Thumbnail

მუჯარიძის რეკორდი - ქართველმა მძლეოსანმა ევროპის თასი მოიგო

  • 9-10 მარტს სლოვაკეთში ევროპის თასი გაიმართა
  • 23-წლამდელთა შორის იმარჯვა ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ

9-10 მარტს სლოვაკეთის ქალაქ შამორინში მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირი European Throwing Cup (ევროპის თასი ტყორცნებში) გაიმართა, სადაც სამმა ქართველმა მძლეოსანმა იასპარეზა: ნინო წიქვაძე (უროს ტყორცნა), თემურ აბულაშვილი (ბადროს ტყორცნა) და გიორგი მუჯარიძე (ბირთვის ტყორცნა). 

23-წლამდელთა კატეგორიაში დიდ წარმატებას მიაღწია გიორგი მუჯარიძემ, რომელმაც ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ქართული მედალი მოიპოვა - მუჯარიძემ ყველას აჯობა 20.27 მეტრი შედეგით. 20 წლის ათლეტმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში ამ სროლით ევროპის თასის რეკორდი დაამყარა! 

გიორგიმ რეკორდული შედეგი მე-6 ცდაზე აჩვენა, თუმცა ტურნირის განმავლობაში ის მან ჯამში სამჯერ დაამხო. მუჯარიძემ საკუთარი პირადი მაჩვენებელი 11 სანტიმეტრით გააუმჯობესა. გიორგიმ ერთი კვირის წინათ, გლაზგოში ევროპის ჩემპიონატზე (დახურულ მანეჟში) ვერ შეძლო ფინალში შესვლა, ამჯერად კი საუკეთესო იყო. გლაზგოში ქართველმა მძლეოსანმა ბირთვი 19.46 მეტრზე ისროლა და 18 მონაწილეს შორის მე-16 ადგილზე გავიდა. 

შამორინში თემურ აბულაშვილი დისციპლინაში მე-6 ადგილზე გავიდა (B ჯგუფში), ხოლო ნინო წიქვაძე - მე-12-ზე. 

🔥‼დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩემპიონატზე "ევროპის თასი ტყორცნებში", პირველი ოქროს მედალი მძლეოსნობაში ბირთვის კვრა - გიორგი მუჯარიძე ‼🔥🙌🙌🙌 👉9-10 მარტს გამართულ შეჯიბრებაში „ევროპის თასი ტყორცნები“ ქ. შამორინი (სლოვაკეთი)🇸🇰, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი მუჯარიძემ 🥇პირველი ადგილი დაიკავა ბირთვის კვრაში (23 წლამდე). გიორგის საბოლოო შედეგი 20.27მ. იყო, რომლითაც მან ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში.🙌🙌🥇 ვულოცავთ გიორგის, მის მწვრთნელ დავით მანთიძეს, მთელ საქართველოს, მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციასა და ქართველ გულშემატკივრებს ასეთ დიდ წარმატებას.🙌🙌👏👏👏‼ #მძლეოსნობა #europeanthrowingcup2019

Posted by საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია / Georgian Athletics Federation on კვირა, 10 მარტი, 2019

რა არის ევროპის თასი ტყორცნებში

European Throwing Cup მე-17-ედ გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობენ დისკოს, უროს, ბირთვისა და შუბის მტყორცნელები. 

პირველად ტურნირი ნიცაში 2001 წელს European Winter Throwing Challenge სახელით ჩატარდა, 2005 წლიდან მას ევროპის თასი ეწოდა, 2016 წელს კი ტურნირის დასახელას სიტყვა "ზამთარი" მოცილდა. ტურნირის დაარსების მიზეზი ის იყო, რომ დახული მანეჟების დიდ უმრავლესობას არ შეეძლო, მტყორცნელთა მასპინძლობა და მათ დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ ვარჯიში უხდებოდათ. ტურნირი მარტის თვეში ღია ასპარეზზე იმართება. 

რაც შეეხება ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს მძლეოსნობაში მას შვედური გიოვლე უმასპინძლებს (11-14 ივლისი). ევროპის 23-წლამდელთა რეკორდი 21.86 მეტრია, ის დავიდ შტარლს (გერმანია) ეკუთვნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები