Thumbnail

სულ რამდენიმე დღის წინ, ლოს ანჯელესში, სტეიპლს-ცენტრიდან ლებრონ ჯეიმსის უზარმაზარი პოსტერი ჩამოხსნეს. საერთოდაც, მთელი სეზონის განმავლობაში, ლებრონის წინააღმდეგ ცალკეული აქციები არ წყდებოდა.

ერთი შეხედვით, ცოტა სულელური ამბავია - ბოლო 10 წლის პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი თავისი კარიერის ბოლო წლებს სწორედ ლოს ანჯელესში ატარებს და საინტერესოა, ვისი პოსტერი უნდა დაკიდონ მის ნაცვლად - იმედია, ლონზო ბოლის, ან ბრენდონ ინგრემის არა. ლეიკერსი საკმარისად დიდი და გამართული ორგანიზაციაა იმისთვის, რომ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს.

ამ ყველაფრის ცოტა მესმის კიდეც - ეს ბუნებრივი რეაქციაა, ცოტა ემოციური, მაგრამ ბუნებრივი - მგონია, რომ აქ კობი ბრაიანტის მონატრების ამბავია. კობი არამხოლოდ როგორც მოთამაშე, არამედ როგორც პერსონა, იმდენად დიდი, განსხვავებული და განსაკუთრებული იყო, რომ მისი ავტომატურად ჩანაცვლება სხვა, თუნდაც უდიადესი მოთამაშით არ გამოვა.

ამ სტატიის მიზანი არც კობის და ლებრონის შედარებაა და არც ლებრონის კრიტიკა - საერთოდაც, NBA-ს კლუბის მენეჯერი რომ ვიყო, ამ ორიდან ალბათ უფრო ლებრონს ავირჩევდი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს სტატია კობიზეა... კობის თამაშის და იმ ფასეულობების, იმ სტილის და მსოფლმხედველობის მონატრებაზე, რომელსაც კობი განასახიერებდა.

ბრაიანტზე წერა ჩემთვის ძალიან რთულია - ძალიან პირადი ამბავია და ამიტომ. წინ უფრო ემოციები მოდის, ვიდრე ანალიზი. ჩვენ კობის თაობა ვართ და თითქმის 20 წლის მანძილზე ჩვენს ესთეტიკას, გემოვნებას და ხედვას ეს კაცი აყალიბებდა. მოკლედ, ყველაფერი კობის თამაშის და მისი ფილოსოფიის შესახებ. ანუ რას ნიშნავს - Mamba Mentality.

კობის საჩემპიონო გუნდები

კობის 5 ჩემპიონობა ლეიკერსის ორ სხვადასხვა გუნდზე მოდის. ამ ორ გუნდს თითქმის 10 წელი აშორებს ერთმანეთს. საერთო მათ მხოლოდ ერთი აქვთ, ორივე შემთხვევაში ლეიკერსს ფილ ჯექსონი წვრთნიდა და კობი ბრაიანტი ორივე ამ გუნდში მთავარი ვარსკვლავი იყო.

ეს ორი გუნდი განსხვავებულია - პირველ რიგში თავისი ტალანტით. საუკუნის დასაწყისის ლეიკერსი ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური და ვარსკვლავური გუნდია, რომელიც კი NBA-ს უნახავს. ნებისმიერ დავაში, თუ რომელია ყველა დროის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო გუნდი, კობის და შაქის ლეიკერსი თავის ადგილს დაიკავებს. ბევრჯერ მსმენია ის მოსაზრებაც, რომ ეს გუნდი იყო უფრო ძლიერი, ვიდრე სხვა ისტორიული გუნდები - ჯორდანის ჩიკაგო, ლარი ბერდის ბოსტონი, თანამედროვე გოლდენ სტეიტი, ან ლებრონის და უეიდის მაიამი.

მსოფლიოს ორი საუკეთესო კალათბურთელი ლეიკერსში თამაშობდა. ამ გუნდში კობისთან ერთად იყო შაქილ ონილიც - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი. კალათბურთელი, რომლის შეჩერებაც მისი ათლეტიზმის, მასის, სიმაღლისა და ფიზიკური ძალის გამო შეუძლებელი იყო. ეს ლეიკერსიც სწორედ შაქილ ონილის გარშემო ააწყვეს და იმ წლებში ჯერ კიდევ ახალგაზრდა კობის სუპერვარსკვლავობამდე სწორედ შაქილი იყო მისი უპირველესი ვარსკვლავი.

