Thumbnail
  • მალაგის უნიკახას ქართველი ცენტრი თებერვალში ACB-ლიგის MVP-ად დაასახელეს
  • 29 წლის კალათბურთელს ჯილდო უნიკახასა და გიპუსკოას შეხვედრის წინ გადასცეს
  • გიორგი შერმადინის უნიკახამ ბექა ბურჯანაძის გუნდს დამაჯერებლად მოუგო

საქართველოს ნაკრებისა და უნიკახას 29 წლის ცენტრს გიორგი შერმადინს, რომელიც თებერვალში ACB-ლიგის MVP-ად დაასახელეს, შესაბამისი ჯილდო ახლახან გადასცეს. ესპანეთის საკალათბურთო პირველობის 22-ე ტურში შერმადინის გუნდმა საკუთარ მოედანზე ბექა ბურჯანაძის გიპუსკოა მიიღო და მეტოქე ანგარიშით 87:69 დაამარცხა. დაჯილდოება თამაშის დაწყებამდე მოედანზე გაიმართა. ლიგის წარმომადგენლებმა გიორგის ჯილდო პირადად გადასცეს და წარმატება მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ მალაგელთა ქართველი კალათბურთელი, ესპანურ ლიგაში თებერვლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ, ამერიკელ დომინიკ სატონთან ერთად დასახელდა. უნიკახამ ჩემპიონატის მე-19 და მე-20 ტურში, შესაბამისად, რეალი და მანრესა დაამარცხა, 29 წლის ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ორივე მატჩში 27 ბალს შეადგენდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი გასულ ორ ტურში მხოლოდ სან პაბლო ბურგოსის ამერიკელ ლეგიონერს ჰქონდა.

მეტი ამ თემაზე: შერმადინი ACB ლიგის თებერვლის MVP-ია - გიორგის ორი სუპერმატჩი

რაც შეეხება კვირას გამართულ უნიკახასა და გიპუსკოას დაპირისპირებას, გიორგი შერმადინმა მოედანზე 16:07 წუთი დაჰყო და 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. რაც შეეხება ბექა ბურჯანაძის სტატისტიკას, გიპუსკოას ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - 26:39 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

გიორგი შერმადინი მოედანზე ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო  

22 ტურის შემდეგ უნიკახას 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უკავია, გიპუსკოას მდგომარეობა კი უიმედოა - გუნდი 8 ქულით ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები