Thumbnail

საქართველო ჩემპიონია! ბორჯღალოსნებმა გერმანიას 8 ლელო დაუდეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ბორჯღალოსნებმა' წლის მეოთხე მატჩი მოიგეს
  • საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 8 ლელო დაუდო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე შეხვედრაში გერმანიას ქუთაისში უმასპინძლა და 52:3 დაამარცხა. ‘ბორჯღალოსნებმა’ გერმანელებს 8 ლელო დაუდეს. მილტონ ჰეიგმა დანაპირები შეასრულა - ნაკრებმა ქუთაისში ლაღი და სანახაობრივი თამაში შემოგვთავაზა. საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული ერთი ტურით ადრე გაინაღდა და ამ პრიზს მეთორმეტედ დაეუფლა.

ახალზელანდიელი მწვრთნელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად იყენებს. გერმანიასთან შეხვედრა ლაშა მალაღურაძესთვის საიუბილეო იყო - მან ნაკრების მაისურით 90-ე მატჩი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სათადარიგო შემადგენლობაში მატჩის წინ ერთი ცვლილება განხორციელდა - ვანო კარკაძემ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ჰეიგმა თორნიკე მატარაძეს უხმო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე - მირიან მოდებაძე

საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო მე-2 წუთზე დადო. ლამაზი შეტევის შემდეგ, ბურთი გერმანელთა ჩათვლის მოედანში მირიან მოდებაძემ დაამიწა და გელა აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მირიან მოდებაძის შესანიშნავი ლელო გერმანიის წინააღმდეგ 🔥🇬🇪

მირიან მოდებაძის შესანიშნავი ლელო გერმანიის წინააღმდეგ 🔥🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 10 მარტი, 2019

''ბორჯღალოსნებმა'' მეორე ლელოც ლამაზი შეტევით გაიტანეს. სოსო მათიაშვილმა ლაშა ხმალაძეს ბურთი ლელოს ადგილისკენ შეუგორა და ამ უკანასკნელმაც ლელოთი გამოიჩინა თავი. გელა აფრასიძემ მეორე გარდასახვაც ზუსტად დაარტყა - 14:0. რამდენიმე წუთის შემდეგ, გერმანელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და კრისტოფერ ჰილცბენკმა უშეცდომოდ დაარტყა - 14:3.

ლაშა ხმალაძის ბრწყინვალე ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ 🇬🇪🔥

ლაშა ხმალაძის ბრწყინვალე ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ 🇬🇪🔥

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 10 მარტი, 2019

მატჩის 22-ე წუთზე გერმანელებმა მესამე ლელოც გაუშვეს. შალვა მამუკაშვილმა აუტი მოაწოდა და შეტევა თვითონვე დაასრულა. აფრასიძემ მესამე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 21:3. მსაჯმა 28-ე წუთზე ზურა ჟვანია გაასინბინა, რის შემდეგაც გერმანელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლეს.

ტაიმის მიწურულს ბექა საღინაძემ ლელო დადო, მაგრამ ეს ლელო წინ გაკეთებული გადაცემის გამო გაუქმდა და საქართველომ პირველი ნახევარი 21:3 მოიგო.

შალვა მამუკაშვილის ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ

შალვა მამუკაშვილის ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 10 მარტი, 2019

მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში, ლაშა მალაღურაძემ 90-ე საიუბილეო მატჩი ლელოთი აღნიშნა და გერმანელებთან უპირატესობა 23 ქულამდე გაზარდა. აფრასიძე ამ მომენტშიც ზუსტი იყო - 28:3.

ლაშა მალაღურაძემ 90-ე კეპი ლელოთი აღნიშნა

ლაშა მალაღურაძემ 90-ე კეპი ლელოთი აღნიშნა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 10 მარტი, 2019

მალაღურაძის შემდეგ, ისევ მირიან მოდებაძის დრო დადგა. ახალგაზრდა მორაგბემ მშობლიურ ქალაქში ჰეთ თრიკი შეასრულა და საერთო ჯამში მე-7 სანაკრებო მატჩში მე-4 ლელო დადო. მოდებაძემ 3-წუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადო. აფრასიძემ კი 2-დან მხოლოდ ერთი გარდასახვის გატანა მოახერხა - 40:3.

მირიან მოდებაძის დუბლი აია არენაზე - მეხუთე ლელო გერმანელებთან

მირიან მოდებაძის დუბლი აია არენაზე - მეხუთე ლელო გერმანელებთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 10 მარტი, 2019

მოედანზე შემოსვლიდან ერთ წუთში ვასილ ლობჟანიძემ 42-ე სანაკრებო მატჩში ლელოს დადება მოახერხა და საქართველოს უპირატესობა 44 ქულამდე გაიზარდა 47:3.

ვასილ ლობჟანიძის ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ

ვასილ ლობჟანიძის ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 10 მარტი, 2019

მინდორი ლელოს გარეშე ''ბორჯღალოსნების'' კაპიტანმაც არ დატოვა. მერაბ შარიქაძემ გერმანელებს მე-8 ლელო დაუდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 52:3. 

მერაბ შარიქაძის ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ

მერაბ შარიქაძის ლელო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 10 მარტი, 2019

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და საერთო ჯამში უკვე 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რომელიც ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს დაიწყო.

''ბორჯღალოსნებს'' 18 ქულა აქვთ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-12 ტიტული უკვე განაღდებული აქვთ. ისინი უახლოეს მდევარს, ესპანეთის ნაკრებს 5 ქულით უსწრებენ. ჰეიგის მორაგბეების მომდევნო მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება, რომელსაც 17 მარტს კრასნოდარში შეხვდებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები