Thumbnail

არსენ ვენგერის 5 ინოვაცია, რამაც ინგლისური ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

2017-18 წლების სეზონის ბოლოს, არსენ ვენგერმა არსენალიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და გუნდი პრემიერლიგის ბოლო ტურში - ჰადერსფილდთან მატჩის შემდეგ დატოვა.

„სიმბოლურია, რომ აქ დავამთავრე“ - თქვა ვენგერმა - „ჩვენი ყველაზე დიდი მწვრთნელი - ჰერბერტ ჩეპმენიც ხომ აქედან იყო? ჰადერსფილდიდან?“ - ჩეპმენი ჰადერსფილდს არსენალამდე 1921-25 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად პირველი დივიზიონი ორჯერ (1923-24, 1924-25) და ერთხელ (1921-22) ასოციაციის თასი მოიგო.

ინგლისელის პოსტ-არსენალამდე კარიერის ზედმიწევნით ცოდნა, ცხადყოფს, როგორ იყო არსენალი და ამ კლუბის სამყარო ვენგერში გამჯდარი.

ვენგერი ლონდონში უცნაურად მოხვდა - 1996 წელს, არსენალის დირექტორმა დევიდ დინმა იაპონიიდან ჩამოიყვანა. „არსენ ვინ?“ - კითხულობდნენ გულშემატკივრები და ბრიტანული ტაბლოიდები.

„ყველაზე მეტად, ბაზაზე ჩემი მოვლილი 20,000 ხე მომენატრება“ - სინანულით ამბობდა ფრანგი - „მე რომ გუნდში მოვედი, ესენი ჯერ ნერგები იყვნენ, ჩემ თვალწინ გაიზარდნენ და მიჭირს მათთან დამშვიდობება.“

დინი - ვენგერის დუეტმა, ბრიუს რიოკის და ჯორჯ გრემის „მოსაწყენი... მოსაწყენი არსენალი“ სწრაფი ტემპით მოთამაშე, ტექნიკური გუნდი გახადა. ნიკოლა ანელკას გაყიდვით შემოსული თანხა, კლუბმა ახალი ბაზის მშენებლობას მოახმარა და კლუბისთვის ახალი ცხოვრებაც აქედან დაიწყო.

სამჯერ პრემიერლიგის მოგების და ჩემპიონთა ლიგაზე ავტორიტეტის მოპოვების შემდეგ, არსენალის სახელი მსოფლიოში გაიზარდა - პატარა ჰაიბერი არავის ჰყოფნიდა და დევიდ დინმა 2007 წელს გუნდს ახალი სტადიონი - ემირეიტსი აუშენა.

იმავე წელს, ინგლისელმა გუნდი საბჭოსთან უთანხმოების გამო დატოვა. დინს სურდა, რომ კლუბში ახალი ინვესტორები მოეყვანა, რათა ფინანსურად მანჩესტერ იუნაიტედთან და უკვე ‘აბრამოვიჩის ჩელსიდგარდაქმნილ ჩელსისთან კონკურენციაში შესულიყო. თავისი ვერ გაიტანა, გუნდიდან წავიდა და არსენალის ჩამოშლაც აქედან - დინის წასვლით დაიწყო.

ვენგერის ეპოქა შარშან დასრულდა, მაგრამ განვლილი 22 წელიწადიდან, გასახსენებელი ბევრია - მაგალითად, ის ინოვაციები და მუშაობის მეთოდები, რაც ფრანგმა ინგლისურ ფეხბურთში დანერგა. რამაც სამუდამოდ შეცვალა კუნძულზე ფეხბურთი და მოთამაშეებისადმი დამოკიდებულება.

1. დიეტა და ბროკოლი ბულდოგებისთვის

ვენგერის ინგლისში გამოჩენამდე, თამაშის შემდეგ ლუდის სმა, უმეტესობა გუნდებში ნორმად ითვლებოდა. ფრანგმა ტონი ადამსის, რეი პარლოუს და მათი თანაგუნდელების მენიუში - ბროკოლი დაამატა, შაქარი და ცხიმი კი ამოიღო.

ფეხბურთელები ახალი რეალობის წინაშე დადგნენ, სადაც მატჩის წინ მასაჟზე იყვნენ, ხოლო მატჩის შემდეგ ლუდის ნაცვლად, ბროკოლის და დაბალკალორიული საკვების მიღება უწევდათ.

ამ ცვლილებამ, გალოთებული ტონი ადამსი და სხვები გამოაცოცხლა. შედეგად, სწორი კვებისა და ვარჯიშის შეხამება - არსენალის სახით, მთელი დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც ჭარბი წონა უცხო არ იყო, სანიმუშო მაგალითი გახლდათ.

2. გლობალიზაცია და უცხოელების დაწინაურება

არსენ ვენგერის პირველ შეხვედრაში, ბლექბერნის წინააღმდეგ, გუნდის განაცხადში მხოლოდ ერთი არა-ბრიტანელი - პატრიკ ვიეირა (ბერგკამპმა მატჩი გამოტოვა) იყო. მას შემდეგ ვენგერმა 22 წლიან ლონდონურ კარიერაში ფეხბურთელები მსოფლიოს - 26 ქვეყნიდან დაიმატა.

ფრანგმა ხელი შეუწყო იმას, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს უკეთ გაეცნო. დღეს ინგლისში ლეგიონერებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი და ისინი გულშემატკივრებს ისევე უყვართ, როგორც ადგილობრივი მოთამაშეები.

ლიგის გლობალიზაციის საქმეში ვენგერის წვლილი უდიდესია, დღეს არსენალის სასტარტო, ძირითადად ლეგიონერებისგან შედგება და თვითონ ვენგერიც ესპანელმა - უნაი ემერიმ შეცვალა. არადა, 1996 წელს მხოლოდ ვენგერი და რუდ გულიტი იყვნენ ლიგაში უცხოელი მწვრთნელები.

3. ახალი ფეხბურთი და ახალი სტილი

არსენ ვენგერის არსენალში გამოჩენამდე, გუნდის ზედმეტსახელი „მოსაწყენი არსენალი“ იყო. როდესაც პეპ გვარდიოლას ვენგერის წასვლის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა -„პრემიერლიგა დღეს რომ ასეთია, მხოლოდ და მხოლოდ არსენ ვენგერის გამო.“

რომ არა ვენგერის გამოცდილება და მაგალითი, გვარდიოლას მსგავსი მწვრთნელი ინგლისში ალბათ არც დაფიქრდებოდა მუშაობაზე. მან მთელ ბრიტანეთს - ტიერი ანრის, რობერ პირესის და დენის ბერგკამპის სახით აჩვენა, რომ ფეხბურთში სისწრაფეს და სიზუსტეს, შეიძლება სილამაზეც ახლდეს თან.

„მან ფეხბურთში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა - სპორტი ხელოვნებად აქცია“ - ამბობს არსენალის აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი. დღეს მოკლე პასით, ლაღი და  სწრაფ ტემპში თამაში არსენალის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თავისებურებაა.

4. კარგი თვალი და შეუმჩნეველის აღმოჩენა

ფრანგის პირველი ტრანსფერი - პატრიკ ვიეირა იყო, რომელიც ვენგერმა მილანიდან £3.5 მილიონად გადაიყვანა. ვიერი მომდევნო წლებში, ვენგერის გუნდის მთავარი საყრდენი და ხერხემალი გახდა.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი, არსენალიდან 13 წლის წინ წავიდა და გუნდმა მისი შემცვლელი დღემდე ვერ მონახა. ვენგერი მუდამ შანსს აძლევდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს - კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე სესკ ფაბგრეგასი 16 წლის და 177 დღის იყო, როდესაც არსენალში მოხვდა.

ლიბერიის მოქმედი პრეზიდენტი და 1995 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ჟორჟ ვეა იხსენებს - “ვენგერი მამასავით იყო ჩემთვის, მან სიყვარული გამოიჩინა ჩემ მიმართ მაშინ, როდესაც რასიზმი პიკში იყო. ბევრ დროს მითმობდა, უნდოდა, რომ სულ ფორმაში ვყოფილიყავი.“

5. კლუბის შენება და ფრანგის მემკვიდრეობა

დევიდ დინი ამბობდა, რომ ნასწავლი ეკონომისტი ვენგერი ყველაფერში ღირებულებას და პოტენციალს ხედავდა - „მას შეუძლია, საშუალო დონის ფეხბურთელი კარგ მოთამაშედ აქციოს, ხოლო კარგი ფეხბურთელი, მსოფლიო ვარსკვლავად!“

ვენგერმა არსენალის ღირებულება დაინახა და კლუბი არამარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც განავითარა - გუნდმა მის პერიოდში £12-მილიონიანი საწვრთნელი კომპლექსი ჰერტფორდშირში, ლონდონ კოლნის შემოგარენში ააშენა.

ხოლო შემდეგ, ისტორიული, მაგრამ მოძველებული ჰაიბერი - ახალი, 60,000-იანი ემირეიტსით შეიცვალა. ამ სიახლემ კლუბის მატჩის დღის შემოსავალი გააორმაგა. არსენალის შარშანდელმა მოგებამ £419 მილიონი შეადგინა, რაც საფეხბურთო გრანდებში მეექვსე შედეგია - ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც არსენ ვენგერმა კლუბს თასებთან, დიდ ფეხბურთელებთან და კარგ მოგონებებთან ერთად დაუტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები