Thumbnail

სკანდალი რეალში - პერესი რამოსს ვერ გააგდებს! ისკომ ბოდიში მოიხადა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აიაქსთან მარცხის შემდეგ რეალში რთული მდგომარეობაა
  • როგორც ირკვევა, მატჩის შემდეგ ფლორენტინო პერესმა და სერხიო რამოსმა იჩხუბეს

ცხადი იყო, რომ ამსტერდამის აიაქსთან მარცხი მადრიდის რეალისთვის სკანდალის გარეშე არ ჩაივლიდა. ესპანური მედია წერდა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში, რეალის პრეზიდენტი და კაპიტანი სერხიო რამოსი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

აიაქსთან პირველ შეხვედრაში, რომელიც რეალმა ამსტერდამში 2:1 მოიგო, რამოსმა ბოლო წუთებზე განგებ მიიღო ყვითელი ბარათი. “სამეფო გუნდის” კაპიტნის გათვლა მარტივი იყო: რაკი სტუმრად 2:1-ს იგებდნენ, რამოსმა ჩათვალა, რომ საპასუხო შეხვედრაში რეალს პრობლემები მის გარეშეც არ შეექმნებოდა და ყვითელი ბარათით მეოთხედფინალის პირველი მატჩის გამოტოვების საფრთხე აირიდა. უეფამ რეალის კაპიტანი ამის გამო სულაც 2 მატჩით დასაჯა. ამრიგად, ესპანელი მცველის გეგმა ჩაიშალა. ამას ისიც დაემატა, რომ რეალმა აიაქსთან საპასუხო მატჩი 1:4 წააგო და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

პერესი რამოსს გაგდებით დაემუქრა

აიაქსთან რეალს თავისი კაპიტანი ძალიან აკლდა - მადრიდული გრანდის დაცვის ხაზმა კატასტროფულად ითამაშა. AS და Marca წერდნენ, რომ თამაშის შემდეგ, გასახდელში რამოსი პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელს უთქვამს, მომხდარი ფეხბურთელების ბრალიაო. სერხიო რამოსი პერესს შეეწინააღმდეგა და აუხსნა, რომ ფიასკო არა მხოლოდ მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ ხელმძღვანელების ბრალიცაა, რომლებმაც ზაფხულში კრიშტიანო რონალდოს ღირსეული შემცვლელი არ იყიდეს. როგორც ირკვევა, რამოსის სიტყვებმა პერესი ისე გააბრაზა, რომ პრეზიდენტი კაპიტანს გუნდიდან გაგდებით დაემუქრა. “გადამიხადე, დამიბრუნე ის, რაც ამ გუნდს მივეცი და თავაწეული წავალ!” - ყვიროდა თურმე სერხიო რამოსი, რომელსაც რეალში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. “სამეფო კლუბის” ფანებს ის განსაკუთრებით უყვართ. პერესი ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ რამოსი გუნდიდან გაუშვას. 

პარასკევის გამოცემებში AS და Marca უკვე წერდნენ, რომ კაპიტანი და პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ და გასახდელში მომხდარი დაპირისპირება ცივი გონებით გააანალიზეს. რეალისთვის ეს სეზონი უკვე ჩაგდებულია - გუნდს ყველა ტიტული დაკარგული აქვს, ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერ ბარსელონას 12 ქულით ჩამორჩება. ერთადერთი მიზანი ახლა ლა ლიგაში მინიმუმ მე-4 ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. 26 ტურის შემდეგ რეალი 48 ქულით მესამე ადგილზეა და მეხუთეადგილოსან ალავესს 8 ქულით უსწრებს. შესაბამისად, თუ სასწაული არ მოხდა, მადრიდულ გრანდს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

რეალს ზაფხულში მარსელოც დატოვებს და სოლარიც

ესპანური პრესის ინფორმაციით, ხუთშაბათს სერხიო რამოსმა გუნდი მწვრთნელის გარეშე შეკრიბა და თანაგუნდელებს დიდხანს ესაუბრებოდა. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მას სიტყვა მხოლოდ ერთხელ შეაწყვეტინეს და ეს ისკომ გააკეთა. როგორც იცით, ეს უკანასკნელი აიაქსთან მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და გაბრაზებულმა, გუნდთან ერთად მგზავრობაზე უარი თქვა - “სანტიაგო ბერნაბეუზე” ცალკე მივიდა. როგორც ირკვევა, ისკომ ამის გამო გუნდის წინაშე ბოდიში მოიხადა.

AS და Marca იმასაც წერენ, რომ სანტიაგო სოლარის დღეები რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დათვლილია, რაც მოსალოდნელიც იყო. კვირას, ვალიადოლიდთან შეხვედრაში რეალის დამრიგებელი კვლავ სოლარი იქნება. შესაძლოა, სეზონის ბოლომდე დატოვონ, მაგრამ ცხადია, რომ ზაფხულში რეალს აუცილებლად ახალი მწვრთნელი ეყოლება.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები