Thumbnail

კრიზისი რეალში - ვარჯიშზე სერხიო რამოსმა და მარსელომ იჩხუბეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის კაპიტანი ვარჯიშზე ბრაზილიელის ქცევამ გააღიზიანა
  • დაპირისპირებული მცველები თანაგუნდელებმა გააშველეს და შეარიგეს

მადრიდის რეალში ატმოსფერო დამძიმებულია - გუნდმა მიმდინარე სეზონში უკვე დაასრულა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა, დამარცხდა ბარსელონასთან ესპანეთის თასის ნახევარფინალში, ლა ლიგაში გამარჯვების შანსი კი, პრაქტიკულად, აღარ აქვს. ნერვების მოთოკვა აშკარად უჭირს რეალის კაპიტან სერხიო რამოსს, რომელიც ცოტა ხნის წინ გასახდელში კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დაუპირისპირდა, ამჯერად კი -  თანაგუნდელ მარსელოს.

მეტი ამ რეალზე: ზიდანი რეალიდან სერხიო რამოსის გამო წავიდა? ესპანური მედია ახალ დეტალებზე

როგორც Marca იუწყება, შაბათს გამართულ ვარჯიშზე რეალის მცველებს პატარა კონფლიქტი მოუვიდათ. როგორც ირკვევა, ერთმანეთში თამაშის დროს რამოსი და მარსელო სხვადასხვა გუნდებში აღმოჩნდნენ, კაპიტანი კი ბრაზილიელის ქცევამ გააღიზიანა, რომელმაც თავისი გუნდის წარმატება მეტისმეტად ემოციურად გამოხატა.

ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი კონფლიქტში სხვა ფეხბურთელებიც ჩაერივნენ და საბოლოოდ ყველაფერი მცველების შერიგებით დასრულდა.

30 წლის მარსელო რეალის ღირსებას 2007 წლიდან იცავს. არსებული ინფორმაციით, ბრაზილიელს კარიერის გაგრძელება ტურნირის იუვენტუსში სურს, რომელსაც კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.

32 წლის სერხიო რამოსი მადრიდის რეალში 2005 წლიდან გამოდის და ამ გუნდთან ერთად ოთხ-ოთხჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვება.

მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მადრიდელები 12 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ბარსელონას.

კომენტარები

ბოლო ამბები