Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედმა პარიზში სასწაული მოახდინა
  • მატჩის შემდეგ ნეიმარმა მსაჯებს შეუტია
  • ტუხელს მომხდარის ახსნა უჭირს

‘ოლდ ტრაფორდზე’ 0:2-ის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ალბათ მხოლოდ ისეთ ადამიანებს სჯეროდათ, რომლებიც 1999 წლის ფინალის ბოლო წუთებზეც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯერ ტედი შერინგემი გაუთანაბრებდა ბაიერნს, მერე კი ოლე გუნარ სულშერი იუნაიტედს ზღაპრულ, დაუვიწყარ გამარჯვებას მოუტანდა. მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება! საკუთარ მოედანზე 0:2-ის შემდეგ, ახლა უკვე მწვრთნელი სულშერის გუნდმა პარიზში 3:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა! როგორ? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ალბათ არავის აქვს.

რაშფორდის გადამწყვეტი პენალტი ბოლო წუთზე

ნეიმარმა ეს ყველაფერი ტრიბუნიდან ნახა. ადვილი გამოსაცნობი უნდა იყოს, რაზე გაამახვილებდა ყურადღებას ბრაზილიელი მატჩისშემდგომ კომენტარში, მაგრამ მაინც: “ეს დიდი სირცხვილია! იქ ოთხნი სხედან და ფეხბურთის არაფერი გაეგებათ! უყურებენ გამეორებას და პენალტს ნიშნავენ. არაფერიც არ იყო! სად უნდა წაიღოს ფეხბურთელმა საკუთარი ხელები?” - ნეიმარი, რა თქმა უნდა, მსაჯებს და VAR-ის გადაწყვეტილებას გულისხმობს.

სლოვენიელმა არბიტრმა დამირ სკომინამ VAR-ის მეშვეობით დანიშნა პენალტი, რომელიც რაშფორდმა 94-ე წუთზე გაიტანა და იუნაიტედი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, ნეიმარი კი ისევ მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელად დატოვა.

'საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩვენი ბრალია. ჩვენ ვერ გავიტანეთ გოლი, ჩვენ გავატანინეთ მანჩესტერ იუნაიტედს!' - თომას ტუხელი

პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის კომენტარი პენალტის შესახებ, რა თქმა უნდა, გაცილებით დიპლომატიური იყო: “ბურთის ხელზე მოხვედრა და ხელით თამაში ძალიან რთული საკითხია. ისევ შეიქმნება ასეთი სიტუაცია და თერთმეტმეტრიანს არ დანიშნავენ. ვიღაცები იტყვიან, რომ უნდა დანიშნულიყო, სხვები - პირიქით. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩვენი ბრალია. ჩვენ ვერ გავიტანეთ გოლი, ჩვენ გავატანინეთ მანჩესტერ იუნაიტედს. მიუხედავად ამისა, მომხდარი ძალიან გულდასაწყვეტია. VAR-ის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს. პირიქით, მე VAR-ის მომხრე ვარ. თუმცა ხელით თამაშის წესი არ არის მაქსიმალურად დაკონკრეტებული. მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ მქონია იმის შიში, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მომდევნო ეტაპზე გავიდოდა, მაგრამ როგორც ნახეთ, გავიდა! მანჩესტერელებს ვულოცავ.”

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამ წაგებას მენტალური კავშირი 2017 წლის მარტში მომხდარ ამბავთან, როცა პსჟ-მ ბარსელონასთან 1:6 წააგო, პსჟ-ს გერმანელმა დამრიგებელმა ასე უპასუხა: “არა, ასეთი პარალელის გავლება არ შეიძლება. მაგალითად, თილო კერერს მაშინ ‘ნოუ კამპზე’ არ უთამაშია - ის გუნდში ახალია. ჩემთვის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არსებობს. თამაში ნამდვილად ცუდად დავიწყეთ. მერე გამოვსწორდით, რეაქცია ვაჩვენეთ და ოდნავადაც არ გვეპარებოდა ეჭვი წარმატებაში. ვერავინ იტყვის, რომ დაბნეულები ვიყავით. საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. მერე არაფრისგან მივიღეთ მეორე ბურთი - ჯიჯის ისეთი შეცდომა მოუვიდა, რომლის მსგავსი არ დაუშვია და აღარც დაუშვებს. სხვათა შორის, არც ბუფონს უთამაშია მაშინ, ბარსელონაში. არც მე ვიყავი მაშინ ბარსას მთავარი მწვრთნელი.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები