Thumbnail
  • 📅 9 მარტი | ⌚ 21:30 | ⚽ ბარსელონა V რაიო ვალეკანო
  • I წრეში ბარსას ლუის სუარესმა ბოლო წამზე მოაგებინა

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 12 ტური რჩება, ქვეყნის ჩემპიონი ბარსელონა უახლოეს მდევარ ატლეტიკოს 7 ქულით უსწრებს, მეტი რეალური კონკურენტი კი აღარ ჰყავს - კლასიკოზე მადრიდში გამარჯვების შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა "სამეფო კლუბს" 12 ქულით გაუსწრო. ერთია მხოლოდ, ბარსას შუა კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი საპასუხო მატჩი ელის ლიონთან ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც აუცილებლად მოსაგებია. 

აუტსაიდერი და კერკეტი კაკალი

შაბათს ლა ლიგის 27-ე ტურში ერნესტო ვალვერდეს გუნდი რაიო ვალეკანოს მიიღებს. "ელვების" საქმე ცუდაა - ვალეკასის მკვიდრნი 23 ქულით გასავარდნ ზონაში არიან და საშინლად თამაშობენ - ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩი წააგეს.

პირველ წრეში ბარსას ლუის სუარესმა მოაგებინა

თუმცა პირველ წრეში რაიომ დაამტკიცა, რომ ყველასთვის რთული მეტოქეა - ბარსას 87-ე წუთამდე 2:1-ს უგებდა, მაგრამ შემდეგ უსმან დემბელემ გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი ურუგვაელმა ლუის სუარესმა 3 ქულა მოუტანა კატალონიურ გრანდს ვალეკასში - 3:2. 

უმტიტის შანსი

ბარსელონას არ ეყოლება დისკვალიცირებული კლემან ლონგლე, რომელმაც სეზონში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო. ფრანგს იოლად ჩაანაცვლებს თანამემამულე სამუელ უმტიტი, რომელიც ორიოდე კვირაა, რაც გამოჯამრთელდა და სასტარტოში დაბრუნების თავის შანსს ელოდა. ბარსას სეზონის ბოლომდე არ ეყოლება რაფაელ ალკანტარა, კვლავ საეჭვოა თომას ვერმალენის თამაში (როგორც ყოველთვის). 

ბარსას ვარჯიშზე 

ვალვერდემ შუა ხაზში შესაძლოა, სამიდან ორი საკვანძო ფეხბურთელი დაასვენოს - არტური და ივან რაკიტიჩი. ამ შემთხვევაში ბარსას შუახაზი ასეთი იქნება - არტურო ვიდალი, სერხიო ბუსკეტსი და ფილიპე კოუტინიო. კოუტინიოს სასტარტოში მოხვედრის კარგი შანსი აქვს, რადგან თუ შუახაზში არა, ის შეიძლება უსმან დემბელეს ნაცვლად ათამაშონ შეტევის მარცხენა ფრთაზე. 

რაიო ვალეკანოს დისკვალიფიცირებული ჰყავს აბდუალაიე ბა, ტრავმირებული - გორკა ელუსტონდო. ყველაზე საშიში მადრიდელთა რიგებში უდავოდ რაულ დე ტომასია, რომელმაც ლა ლიგაში უკვე 10 გოლი გაიტანა. 

რაიოსთან მატჩს ვერ გავწირავთ

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "შაბათის ქულები ძალზე მნიშვნელოვანია. სეზონის ბოლომდე კიდევ 36 ქულაა გასათამაშებელი. ასე რომ, შანსი რეალსაც დარჩა. რა თქმა უნდა, ატლეტიკო უფრო ახლოსაა და მისი შანსები უფრო სოლიდურია. ჩვენი მიზანია, სულ მცირე, არ შევამცირებინოთ მათ ეს ჰანდიკაპი. ყოველ ტურში 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ.

ერნესტო ვალვერდე

ჩვენ ვერ შევწირავთ რაიო ვალეკანოსთან მატჩს ლიგის დაპირისპირებას. ასეთი ფუფუნების უფლება არ გვაქვს. რაიო მძიმე სიტუაციაშია და ამ ეტაპზე ასეთ გუნდების სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. არ გამოვრიცხავ 2-3 კაციან როტაციას, შაბათს ვნახავთ". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ ლა ლიგაში ბოლო 42 მატჩიდან 35 მოიგო.

⚽ ბარსელონამ რაიო ვალეკანოსთან ბოლო 12 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრებაში) 11-ში სულ მცირე, 3 გოლი მაინც გაიტანა.

⚽ ბარსელონამ რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში მოიგო, როგორც პირველი ტაიმები, ისე - მატჩები.

⚽ ლა ლიგაში რაიო ვალეკანოს 5-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს. 

⚽ ლა ლიგაში ბარსელონას 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. 

⚽ ბარსელონა ლა ლიგაში 14 მატჩია, რაც დაუმარცხებელია (11 მოგება, 3 ფრე). 

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - არტურო ვიდალი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლუის სუარესი, დემბელე.

რაიო ვალეკანო (3-4-3): დიმიტრიევსკი - ველასკესი, გალვესი, ამატი - ადვინკულა, კომესანია, მარიო სუარესი, ალექს მორენო - ემბარბა, დე ტომასი, ტრეხო 

კომენტარები

ბოლო ამბები