Thumbnail
  • ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პენსიაზე გასვლის შესახებ 67 წლის ასაკში გამოაცხადა
  • სპეციალისტმა ცოლისთვის მიცემული პირობა დიდი ხნის დაგვიანებით შეასრულა
  • თავის დროზე ლუისი სამწვრთნელო კარიერის დაწყებაში შოთა არველაძეს დაეხმარა 

ცნობილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გამოაცხადა, რომ კარიერა დაასრულა და ეს ოჯახური მიზეზით ახსნა. სპეციალისტი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, რომელსაც 2016 წლის გაზაფხულზე დაშორდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია.

"ჩემმა ცოლმა ჩემ გამო მუშაობას თავი 22 წლის წინ დაანება, რათა გვერდით მყოლოდა. დავპირდი, რომ 55 წლიდან პენსიაზე მეც გავიდოდი, მაგრამ ახლა 65-ზე მეტის ვარ. ასე დაუსრულებლად ვეღარ გაგრძელდებოდა. ლუი ვან გაალთან ერთად ცხოვრების უფლება ჩემს ცოლსაც აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ის ახლა ძალიან ბედნიერია", - აქვეყნებს სპეციალისტის სიტყვებს AS.

შოთა არველაძე ვან გაალის გუნდში ჯერ ფეხბურთელი იყო, შემდეგ -  თანაშემწე

67 წლის ვან გაალი თავისი კარიერის განმავლობაში წვრთნიდა ისეთ კლუბებს, როგორიც არის: აიაქსი, ბარსელონა, AZ-ი, ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი. მწვრთნელმა აიაქსთან ერთად სამჯერ ერედივიზიე, თითოჯერ კი უეფას თასი (1991/92) და ჩემპიონთა ლიგა (1994/95) მოიგო. ბარსელონასთან ერთად ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, თითოჯერ - ბაიერნსა და ალკმაარში, შესაბამისად, გერმანიასა და ჰოლანდიაში.

აღსანიშნავია, რომ ლუის ვან გაალის გაწვრთნილ AZ-ში შოთა არველაძე ჯერ ფეხბურთელი იყო (2005-07 წლებში), შემდეგ კი - მისი თანაშემწე (2008-10 წლებში).

გარდა ამისა, სპეციალისტი ორჯერ სათავეში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ედგა, რომელთან ერთადაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები