Thumbnail
  • ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი კორეულ გუნდში გადავიდა
  • უკრაინელ თავდამსხმელს გორის დილასთან პრობლემები შეექმნა
  • დილას წარმომადგენელი ფეხბურთელის ბრალდებებს ვრცლად პასუხობს 

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში წარმატებით იასპარეზა გორის დილას უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა. მან 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩა: ბუდუ ზივზივაძეს და გიორგი გაბედავას, რომლებმაც 22-22 გოლი გაიტანეს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, კოვტალიუკმა გორი დატოვა და სამხრეთ კორეის რანგით მეორე დივიზიონის გუნდ ანიანიში ჩაირიცხა. როგორც აღმოჩნდა, უკრაინელ ფორვარდს ქართულ კლუბთან კონფლიქტი აქვს. popsport.com ორივე მხარეს ესაუბრა. ჯერ თავად ფეხბურთელს მოვუსმინოთ, ხოლო შემდეგ გორის დილას აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს... 

მიკოლა კოვტალიუკი (დილას ყოფილი ფეხბურთელი)
"გორის დილადან სამხრეთ კორეულ გუნდში გაავედი. კლუბებმა სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს და კორეელებმა ეს თანხა გადაიხადეს. შესაბამისად, დილას უნდა გამოეგზავნა გათავისუფლების ფურცელი, რადგან მე შევძლო ახალ კლუბში რეგისტრაცია და თამაშებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

უკრაინელმა ეროვნული ლიგის შარშანდელ სეზონში 21 გოლი გაიტანა
📸 - ეროვნული ლიგა

საქმე იმაშია, რომ დილას ჩემთვის სახელფასო დავალიანება აქვს. ასაღები მაქვს ბუნუსებიც. გორელებმა შემომითვალეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მომცემენ კორეულ გუნდში თამაშის საშუალებას, თუ წერილობით დავადასტურებ, რომ მათ მიმართ პრეტენზია არ მაქვს და შესაბამისად, კუთვნილ თანხასაც არ ვითხოვ. ამასობაში, კორეელები გაოცებულნი არიან და ფიქრობენ, რომ ისინი მოატყუეს, რადგან ფული გადაიხადეს და ფეხბურთელს ვერ არეგისტრირებენ. სამწუხაროდ, თანხის ოდენობას ვერ ვაკონკრეტებ.

გარდა იმისა, რომ დილა ითხოვს კუთვნილ ფულზე უარი ვთქვა, აქეთ მედავებიან და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ჯარიმის გადახდას მთხოვენ. ანუ, კორეულ გუნდში აღებული ხელფასის გადახდას მთხოვენ. ვცდილობ გავარკვიო რა უნდათ და რის გამო მაჯარიმებენ, მაგრამ დილას წარმომადგენლები ჩემთან კავშირზე არ გამოდიან. ვცდილობ დავუკავშირდე შესაბამის პირებს, მათ შორის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს, მაგრამ ჩემი ნომერი ბლოკირებული აქვთ.

ვაპირებ თუ არა სამართლებრივ დავას? - პროცესი შესაძლოა თვეები გაიწელოს და მე თუ თამაშის საშუალება არ მექნება, კორეელები კონტრაქტს გამიწყვეტენ. ისევ მე დავზარალდები და სწორედ ამ გარემოებით უნდათ დილას წარმომადგენლებს სარგებლობა. უახლოეს დღეებში მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას".

დავინტერესდით გორის დილას პოზიციით და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს დავუკავშირდით, რომელიც ახსენა კიდეც ჩვენთან საუბარში მიკოლა კოვტალიუკმა. გიორგი ჯოხაძემ აღნიშნულ თემაზე ვრცლად ისაუბრა…

გიორგი ჯოხაძე (დილას აღმასრულებელი დირექტორი)
"მიკოლა კოვტალიუკს დილასთან აკავშირებდა კონტრაქტი, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ფეხბურთელმა წასვლა მოისურვა და ჯერ კონტრაქტისგან გათავისუფლება სცადა, შემდეგ კი გამოსასყიდი თანხის შემცირება მოითხოვა, თავიდან წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა შემდეგ ვიფიქრეთ, რომ თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, ძალით ვერ დავაკავებდით და წავედით კომპრომისზე. თუ გამოჩნდებოდა მსურველი და 50 000 დოლარს გადაიხდიდა, მას ხელს არ შევუშლიდით.

ჯოხაძისთვის კოვტალიუკის პრეტენზიები გაუგებარია 

თუმცა, სანამ ასეთი კლუბი გამოჩნდებოდა, კოვტალიუკს დილასთან კონტრაქტი აკავშირებდა და შესაბამისად, გუნდთან ერთად უნდა ევარჯიშა. თუმცა, სეზონის დასრულების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა გუნდთან ერთად. ამ პერიოდში ის წავიდა უკრაინაში და იქიდან ითხოვდა კონტრაქტისგან გათავისუფლებას. იმუქრებოდა ფიფაში ჩივილით და სკანდალის აგორებით. ბუნებრივია, ამ პერიოდში არ ვუხდიდით ხელფასს, რადგან არ ვარჯიშობდა და არ ასრულებდა სამუშაოს. პირიქით, ასეთ დროს ფეხბურთელს საჯარიმო სანქციები ეკისრება და ეს ვაცნობეთ კიდეც 1 თებერვალს წერილობითი ფორმით. ვაცნობეთ, რომ თითოეულ გაცდენილ ვარჯიშზე მას დაეკისრებოდა 300 დოლარი ჯარიმის სახით.

სწორედ ამის შემდეგ იპოვნა კოვტალიუკმა კორეული კლუბი და შევთანხმდით ბევრად ნაკლებ თანხაზე, ვიდრე კონტრაქტში იყო გათვალისწინებული. თანხა კონფიდენციალურია და ვერ დავასახელებ. შედგა წინასწარი შეთანხმება და ამის შემდეგ, 21 თებერვალს მიკოლა კოვტალიუკისგან მომდის მოულოდნელი მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც წერია რომ მას არ მოსწონს კორეული გუნდი და გორის დილაში უნდა დაბრუნება. იმ დროს, ბრაზილიელი თავდამსხმელი უნდა ჩამოგვეყვანა, თვითმფრინავის ბილეთებიც კი გვქონდა აღებული და ჩავშალეთ ეს ტრანსფერი, რადგან მიკოლამ მოისურვა დაბრუნება. ჩამოვიდა კიდეც და საქართველოს სუპერთასის მატჩს დაესწრო, რომელიც გორში გაიმართა. გვითხრა რომ რჩებოდა დილაში და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ორი ვარჯიში გამართა და მოულოდნელად, ისევ წავიდა კორეაში.

ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ შევუთანხმდით კორეულ კლუბს. არც ტრანსფერის დასტურია ჩვენგან პრობლემა. უბრალოდ, 8 მარტს დაემთხვა მათი მოთხოვნა და ამ პროცესმა რამდენიმე დღით გადაწია. თვითონ კოვტალიუკს ხელი აქვს მოწერილი, რომ ჩვენგან არ ითხოვს ხელფასის ანაზღაურებას და გაუგებარია, რას გვედავება. რეალურად, ითხოვს იმ ხელფასს, რომელიც არ ეკუთვნის, რადგან ორი თვე არ უვარჯიშია. აქვე ვიტყვი, რომ ჯარიმა, რომელიც მას ვარჯიშების გაცდენის გამო დაეკისრა, სამჯერ აღემატება მის ასაღებ ხელფასს". 

კომენტარები

ბოლო ამბები