Thumbnail

'მოვიხიბლე მისი ძალით' - ფედერერმა ნიკოლოზ ბასილაშვილი დაახასიათა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი ჩოგბურთელი ინდიან ველსში გამოსასვლელად ემზადება
  • შვეიცარიელმა ვარსკვლავმა ბასილაშვილთან დაპირისპირება გაიხსენა

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (4) ინდიან უელსში გამოსასვლელად ემზადება. 37 წლის ჩოგბურთელმა წელს დუბაის ტურნირში გაიმარჯვა და ახლა ერთეულთა თანრიგში კარიერის 101-ე ტიტულის მოსაგებად ემზადება. ინდიან ველსის მასტერსზე ჩასულმა ფედერერმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის პროგრესზეც ილაპარაკა. 

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში ამჟამად მე-18 ნომერია, ინდიან ველსში გამოსვლას კი მეორე წრიდან დაიწყებს, სადაც მეტოქედ ინდოელი პრაჯნეშ გუნერსვარანი (97) ეყოლება. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

"ვფიქრობ, ბასილაშვილი ძალიან კარგ ფორმაშია. მის შესახებ დეტალურად საუბარი გამიჭირდება, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ, ავსტრალიის ღია პირველობაზე ვითამაშეთ. რთული მატჩი გამოვიდა. მოვიხიბლე მისი ძალით - ეს ტალანტია, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა. უბრალოდ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ნებისყოფა გამოემუშავებინა. ასევე მახსოვს მისი მშვენიერი მატჩი აშშ-ის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალთან, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად დატოვა", - აქვეყნებს ფედერერის სიტყვებს tennisworlditalia.com.

ფედერერზე შთაბეჭდილება ბასილაშვილისა და ნადალის თამაშმაც მოახდინა

ნიკოლოზ ბასილაშვილი და როჯერ ფედერერი ერთმანეთს სულ ერთხელ დაუპირისპირდნენ - 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში. შვეიცარიელმა ათი წლით უმცროს ქართველს, რომელიც მაშინ რეიტინგის ასეულშიც არ იყო, სამ სეტში მოუგო (6:2, 6:1, 6:2). 

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს ორჯერ შეხვდა - როლან გაროსსა (2017) და აშშ-ის ღია პირველობაზე (2018) და ორივეჯერ დამარცხდა. შარშან ქართველმა ჩოგბურთელმა ტიტულოვან ესპანელ მეტოქეს სეტი მოუგო (1:3). 

კომენტარები

ბოლო ამბები