Thumbnail
  • 📅 13 მარტი | ⌚ 00:00 | ⚽ იუვენტუსი V ატლეტიკო | 📺 SILK UNIVERSAL
  • მადრიდში 0:2-ის შემდეგ, იუვენტუსის შანსი მინიმუმამდეა შემცირებული
  • თუმცა ტურინელები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ და CR7-ის იმედი აქვთ

იუვენტუსს ბევრი ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტად მოიაზრებდა, ახლა კი მხოლოდ ტურინული გრანდის ქომაგებს თუ სჯერათ, რომ კრიშტიანო რონალდო და კომპანია თუნდაც მეოთხედფინალში გავლენ. იუვეს ატლეტიკოს სახით პლეი ოფის პირველივე ეტაპზე ურთულესი მეტოქე შეხვდა, მადრიდში 0:2 წაგებამ კი ტურინული კლუბის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მინიმუმამდე შეამცირა. იუვეს, რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ ატლეტიკოს 3:0 ან 4:1 მოუგოს, მაგრამ ასეთ დროს? ანუ, იმ დროს, როცა 3:0 აუცილებლად სჭირდება? დიეგო სიმეონეს გუნდის კარში გოლების გატანა ხომ ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა.

პარასკევს, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თითქმის მთელი პირველი გუნდი დაასვენა და უდინეზეს მაინც ადვილად, 4:1 მოუგო. იუვეს დღეს ალექს სანდრო არ ეყოლება - მარცხენა მცველი დისკვალიფიცირებულია. ტრავმა აქვს სამი ხედირასაც, თუმცა ეს დიდი ხნის ამბავია. შესაძლოა, მოედანზე გასვლა შეძლოს დუგლას კოშტამ, რაც იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.

იტალიური სპორტული მედია წერს, ალექს სანდროს არყოფნის გამო, ალეგრიმ, შესაძლოა, 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩიოს. ასეთ შემთხვევაში, ჟოაო კანსელოს დიდი ალბათობით გარემარბის პოზიციაზე ვიხილავთ, პაულო დილაბა კი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება. თუ ალეგრი 4-3-1-2 სქემას აირჩევს, დაცვის მარცხენა ფლანგზე მატია დე შილიო უნდა ათამაშოს.

პაულო დიბალა და მასიმილიანო ალეგრი - ტურინელებს მინიმუმ 3 გოლი სჭირდებათ

“რაც უფრო რთულია, მით უფრო სასიამოვნოა წარმატების მიღწევა!” - განაცხადა ალეგრიმ მატჩის წინ. ტურინელები შარშანაც წარმოუდგენელი ამოცანის წინაშე იდგნენ, როცა მეოთხედფინალის პირველი დუელი, რეალთან, საკუთარ მოედანზე, 0:3 ჰქონდათ წაგებული, მაგრამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” სასწაულის მოხდენამდე ძალიან ცოტა დააკლდათ - 3:0-ს იგებდნენ და რეალმა ბოლო წუთებზე, პენალტით შეძლო თამაშის გადარჩენა. მაშინ იუვენტუსის იმედები კრიშტიანო რონალდომ დაასამარა, რომელიც ახლა ტურინშია.

“გუნდი თავდაჯერებულია, ყველას გვჯერა, რომ დიდ მატჩს ჩავატარებთ. მზად ვართ იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებული საღამო გამოვიდეს,” - განუცხადა CR7-მა Juventus TV-ს.

კრიშტიანო რონალდომ ფანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

პორტუგალიელი აღიარებს, რომ მადრიდში 0:2-ს არ ელოდა: “ასეთ მარცხს ჩვენთან არავინ ელოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. საპასუხო მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და გვინდა, რომ ჩვენს ფანებს კარგი პასუხი გავცეთ. მინდა, გულშემატკივრებს მივმართო: იფიქრეთ პოზიტიურად, ერთად დავიჯეროთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ ჩვენს საქმეს მოედანზე გავაკეთებთ, შევეცდებით გოლების გატანას და თქვენს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს,” - მიმართა 34 წლის რონალდომ იუვეს ტიფოზებს. 

CR7-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთადერთი გოლი აქვს გატანილი. ატლეტიკოსთან სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში იუვენტუსის ფანები ყველაზე მეტს სწორედ მისგან ითხოვენ და ელიან - სწორედ რონალდოს აფეთქებაა იუვეს ბოლო იმედი!

