Thumbnail

'ჯერ ნაკრები და შემდეგ საკლუბო კარიერა' - ინტერვიუ ოლივერ ობოლგოგიანთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში სათამაშოდ ემზადება
  • მატჩები 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მექსიკაში გაიმართება

საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში სათამაშოდ ემზადება. მატჩები 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მექსიკაში გაიმართება, საქართველოს ნაკრებს კი ჩრდ. კორეასთან, მექსიკასთან, ახალ ზელანდიასთან, ისლანდიასთან და ისრაელთან მოუწევს დაპირისპირება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოლივერ ობოლგოგიანია, რომელიც ფინეთის მესამე დივიზიონის გუნდ იტა-ჰელსინგინში ასპარეზობს. ობოლგოგიანმა საკლუბო კარიერასა და ეროვნული ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე popsport.com-ის კითხვებს უპასუხა...

popsport: როგორ ვითარდება თქვენი კარიერა ფინეთში?

ობოლგოგიანი: ფინეთის მესამე დივიზიონის გუნდში ვთამაშობ და გასული სეზონისგან განსხვავებით, გაცილებით ადვილია კარგ ფორმაში ყოფნა. შარშან არ მქონდა ასეთ დონეზე თამაშის საშუალება. ვიპოვე გუნდი, რომელიც ჩემ სახლთან ახლოა და ამ გარემოებით ძალიან კმაყოფილი ვარ. კვირაში ორი თამაში გვაქვს, პლუს ვარჯიშები და ეს საკმარისია იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ვიყო. თუმცა, გუნდი არ არის ძლიერი და მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის. შესაბამისად, მომიწევს დაფიქრება მომავალთან დაკავშირებით. ჯერ არ ვიცი, დავრჩები ამ გუნდში თუ სხვაგან გავაგრძელებ კარიერას.

popsport: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხარ და თუ არის დაინტერესება სხვა კლუბებისგან?

ობოლგოგიანი: ვფიქრობ, რომ მექნება შანსი მეორე დივიზიონის გუნდში გადავიდე, თუმცა ამ საკითხზე კარგად დაფიქრებაა საჭირო. იტა-ჰელსინგინში სასტარტო შემადგენლობაში ვარ და სათამაშო დრო არ მაკლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აპრილში საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში ვიასპარეზებს და საკლუბო კარიერასთან დაკავშირებით შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

ოლივერ ობოლგოგიანი ფინეთის მესამე დივიზიონის გუნდში ასპარეზობს

popsport: ანუ, მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებს დაეხმარებით და ამ მხროვ, კითხვის ნიშნები არ არის...

ობოლგოგიანი: რა თქმა უნდა, ვითამაშებ. არც გადავიდოდი ისეთ გუნდში, რომელიც ჩემს ნაკრებში გამოშვებაზე უარს იტყოდა. საქართველოს ეროვნული გუნდი ჩემთვის პრიორიტეტია. ჯერ ნაკრები და შემდეგ საკლუბო კარიერა. ასე რომ, არავითარი პრობლემა არ იქნება.

popsport: გასულ წელს, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და B დივიზიონის საგზური მოიპოვა. რა ვითარებაა დღეს გუნდში და ახალი მოთამაშეებით თუ იგეგმება ნაკრების გაძლიერება?

ობოლგოგიანი: ჩემი ინფორმაციით, გუნდის ძირითადი ბირთვი იგივე იქნება და შესაძლოა ერთი, ან ორი მოთამაშე დაგვემატოს. ზოგადად, სელექცია მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და ფედერაციის წარმომადგენლები ეძებენ ჰოკეისტებს, რომლებსაც ქართული წარმომავლობა აქვთ. ასევე, აუცილებელია, რომ საქართველოში განვითარდეს საკლუბო და ბავშვთა ჰოკეი, რომ საერთო დონე ამაღლდეს და ეროვნულ ნაკრებში მეტი არჩევანი იყოს.

popsport: საქართველოს ნაკრებს წინ 5 მძიმე მატჩი ელოდება. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ქართული ჰოკეის გულშემატკივრებს?

ობოლგოგიანი: რთულია წინასწარ საუბარი, რადგან არც ერთი ჩვენი მეტოქის თამაში საკუთარი თვალით არ მინახავს. მხოლოდ ვიდეოები ვნახე, მაგრამ ასე რეალურ წარმოდგენას ვერ შეიქმნი. იმის მიხედვით, რაც ვნახე, კარგ შემთხვევაში მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ბრინჯაოს მედლები მოვიპოვოთ, ცუდ შემთხვევაში კი ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, რომ დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ. 

ოლივერ ობოლგოგიანისთვის საქართველოს ნაკრები პრიორიტეტია

popsport: ანუ, რეალისტები უნდა ვიყოთ და ამ ეტაპზე, B დივიზიონის მოგებაზე და კიდევ უფრო აღზევებაზე არ უნდა ვიფიქროთ...

ობოლგოგიანი: თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, C დივიზიონიდან აღზევებული გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა, B დივიზიონის კონკურენციას ვერ უძლებს და ისევ ქვეითდება. შესაბამისად, პირველივე წელს პირდაპირ დივიზიონის მოგების იმედი ვერ გვექნება და მიზნად ორი მატჩის მოგება უნდა დავისახოთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ B დივიზიონში დავრჩეთ, რადგან მხოლოდ ერთი გუნდი, ჯგუფის აუტსაიდერი დაქვეითდება.  

popsport: ბოლო შეკითხვა. რა მიზნები გაქვს დასახული კარიერაში როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე?

ობოლგოგიანი: პირველ რიგში, დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს ნაკრებში კიდევ ბევრი წელი ვითამაშებ და ეს რომ ასე მოხდეს, ამისთვის საკლუბო დონეზე თამაში და განვითარებაა საჭირო. ამ ეტაპზე, მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონზე ვარ კონცენტრირებული, შემდეგ იმასაც გადავწყვეტ თუ მომავალ სეზონში რომელ გუნდში ვითამაშო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები