Thumbnail
  • რეალის მცველის ტრანსფერი ტურინულ კლუბში სულ უფრო რეალური ხდება
  • 30 წლის ბრაზილიელმა იუვენტუსთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა
  • როგორც ჩანს, მარსელო და კრიშტიანო რონალდო ისევ ერთ გუნდში იქნებიან 

რეალის მცველმა მარსელომ იუვენტუსთან კონტრაქტი შეათანხმა - ამის შესახებ ესპანური მედია La Stampa-ზე დაყრდნობით იუწყება. AS-ის ცნობით, საუბარია ოთხწლიან კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონში 12 მილიონ ევროს მიიღებს. თუ საბოლოოდ გარიგება შედგა, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება კლუბში. 

30 წლის ბრაზილიელი კარგა ხანია მადრიდის დატოვებაზე ფიქრობს, რადგან გუნდში სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ მისი პოზიციები შეირყა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა. მარსელოს მადრიდულ კარიერაში, რომელიც 2007 წლიდან იწყება, სათამაშო დროს თვალსაზრისით, ეს ყველაზე ცუდი სეზონია.

ასევე დიდი ხანია იწერება, რომ მარსელოს იუვენტუსში გადაბირებით განსაკუთრებით, რეალში მისი ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდოა დაინტერესებული, რომელიც მადრიდიდან ტურინში გასულ ზაფხულს გადაბარგდა, მაგრამ მცველთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

კრიშტიანო და მარსელო მეგობრულ ურთიერთობას აქამდე ინარჩუნებენ

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მარსელომ მხოლოდ 13 მატჩში ითამაშა და ორი გოლი მიითვალა. სანტიაგო სოლარიმ ბოლო ოთხ შეხვედრაში ბრაზილიელი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მარცხენა ფრთაზე მის ადგილზე კი 22 წლის სერხიო რეგილონი გაამწესა.

მარსელომ მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, ასევე: სამჯერ - უეფას სუპერთასი, ოთხჯერ - ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ - ქვეყნის თასი და სამჯერ - სუპერთასი.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 30 წლის მცველს მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

პორტალი Transfermarkt მარსელოს სავარაუდო სატრანსფერო ფასად 70 მილიონ ევროს ასახელებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ტურინული კლუბი მზადაა რეალს ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კომენტარები

ბოლო ამბები