Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ტურინის იუვენტუსმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და მადრიდული 0:2 სრულფასოვნად ამოქაჩა - 3:0 მოიგო!

მატჩის გმირი იყო 34 წლის პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა. იუვენტუსი მეოთხედფინალშია!

1:0 რონალდო (27) 

ფედერიკო ბერნარდესკიმ მარცხნიდან შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც კრიშტიანო რონალდომ იოლად მოუგო საჰაერო დუელი ხუანფრანს და თავით გახსნა ანგარიში, იან ობლაკი უძლური იყო.

2:0 რონალდო (49) 

მარჯვენა ფრთიდან ჟოაო კანსელომ ჩააწოდა და საჯარიმოს ცენტრში კრიშტიანო რონალდომ სტუმართა ცენტრალურ მცველებს დაასწრო თავით და კარში დაარტყა, ობლაკმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ გოლის ამომცნობმა ტექნოლოგიამ კარის გადაკვეთა დააფიქსირა. 

3:0 რონალდო (86-პენ) 

იუვენტუსის უპირატესობის მიუხედავად, თამაში მიდიოდა დამატებით ტაიმებამდე, როცა ფედერიკო ბერნარდერსკის საჯარიმოში ხელი ანხელ კორემა კრა და კრიშტიანო რონალდომ პენალტით ჰეთ თრიკი შეასრულა. 

ზეიმი იუვეს გასახდელში

ALL TOGETHER NOW 🎼⚪️⚫️

Posted by Paulo Dybala on სამშაბათი, 12 მარტი, 2019

საინტერესო ფაქტები

⚽ ატლეტიკომ ამ სეზონში პირველ ტაიმში პირველად მიიღო კარისკენ 9 დარტყმა.

⚽ რაც დიეგო სიმეონეა ატლეტიკოს მწვრთნელი, მისი გუნდის კარში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა - 21. 

⚽ კრიშტიანომ პირველი გოლი კარში პირველი დარტყმით და მეტოქის საჯარიმოში ბურთთან პირველი შეხებით გაიტანა.

⚽ კრიშტიანომ ატლეტიკოს წინააღმდეგ 33 მატჩში 25 გოლი გაიტანა. მეტი მან მხოლოდ სევილიას კარში შეაგდო - 27. 

⚽ კრიშტიანომ ლიგის პლეი ოფის სტადიაზე 77 მატჩში 77 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (63 გოლი, 14 ასისტი).

⚽ კრიშტიანო ლიგაზე ჰეთ თრიკებით ლიონელ მესის გაუთანაბრდა - 8-8.

⚽ ჯორჯო კიელინი გახდა მე-5 ფეხბურთელი, ვინც იუვენტუსის მაისურით 500 და მეტი მატჩი ჩაატარა (დელ პიეროს, ბუფონის, შირეასა და ფურინოს შემდეგ).

იუვენტუსი 3:0 ატლეტიკო

გოლები: 1:0 რონალდო (27), 2:0 რონალდო (49), 3:0 რონალდო (86-პენ)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა (67. დიბალა) - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, მანჯუკიჩი (80. კინი), რონალდო

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი (77. ვიტოლო), გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი - საულ ნიგესი, როდრი ერნანდესი, კოკე, ლემარი (57. ა. კორეა) - გრიზმანი, მორატა 

მანჩესტერ სიტი 7:0 (3:2) შალკე

კომენტარები

ბოლო ამბები