Thumbnail
  • 18 წლის ნახევარმცველმა მოსკოვის ლოკომოტივის ფორმით ანჟის წინააღმდეგ ითამაშა
  • თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ემოცია კლუბის პრესსამსახურს გაუზიარა
  • ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიაში დიდ პერსპექტივას ხედავს

რუსეთის პრემიერლიგაში 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით ამ ზამთარს გადასულმა ნახევარმცველმა, რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში ითამაშა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონებმა სტუმრად დაღესტანში ანჟი დაამარცხეს - 2:0.

სტუმართა რიგებში ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა დაცვის ბურჯმა საბა კვერკველიამ. კვარაცხელია კი მოედანზე ბოლო ხუთი წუთით გამოჩნდა, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. ერთ ეპიზოდში ხვიჩას გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი თაურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. 

თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მოსკოვური კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

- ძალიან გახარებული ვარ ლოკომოტივში დებიუტის გამო. ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ბევრი საინტერესო მომენტი იყო და გოლის გატანაც შემეძლო. დებიუტით ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ.

ხვიჩა კვარაცხელია ლოკოკოტივის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს

იური სიომინმა (ლოკომოტივის მწვრთნელი) მითხრა, რომ მოედანზე ფარფანის ნაცვლად უნდა შევსულიყავი. ჩემი დავალება ბურთის მიღება და ანჟის კართან სიტუაციის გამწვავება იყო. ამასთან, ნაკლებად უნდა დამეკარგა ბურთი და მაქსიმალურად წინ მეთამაშა. ეს ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან მე ხომ შემტევი ფეხბურთელი ვარ.

ლოკოში რეგულარულად თამაში - ეს ოცნებაა და არაფერს დავიშურებ, რომ ავიხდინო

ვნერვიულობდი თუ არა? არა, რას ამბობთ! პირიქით, ძალიან მიხარია, რომ მოედანზე გასვლისა და თავის გამოჩენის შანსი მომცეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შანსი მომავალშიც დავიმსახურო. ვარჯიშებზე თავს არ დავზოგავ. ლოკოში რეგულარულად თამაში - ეს ოცნებაა და არაფერს დავიშურებ, რომ ავიხდინო.

საბა კვერკველიამ  ტრადიციულად, ანჟსთანაც შეუცვლელად ითამაშა

ანჟისთან თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ქართველზე კომენტარი ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმაც გააკეთა: 

"ხვიჩა ძალიან საინტერესო და ნიჭიერი მოთამაშეა. მისი დამატებისას გათვლა მომავალზე გქონდა. მას კარგი პერსპექტივა აქვს არა მხოლოდ მომავალში, არამედ - ახლავე. მან მოედანზე ცოტა დრო დაჰყო, მაგრამ თავი ორ ეპიზოდში გამოავლინა, როდესაც ძელს მოარტყა და ბარინოვს პასი გაუკეთა. ახალგაზრდებს ნდობას მომავალშიც გამოვუცხადებთ და მივცემთ შანსს. მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებენ მას".

ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, კონტრაქტი რუსთავთან აკავშირებს. ნახევარმცველს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია და მის ანგარიშზე 25 მატჩში 17 გოლია.

მოსკოვის ლოკომოტივს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 17 მარტს, ქართველების გუნდი კრასნოდარს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები