Thumbnail
  • დეტროიტის 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა
  • პისტონსის ბრუკლინთან 28-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
  • ზაზა ფაჩულიამ თითქმის 8 წუთი ითამაშა

სამმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაც ტრავმით იყო გამოწვეული, ზაზა ფაჩულია დაბრუნდა. დეტროიტის 35 წლის ქართველმა ცენტრმა ბრუკლინთან 7:46 წუთი ითამაშა (2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი), მაგრამ პისტონსმა ეს თამაში 28-ქულიანი სხვაობით, 75:103 წააგო. ამით, დეტროიტმა ზედიზედ 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა!

ნეტსთან მატჩი პისტონსისთვის უაღრესად პრინციპული იყო, რადგან ბრუკლინი პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში დეტროიტის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია. ამ მატჩის შემდეგ, ნეტსმა პისტონსს გადაასწრო - ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ახლა 34 მოგებითა და 32 მარცხით მე-7 ადგილზეა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სპენსერ დინვიდი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. ბრუკლინიდან ასევე კარგად ითამაშა ალენ კრებმა - 14 ქულითა და 10 მოხსნით მან ორმაგი დუბლი შეასრულა. დეტროიტიდან კი საუკეთესო შედეგი ამჯერად არა ბლეიკ გრიფინს (10 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი), არამედ ანდრე დრამონდს ჰქონდა - მან 13 ქულა და 20 მოხსნა გააკეთა (ორმაგი დუბლი).

დეტროიტს მომდევნო დუელიც უპრინციპულეს მეტოქესთან ექნება - ფაჩულიას გუნდი 14 მარტს მაიამის დაუპირისპირდება, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.

📺 ვიდეო: ბრუკლინი 103:75 დეტროიტი

კომენტარები

ბოლო ამბები