Thumbnail

Sports Nippon: წაგების შემდეგ ტოჩინოშინმა ჯავრი კედელზე იყარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის რეაქცია წაგების შემდეგ
  • 12-დან 7 უნდა მოიგოს
ტოჩინოშინი V ჰოკუტოფუჯი

ჰარუ ბაშოს III დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის რანგში დებიუტანტ ჰოკუტოფუჯისთან დამარცხდა და მას 1-2 ბალანსი აქვს. ქართველ სუმოისტს ჩემპიონის რანგის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდება ბაშოზე 15-დან 8 ორთაბრძოლის მოგება.

რაც ყველაზე სამწუხაროა, ბრძოლების მიხედვით კარგად ჩანს, რომ ტრავმამოშუშებული ტოჩინოშინი არ არის საუკეთესო ფორმაში - მისი მძლავრი დაჯახება სადღაც გაქრა, დოჰიოზე ის ინიციატივას ვერ იჩენს და მუდამ თავდაცვის რეჟიმშია. 

Sports Nippon-ის ინფორმაციით, წაგების შემდეგ ქართველ რიკიშის მწვავე რეაქცია ჰქონდა - გასახდელში შესვლამდე კედელს ურტყა ხელები. "ადამიანი-ამწე საკუთარი თავის აჩრდილია და ეს გრძელდება გასული წლის ნაგოია ბაშოზე მიღებული ტრავმის შემდეგ", - წერს გამოცემა.  

"არ ვიცი, რა იქნება. პირველ რიგში უნდა დავწყნარდე. სხვა მხრივ, კი, ალბათ, ის გამეორდება, რაც იანვარში მოხდა", - განაცხადა მან. 

ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინი ნიშიკიგის ეჭიდავება, რომელსაც იანვრის ბაშოს მე-2 დღეს შეხვდა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. 

თუ 8-ს ვერ მოიგებს...

იმედია, ქართველი სუმოისტი შეძლებს ამ რთული მისიის შესრულებას და დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7-ის მოგებას. ასეთ შემთხვევაში ის ოძეკის რანგში ჭიდაობას გაინაღდებს მაისისა და ივლისის ბაშოებზე. 

მაგრამ თუ ასე ვერ მოხდა, წესების მიხედვით, ასეა: თუ სუმოისტი ოძეკის ტიტულს დაკარგავს, მას მომდევნო ბაშოზე შეუძლია მისი დაბრუნება, თუკი მინიმუმ 10 ორთაბრძოლას მოიგებს. ტიტულის დაბრუნება ამის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ უკვე სულ სხვა, გაცილებით რთული პირობებით. 

კომენტარები

ბოლო ამბები