Thumbnail

დღეს მადრიდის რეალში დიდი დაბრუნება მოხდა - მას მერე, რაც "სამეფო კლუბიდან" წავიდა, ზინედინ ზიდანი 9 თვის განმავლობაში ისვენებდა, მაგრამ რეალს საქმეები ცუდად წაუვიდა და ისიც დაბრუნდა.

ზინედინმა რეალთან 2022 წლის ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით უეფას ოფიციალურმა საიტმა გაიხსენა ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ფინალი. 

კარდიფის "მილენიუმზე" რეალი ფინალში ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდა. კრიშტიანო რონალდოს გოლს მარიო მანჯუკიჩმა უპასუხა და ტაიმი 1:1 მორჩა, თუმცა მეორე ტაიმში სულ სხვა რეალი ვიხილეთ, რომელმაც სამი უპასუხო გოლი გაუტანა იტალიურ გუნდს და ლიგის ჩემპიონი გახდა. 

უეფამ გაიხსენა, ზინედინ ზიდანის სიტყვა, რომელიც მან შესვენებაზე რეალის ფეხბურთელებს გასახდელში უთხრა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

რეალმა იუვენტუსი 4:1 დაამარცხა

ზიდანის სიტყვა გასახდელში 

⚽ "მხოლოდ ორი რამ - ეს ფინალია. ჩვენ ვიცით, რომ მათაც ძალიან უჭირთ. 

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყოთ აგრესიულები დაცვაში. არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც ყვითელი ბარათები მივიღოთ.

თქვენ უბრალოდ უნდა დააფიქსიროთ, რომ აქ ხართ. ცოტა მეტი აგრესია ყველა ასპექტში, მეტი სიმჭიდროვე...

ჩვენ გვმართებს უფრო აგრესიულები ვიყოთ უბურთოდ თამაშისას. 

ისინი 4-4-2-ს თამაშობენ, სადაც ალვეში და მანჯუკიჩი წინ არიან "აწეულები".
როგორმე უნდა ვაიძულოთ ისინი, უკან დაიხიონ. როცა 4-4-2-ით თავს ვიცავთ, ისკო, შენ უფრო აგრესიული უნდა გახდე მარცხენა ფრთაზე.

და როცა ბურთი გექნებათ, ხაზებს შორის სივრცეები აღმოაჩინეთ. 

როცა ბურთი გვაქვს უნდა ვიყოთ მშვიდად, ბურთი მალე გავიტანოთ ფლანგებზე.

მარსელომ და კარვახალმა ცოტა წინ უნდა "აიწიონ".

როცა ბურთი ჩვენ გვაქვს, საჭიროა, ისინი უკან ღრმად დავხიოთ. დანი და მარსელო ძალიან საჭიროები არიან წინ.

ლუკა უნდა გაიჭრეს წინ ხშირად, ისევე, როგორც ისკო. როცა თამაშის ტემპს ვცვლით, მოწინააღმდეგის ხაზები უნდა დავანგრიოთ.

კრიშტიანო უნდა მიაწვეს მათ, ქარიმი აიყოლიოს, ხშირად ცვალონ პოზიციები. ისე, როგორც ვარჯიშებზე ვაკეთებდით ამ კვირაში.

თუ ამას გავაკეთებთ, გოლები აუცილებლად იქნება. უნდა ვითამაშოთ ფლანგებით ცენტრის გავლით და აუცილებლად გავიტანთ.

ორი რამ არის საჭირო - ბურთის ფლანგებზე გატანა და ტემპის მომატება.

მხოლოდ ცენტრით არ უნდა ვითამაშოთ, ფლანგები უნდა ვცვალოთ. 

დაცვაში უფრო მჭიდროდ უნდა დავუდგეთ მეტოქეს და ბევრი ვიმუშაოთ.

ჩვენ აუცილებლად გაგვიჭირდება - ეს ხომ ფინალია! მაგრამ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გოლს კიდევ გავიტანთ. გასაგებია?" 

კომენტარები

ბოლო ამბები