დიეგო სიმეონე ტურინში დიდ ბრძოლას ელის

მადრიდელები, რა თქმა უნდა, უფრო თავდაჯერებულები არიან. მათ საკუთარ მოედანზე 2:0 აქვთ მოგებული და ტურინში იმ საქმის კეთება მოუწევთ, რაც ყველაზე მეტად უყვართ და ყველაზე კარგად გამოსდით - აგრესიული პრესინგი და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თანაც, ატლეტიკოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია მინიმუმ ერთი გოლის გატანა. დიეგო კოშტას არყოფნა (დისკვალიფიცირებულია) დიეგო სიმეონეს გუნდისთვის, რა თქმა უნდა, დანაკლისია, მაგრამ მას ალვარო მორატაც ჰყავს - ექს-იუვენტინო, რომელიც ფორმაშია.

“მოედანზე რომ გავალთ, მზად უნდა ვიყოთ დიდი ომისთვის!” - ეს მორატას სიტყვებია.

სიმეონემ ლეგანესთან (1:0) ძალები დაზოგა: “ეს ნორმალურია, რადგან იუვენტუსთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ მატჩში ჩვენ ძალიან მაგრად ვითამაშეთ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ტურინში დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს - ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც წარმოუდგენლად მაგარი ფეხბურთელები ჰყავს,” - განაცხადა არგენტინელმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ ემუქრება ესპანურ კლუბთან წარუმატებლობა. შარშან და შარშანწინ, იტალიური გრანდის ‘ბოლო გაჩერება’ მადრიდის რეალი იყო.

⚽ იუვენტუსი და ატლეტიკო ბოლო 5 წელიწადში ორჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ატლეტიკომ ორივე ფინალი რეალ მადრიდთან წააგო (2014 & 2016), იუვემ კი - ჯერ ბარსელონასთან (2015), მერე კი რეალთან (2017).

⚽ შთამბეჭდავია იუვენტუსის სტატისტიკა ისეთ 2-რაუნდიან დუელებში, სადაც ტურინელებმა პირველი მატჩი სტუმრად გამართეს: ბოლო 4 ასეთი ორრაუნდიანი დუელიდან, 3 შემთხვევაში იუვე მომდევნო ეტაპზე გავიდა.

⚽ იუვენტუსის ბალანსი ესპანურ კლუბებთან პლეი ოფში: 9 მოგება, 7 წაგება.

⚽ იუვენტუსმა ტიტული 1985 და 1996 წლებში მოიგო, სულ კი ფინალში 9-ჯერ იყო. სხვათა შორის, 7 წაგებული ფინალი რეკორდია! აქედან, იუვემ ბოლოს 5 ფინალი ზედიზედ წააგო.

⚽ სტუმრად წაგების შემდეგ, იუვენტუსი უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე, 32 შემთხვევიდან 14-ში მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. 

⚽ ისტორიას სულ ხუთი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როცა იუვემ პლეი ოფში პირველი მატჩი სტუმრად 0:2 წააგო და ტურინული გრანდი ხუთივეჯერ გავარდა.

⚽ დიეგო სიმეონეს გუნდი ბოლო 6 სეზონში მეხუთედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. შარშან, ატლეტიკომ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა (მე-3 ადგილი), მაგრამ მერე ევროპალიგა მოიგო.

⚽ ატლეტიკოს მერვედფინალის ბოლო 5 ორრაუნდიანი დუელიდან 4 მოგებული აქვს.

⚽ 7 წელია, მადრიდის ატლეტიკო იტალიურ კლუბთან სტუმრად არ დამარცხებულა.

⚽ ატლეტიკოს ბალანსი იტალიურ კლუბებთან პლეი ოფში: 4 მოგება, 4 წაგება.

⚽ ატლეტიკომ ევროტურნირებზე ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო.

⚽ უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე ატლეტიკომ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 37-ჯერ მოიგო და ამის შემდეგ 30-ჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - ჟოაო კანსელო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო - ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა - კრიშტიანო რონალდო, მანჯუკიჩი.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი - საულ ნიგესი, კოკე, როდრი ერნანდესი, ლემარი - გრიზმანი, მორატა.

კომენტარები

ბოლო ამბები