Thumbnail

წლის სიმულაცია - პეპეს გინებამ ედინ ჯეკო გაზონზე დაანარცხა

  • პეპემ ედინ ჯეკოს ისე შეაგინა, მინდორზე მოცელილივით დააგდო
  • პორტუსა და რომას მატჩის კურიოზულ ეპიზოდზე ყველა ხალისობს
  • რა თქმა უნდა, ფაქტი უკომენტაროდ არც გარი ლინეკერმა დატოვა 

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩმა პორტუსა და რომას შორის, ფეხბურთის გულშემატკივრებს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული მომენტი აჩუქა. "დრაგაუზე" გათამაშებული ეპიზოდის გმირები კი პეპე და ედინ ჯეკო გახდნენ.

მეტი ამ თემაზე: პორტუ 1/4-ფინალშია - დრამატული 120 წუთი და VAR-ის სამართალი 'დრაგაუზე'

შეხვედრის 56-ე წუთზე რომას ბოსნიელ ფორვარდს, ედინ ჯეკოსა და მასპინძელთა მცველ პეპეს შორის შელაპარაკება მოხდა. მეტოქე ფეხბურთელებმა ერთმანეთს შუბლები მიადეს და ხმასაც აუწიეს. “წადი შენი….” - მიაძახა პეპემ ჯეკოს, ამ უკანასკნელმა კი სახეზე ხელები აიფარა და გაზონზე ისე გაგორდა, თითქოს პორტუგალიელი ფიზიკურად გაუსწორდა. 

იქვე მყოფი მატჩის მთავარი არბიტრი ჩუნეით ჩაქირი ჯეკოს პროვოკაციას არ წამოეგო, უბრალოდ, ორივე ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დასაჯა. 

სიმულაციის ამ ეპიზოდზე ინტერნეტში მაგრად იხალისეს. 32 წლის ბოსნიელის საქციელს უმალ გამოეხმაურა ტვიტერში ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი გარი ლინეკერი: 

"ვერასდროს გავიგებ, როგორ გადაიტანა ჯეკომ პეპეს დარტყმა". 

ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების ხუმრობებიც გაჩნდა. ზოგიერთებმა დაწერეს, რომ ამ სიმულაციის წყალობით, ჯეკოს შეუძლია ჯილდოზე კონკურენცია თვით პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების ლიდერ ნეიმარს გაუწიოს, რომელიც საფეხბურთო სამყაროში განთქმულია თავისი სამსახიობო ოსტატობით.

რომში წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ, პორტუმ მეტოქე დამატებით დროში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ¼-ფინალში გავიდა. სეჟიო კონსეისაოს გუნდი მომავალი მეტოქის ვინაობას 15 მარტს დაგეგმილ წილისყრაზე შეიტყობს.

კომენტარები

ბოლო ამბები