Thumbnail

40 წლის კარლოვიჩი ჩოგბურთის ისტორიის წერას აგრძელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ივო კარლოვიჩმა ინდიან ველსში პირველი ეტაპი გადალახა
  • ხორვატი, შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდეს
ივო კარლოვიჩი ეისების ოსტატია

ხორვატმა ივო კარლოვიჩმა ATP-ს მასტერსზე ინდიან ველსში ჩოგბურთის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწერა. ეისების ოსტატმა პირველ წრეში მეთიუ ებდენი ორ სეტში, 7:6, 7:6 დაამარცხა, რაც მისი პირველი გამარჯვებაა 40 წლის ასაკში. მას დაბადების დღე 28 თებერვალს ჰქონდა და გახდა პირველი ჩოგბურთელი ლეგენდარული ჯიმი კონორსის შემდეგ (1995), რომელმაც მინიმუმ 40 წლის ასაკში ATP ტურის მატჩი მოიგო.

ეს კარლოვიჩის პირველი განსაკუთრებული მიღწევა არ არის. წლის დასაწყისში 2,11 მეტრი სიმაღლის მქონე ივო, რომელიც რეიტინგში 89-ე ადგილზეა, პუნეში ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი გახდა 1977 წლის შემდეგ, ხოლო შარშან კალგარიში ტრიუმფით გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი მათ შორის, ვისაც ATP-Challenger აქვს მოგებული.

ეს ივო კარლოვიჩისთვის ინდიან ველსის მასტერსზე მე-14 ასპარეზობაა. ყველაზე დიდ წარმატებას მან 2011 წელს მიაღწია, როცა მეოთხედფინალში გავიდა. ხორვატი შაბათს თავის თანამემამულე ბორნა ჩორიჩს ეთამაშება და თუ მესამე წრეში გავა, შესაძლოა, საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდეს. ქართველი ასპარეზობას შაბათს, ინდოელ პრაჯნეშ გუნერსვარანთან (97) თამაშით იწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები