Thumbnail
  • ბეკენბაუერი იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
  • კაიზერ-ფრანცის აზრით, ბუნდესმწვრთნელი სწორად არ მოიქცა

გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გააკრიტიკა. მიზეზი ამ უკანასკნელის მოულოდნელი გადაწყვეტილებაა - როგორც იცით, ბუნდესმწვრთნელმა თომას მიულერს, მატს ჰუმელსსა და ჟერომ ბოატენგს ეროვნული გუნდის კარი დაუხურა.

“სამივე ძალიან დიდი ფეხბურთელია, მათ გერმანიის ნაკრების მიმართ უდიდესი დამსახურებები აქვთ. თუ იოახიმ ლიოვს ბოატენგის, მიულერისა და ჰუმელსის ნაკრებიდან გაშვება სურდა, ვფიქრობ, ეს სხვანაირად უნდა გაეკეთებინა. მე მათ უფრო ადამიანურად მოვექცეოდი,” - განაცხადა ბეკენბაუერმა “ბილდ ამ ზონთაგთან” ინტერვიუში.

73 წლის კაიზერ-ფრანცის აზრით, უფრო მართებული იქნებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები რომელიმე მატჩში გაეცილებინათ, რომლის სტატუსი მიულერის, ბოატენგის და ჰუმელსის გამოსათხოვარი მატჩი იქნებოდა.

“მათთვის უბრალოდ იმის თქმა, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებენ, ვფიქრობ, არასწორი და საეჭვო გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ არიან ფეხბურთელები იმედგაცრუებულები, თორემ სანაკრებო კარიერას, ადრე თუ გვიან, ყველა ამთავრებს,” - ამბობს ბეკენბაუერი.

კომენტარები

ბოლო ამბები