნაცვლად მან ძირითად შემადგენლობაში ფედერიკო ბერნარდესკი ათამაშა, რომელიც მართალია, კლასით არგენტინელზე გაცილებით დაბლა დგას, სამაგიეროდ, უფრო აგრესიული, უფრო თავისუფალი და უფრო მრავალმხრივად გამოყენებადი ფეხბურთელია. რონალდოს შემდეგ სწორედ ბერნარდესკი იყო იუვენტუსის მთავარი გმირი: გარდა იმისა, რომ მთელი თამაში უნაკლოდ ჩაატარა და ბოლოს მარცხენა მცველის ფუნქციებსაც კი ასრულებდა, ბერნარდესკიმ რონალდოს ორი გოლი შექმნა - პირველი და მესამე. მის გვერდით, ბევრი იშრომა მარიო მანჯუკიჩმაც, რომელიც ძირითადად ‘შავი საქმით’ იყო დაკავებული. ალეგრიმ შექმნა სისტემა, რომელიც რონალდოს ყველა შესაძლებლობას უქმნიდა და დაცვითი ფუნქციებისგან აბსოლუტურად ათავისუფლებდა.

ფედერიკო ბერნარდესკი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

“საკადრო პრობლემების დროს ყველაზე მაგარი ვარ,” - ამბობდა ალეგრი და დაამტკიცა, რომ მართლაც ასეა. ალექს სანდროს არყოფნაში მან დაცვის მარცხენა ფლანგზე ლეონარდო სპინაცოლა გაამწესა - ფეხბურთელი, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგაში კი სპინაცოლასთვის ეს სულაც დებიუტი იყო - ალეგრის დავალებით ის იმდენად იყო შეტევაზე ორიენტირებული, რომ კოკე იძულებული გახდა, მხოლოდ დაცვითი ფუნქციები შეესრულებინა და შეტევაზე აღარ ეფიქრა. როცა სპინაცოლა დაიღალა, ალეგრიმ მის ნაცვლად მოედანზე შემტევი დიბალა შეუშვა, მარცხენა მცველად თამაში კი ბერნარდესკის დაავალა!

“სისწრაფისა და აგრესიის იდეალური ნაზავი გამოგვივიდა,” - თქვა მატჩის შემდეგ იუვენტუსის დამრიგებელმა. დიეგო სიმეონეს გუნდმა, მადრიდული მატჩისგან განსხვავებით, შეტევაში აბსოლუტურად ვეღარაფერი შეძლო.

აქ ჯარიმაა? ამისთვის არ ჩაითვალა გოლი, რომელიც ტურინელებმა მატჩის დასაწყისში გაიტანეს

“გრანდიოზული საღამო შედგა, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ეს გამარჯვება დიდი იმპულსია მომავლისთვის, მაგრამ ფინალზე ფიქრი ჯერ ადრეა. ჯერ იმით გავიხაროთ, რაც დღეს შევძელით,” - ესეც რონალდოს სიტყვებია.

იუვენტუსმა ატლეტიკოს სახით, მერვედფინალში ურთულესი ბარიერი გადალახა. ეს გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ იუვეს ოცნება, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა პირველად 1996 წლის შემდეგ, ისევ რეალურია. რონალდოს კი კვლავ შეუძლია, გახდეს ისტორიაში მეორე ფეხბურთელი კლარენს ზეედორფის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგას სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები