Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • მილუიკისთან ერთად, პლეი ოფში თამაში ტორონტო რეპტორსმაც გაინაღდა
  • ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა გამარჯება ზედიზედ მეოთხე მატში მოიპოვა
  • დირკ ნოვიცკიმ NBA-ში 1505-ე შეხვედრა ჩაატარა და ჯონ სტოკტონს აჯობა 

დეტროიტმა (33-31), რომელიც საპლეიოფო ზონაშია, კვლავაც ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა და ზედიზედ მეოთხე მოგება იზეიმა. პისტონსმა სტუმრად ჩიკაგო ბულსი (19-48) ანგარიშით 112:104 დაამარცხა. სტუმართა რიგებში 27 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო, ანდრე დრამონდმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა (20 ქულა, 24 მოხსნა). "ხარებში" 24 ქულით გამორჩეული ზაკ ლავინი იყო.

დეტროიტის ქართველ ცენტრს აქილევსის მყესის ტრავმა აქვს, მისი გუნდი კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის კარგ შანსს ფლობს. მის შემდეგ მოდიან ბრუკლინი (34-33) და მაიამი (31-34).

ანდრე დრამონდმა და ბლეიკ გრიფინმა დეტროიტს ზედიზედ მეოთხე მატჩი მოაგებინეს

დირკ ნოვიცკის 1505-ე

დალასის ვეტერანმა დირკ ნოვიცკიმ NBA-ს 21-წლიან კარიერაში თავის 1505-ე შეხვედრა ჩაატარა. 40 წლის გერმანელმა ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ გამთამაშებელს ჯონ სტოკტონს (1504) გაადასწრო და ლიგის ისტორიაში მესამე გახდა.

დალასმა სტუმრად ორლანდოსთან 106:111 წააგო. სტუმართა ფორვარდმა თითქმის 19 წუთში 15 ქულა მიითვალა, რასაც 5 მოხსნა და 1 პასიც დაუმატარა.

NBA-ს ლიდერები მატჩების რაოდენობით

1. რობერტ პერიში - 1611
2. კარიმ აბდულ-ჯაბარი - 1560
3. დირკ ნოვიცკი - 1505
4. ჯონ სტოკტონი - 1504
5. კარლ მელოუნი - 1476
6. ვინს კარტერი - 1466.

ტორონტოც პლეი ოფშია

ტორონტო რეპტორსმა (47-19) სტუმრად ნიუ ორლეანი (30-38) ანგარიშით 127:104 დაამარცხა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ იგივე მილუოკიმ მოახერხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამარჯვებულთა ფორვარდი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლი იყო კაილ ლოურისა (13 ქულა, 12 პასი) და სერჟ იბაკას (12 ქულა, 11 მოხსნა).

რეპტორსი, რომელსაც ამ სეზონში ნიკ ნერსი წვრთნის, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

ჰარდენის 31 ქულა

ჰიუსტონ როკეტსმა საკუთარ დარბაზში ფილადელფია დაამარცხა - 197:91. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა მცველი ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 31 ქულა, 11 მოხსნა. ფილადელფიაში სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ბენ სიმონსს, რომლის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასია. 

ჰიუსტონი (40-25), რომლისთვისაც ეს ზედიზედ მეშვედე გამარჯვებაა, დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე მყოფ ოკლაჰომას გაუთანაბრდა. ფილადელფია (41-25), რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო, აღმოსავლეთში მეოთხე ადგილს იკავებს.

ტომპსონი დაბრუნდა

ოკლენდში დასავლეთ კონფერენციის ლიდერების დაპირისპირება გაიმართა. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტმა დენვერ ნაგეტსი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 122:105 დაამარცხა. "ორაკლ არენაზე" ყველაზე შედეგიანი უორიორსის შემტევი მცველი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც 39 ქულას 4 პასი, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუმატა. ტომპსონი, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო ორ მატჩი გამოტოვა, ამჯერად 11-იდან 9 სამქულიანი ჩააგდო. 26 ქულითა და 6 პასით დაკმაყოფილდა კალიფორნიელთა ფორვარდი კევინ დურანტი.

გოლდენ სტეიტი (45-20) დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, დენვერი (43-22) კი მეორე ადგილზეა.

ფინალი კლივლენდის გარეშე იქნება

პლეი ოფში გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა NBA-ს ზედიზედ ოთხი სეზონის ფინალისტმა კლივლენდ კავალიერსმა. გუნდმა, რომელმაც 2015/16 წლების სეზონში ჩემპიონობაც იზეიმა, მაიამისთან ანგარიშით 110:126 წააგო და 16 მოგებითა და 50 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. 

📺 NBA-ს სათამაშო დღის ტოპ 10 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები