Thumbnail

ძიუდო | საქართველოს ნაკრების ტრიუმფი შვეიცარიის ტურნირზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

შვეიცარიის ქალაქ უსტერში ევროპის თასის ეგიდით გაიმართა ტურნირი ძიუდოში, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. -73 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ჩხეიძემ, რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში ესპანელი მარტინეს ვასკესი დაამარცხა. ქართველი იქამდეც ბრწყინვალედ ასპარეზობდა, თუმცა ნახევარფინალში მასპინძელ ნაიმ მატთან დამარცხდა.

-81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ახალკაცმა. ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირი ბრწყინვალედ იარა, ნახევარფინალში გერმანელი იანოშ ჰანფელდი დაამარცხა, ხოლო ფინალში ფრანგ იბრაჰიმ კეიტას სძლია და პირველობა არავის დაუთმო.

-90 კგ. წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ფინალში ერთმანეთს იმედა გოგოლაძე და ლაშა ბექაური შეხვდნენ. გამარჯვება ბექაურმა მოიპოვა და ქართველებმა ოქროს და ვერცხლის მედლები გაინაწილეს. 

საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ასევე ქართული ფინალი შედგა -100 კგ. წონით კატეგორიაში, სადაც გადამწყვეტ პაექრობაში გიორგი ბერიაშვილი და გიორგი ჩიქოვანი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვება და ოქროს მედალი ბერიაშვილმა მოიპოვა, ჩიქოვანი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მძიმე წონაშიც ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა: ამირან წიქორიძემ ნახევარფინალში ხორვატი მარკო კუმრიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში ჰოლანდიელ სტეფ ვან კამპენს სძლია. 

რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ შვეიცარიის ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა დაიკავა 4 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით. მეორე ადგილზე ფრანგები გავიდნენ, ხოლო მესამეზე გერმანელები.

კომენტარები

ბოლო ამბები