Thumbnail

EA FIFA 19 | პროფესიონალი გეიმერის 5 რჩევა

  • რჩევების გათვალისწინება წარმატების რეცეპტი არ არის, თუმცა გამარჯვების შანსს ნამდვილად ზრდის
  • აკიმა 'Fully' ბაირონი FIFA 19-ის პროფესიონალია, რომლის ინსტრუქციაც აუცილებლად გამოგადგებათ

ხშირად საუბრობენ იმ მარტივ რჩევებზე, რომლებიც სათამაშო უნარების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. რეალობაში ინსტრუქციის გათვალისწინება ყოველთვის წარმატების მომტანი არ არის, რადგან თავად რჩევების სრულყოფილად გააზრებას და შესრულებას, თამაშისას მიღებული გამოცდილებაც სჭირდება. ამ მხრივ, არც FIFA 19-ია გამონაკლისი, რადგან EA-ს სიმულატორს სიღრმის არაერთი შრე გააჩნია. მიუხედავად ამისა, გამოცდილი პროფესიონალის მიერ შემოთავაზებული მოსაზრებები კარგ საბაზო ცოდნას იძლევა და თუკი მიღებული ინფორმაციის თამაშისას გამოყენებას რეგულარულად ეცდებით, თქვენი მოგების პროცენტი აუცილებლად აიწევს. ამჯერად, Dreamteamfc.com-ის ექსპერტ აკიმა 'Fully' ბაირონის რჩევებს გთავაზობთ.

მართეთ თამაში

უნდა გააცნობიეროთ, რომ ვირტუალური მატჩებისას არის მომენტები, როდესაც თამაშის სადავეები ხელიდან გაგირბით. პირველი ნაბიჯი ასეთი ეპიზოდების იდენტიფიცირებაა. ხანდახან გრძნობთ, რომ ყველაფერს აკონტროლებს, თუმცა რამდენიმე წუთში ყველაფერი ირევა - ჯერ თქვენ უტევთ, შემდეგ მეტოქე და ორივე კართან სახიფათო ეპიზოდები იქმნება.

ასეთ ვითარებაში, ინიციატივა ხელში უნდა აიღოთ და შეეცადოთ, რომ თამაშის ტემპი დააგდოთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენც იმდენივე შანსი გაქვთ გოლის გატანის, რამდენიც მეტოქეს და შესაბამისად ბოლომდე გარისკოთ, მაგრამ ამ მახეში არ უნდა გაებეთ. საჩქარო არაფერია, დააგდეთ თამაშის ტემპი და ინიციატივას სწორედ თქვენ დაეუფლებით.

ეცადეთ თამაშზე კონტროლი მთელი მატჩის მანძილზე შეინარჩუნოთ

უნარების განსავითარებელი თამაშები (Skill Games)

FIFA 19-ს ერთი ძალიან კარგი რეჟიმი აქვს - უნარების განსავითარებელი თამაშები (Skill Games). იმისთვის, რომ კონკრეტულ კომპონენტს, მაგალითად კარში დარტყმას იდეალურად დაეუფლოთ, 'Skill Games' უნდა შეიყვაროთ. 

საბედნიეროდ, სიმულატორი კარში დარტყმის უამრავ ვარიაციას გვთავაზობს - ზუსტი, ძლიერი, დაბალი, თავზე გადაგდება, თავით დარტყმა და ა.შ. თითოეული მათგანის კარგად შესრულებას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება სწორედ 'Skill Games'-ია. იქამდე უნდა ივარჯიშოთ, სანამ თქვენს კუნთებს იდეალურად არ დაამახსოვრდებათ ის მოძრაობები, რომლებიც წარმატების მომტანია და გოლის გატანით სრულდება.

რა თქმა უნდა, ამ უნარების თამაშის პროცესში გამომუშავებაც შეიძლება, მაგრამ ეს ძალიან არაპრაქტიკულია, რადგან გოლს და აცილებულ ბურთს, ერთმანეთისგან წამის მეასედები აშორებს.

ივარჯიშეთ და აუცილებლად გამოგივათ

სტანდარტული მდგომარეობები

მეტოქის საჯარიმოსთან შექმნილი სტანდარტული მდგომარეობები გოლის გატანის შესანიშნავი საშუალებაა, ამიტომ მუდამ უნდა ეცადოთ, რომ თითოეული მათგანისგან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ და შეტევის გაგრძელების მუდამ ერთი ხერხი არ გამოიყენოთ.

თუკი მეტოქე თქვენზე დაჯარიმდა, მაგრამ ატყობთ, რომ არსებული პოზიციიდან კარში დარტყმის შედეგად გოლის გატანის შანსი მცირეა, არ დაარტყათ. ამის ნაცვლად დააჭირეთ L1/LB-ს (მარცხენა ზედა ღილაკი - PS4/Xbox) და L2/LT-ს (მარცხენა ქვედა ღილაკი/მარცხენა 'თრიგერი' - PS4/Xbox) და ბურთთან სამი მოთამაშე გაჩნდება. შემდეგ კი შეგიძლიათ ეს მოთამაშეები ბურთისკენ გაუშვათ, თუმცა მათ დარტყმა არ შეასრულონ და გადაცემა მიიღონ. როგორც წესი, პირველი მოთამაშე ბურთს უბრალოდ გადაახტება და გაიქცევა, მეორეც იგივეს გაიმეორებს, თუმცა გადაცემას მიიღებს. იმისთვის, რომ თქვენს მიერ შერჩეული მოთამაშე ბურთს გადაახტეს, უბრალოდ ცრუ დარტყმა (B+A/O+X - PS4/Xbox) უნდა შეასრულოთ, შემდეგ კი კარგად დაუმიზნოთ და გადაცემა გააკეთოთ. შეტევის განვითარების სხვადასხვა ვარიაციების გამოყენების შემთხვევაში, მისი შედეგიანად დასრულების უკეთესი შანსი გექნებათ.

სტანდარტული მდგომარეობების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია

უყურეთ თქვენს თამაშებს

ეს ალბათ ის საუკეთესო რჩევაა, რომლის გაკეთებაც არავის სურს. უბრალოდ უნდა დაჯდეთ და თავიდან ნახოთ თამაშები, რათა უკეთ გააანალიზოთ, თუ რატომ ვერ გაიტანეთ გოლი, ან პირიქით, რატომ გაუშვით. იფიქრეთ იმაზე, რისი გაკეთება შეგეძლოთ სხვანაირად და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.

შეიძლება მცველი ზედმეტად წინ ამოიყვანეთ და ზურგს უკან სივრცე დატოვეთ, ან მეკარეს კარი დროულად არ დაატოვებინეთ - შეცდომის დაშვების უამრავი შესაძლებლობა არსებობს, თქვენ კი ისინი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.

საკუთარი თამაშების ხელახლა ნახვა შეცდომების გააზრებაში დაგეხმარებათ

წინასწარ აირჩიეთ სათამაშო გეგმა

FIFA 19-ს ახალი ფუნქცია აქვს, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ თამაშის დაწყებამდე შეარჩიოთ რამდენიმე ტაქტიკა და ფორმაცია, შემდეგ კი ისინი სიტუაციის შესაბამისად შეცვალოთ. თუკი ატყობთ, რომ წარმატების მიღწევა გიჭირთ, სათამაშო გეგმის შეცვლა შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს. 

აუცილებლად დააკვირდით დინამიურ ტაქტიკასაც (Dynamic Tactics). იმ შემთხევაში, თუ თქვენს მეტოქეს პრესინგზე აქვს აქცენტი გაკეთებული, გრძელი გადაცემების ტაქტიკა აირჩიეთ და მეტოქის ნახევარზე უფრო მარტივად გადახვალთ.

სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით მარტივი დეტალები განასხვავებს პროფესიონალს უბრალო მოყვარულისგან.

FIFA 19-ში სათამაშო ტაქტიკის შეცვლა ძალიან მარტივია

კომენტარები

ბოლო ამბები