გარდა ამისა, ლეიკერსს ჰყავდა ძალიან გამოცდილი მოთამაშეები, რომლებთან ერთადაც ლეიკერსის შემადგენლობა ყველა სხვა NBA-ს გუნდს ერთი თავით აღემატებოდა.

2009-2010 წლების ლეიკერსი კი ბევრად უფრო ნაკლებად ვარსკვლავური გუნდი იყო და თავისი შემადგენლობით ყველაზე ძლიერ გუნდად ლიგაში არ მიიჩნეოდა. მაგალითად, „დიდი სამეულის“ (პირსი, გარნეტი, ალენი) ბოსტონ სელტიკსი, რომელთანაც ლეიკერსმა ამ წლებში ორი სუპერფინალი ითამაშა, ერთხელ მოიგო, ერთხელ კი წააგო, შემადგენლობით უფრო ძლიერ და ვარსკვლავურ გუნდად გამოიყურება. ამ ფორმაციის გუნდში კობის სხვა სუპერვარსკვლავი არ ჰყავს. მისი მთავარი დამხმარე კი პაუ გასოლია.

ორივე გუნდს კიდევ ის აერთიანებს, რომ კობისთან ერთად უკანა ხაზში დერეკ ფიშერი თამაშობს. გამთამაშებელი, რომელიც თვითონ იშვიათად უტევს და უბურთოდ თამაშიც შეუძლია. ეს ლოგიკურია, კობისთან ერთად, ერთ გუნდში, სხვა მისი ტიპის მოთამაშე, რომელიც დაახლოებით იგივე პოზიციაზე და იგივე ზონებში თამაშობს და ბურთს დიდხანს ფლობს, რთული წარმოსადგენია.

ფიშერი კარგად ისროდა სამქულიანებს და მაშინ, როდესაც კობი მეტოქის ფარს უტევდა, ფიშერი, პერიმეტრზე (უმეტესად კუთხის სამიანზე) გადიოდა, მეტოქე გაჰყავდა და კობის სივრცეს უთავისუფლებდა.

ამ ორ საჩემპიონო ლეიკერსს კიდევ ის აერთიანებდა, რომ ორივე შემთხვევაში ფილ ჯექსონმა შეტევა კობის გარდა სამწამიანზე, ცენტრის პოზიციაზე ააგო. ეს გადაწყვეტილებაც ლოგიკურია. კობი პირველ რიგში მსროლელია, ის ძალიან კარგად ისვრის დისტანციიდან და ქულების ჩასაყრელად მას აუცილებლად სამწამიანში თამაში არ სჭირდება. ამით იგი განსხვავდება, მაგალითად, ლებრონ ჯეიმსისგან, რომელიც ყველაზე ეფექტურად სამწამიანიდან უტევს, ამისთვის მას იქ სივრცე სჭირდება და შესაბამისად, მის გუნდებშიც დომინანტი ცენტრის ადგილი არასოდეს არ არის.

ფილ ჯექსონმა ორივე საჩემპიონო ლეიკერსში კობის გარდა, შეტევა მის დიდ მოთამაშეებზე - ცენტრებსა და მძიმე ფორვარდებზე ააგო. მას ჯერ შაქილ ონილი ჰყავდა, 2009-2010 წლებში კი ჯექსონი ორი ნომინალური ცენტრით - გასოლი-ბაინამის დუეტით თამაშობდა. ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით კი 2009-2010 წლების ლეიკერსი ძალიან მძიმე და ათლეტური გუნდი იყო. თუკი კობი არ ყრიდა, მიეცი ბურთი შაქილს, გასოლს, ან ბაინამს და ისინიც თავისი გაბარიტების, სიმაღლის და ძალის წყალობით ჩააგდებენ ბურთს სამწამიანიდან.

უცნაურია, თუ როგორ შეძლო ფილ ჯექსონმა ორი სრულიად განსხვავებული ტაქტიკით თამაში. მის მიერ გაწვრთნილი ჩიკაგო არასოდეს არ უტევდა ცენტრის, ან მძიმე ფორვარდის დახმარებით. ამ პოზიციებს ჩიკაგოში დაცვაზე ორიენტირებული მოთამაშეები იკავებდნენ. ორივე ფორმაციის მის ლეიკერსში კი პირიქით იყო.

საუკუნის დასაწყისის ლეიკერსი დაუმარცხებელ გუნდად გამოიყურებოდა. მათ ანგარიშზე ზედიზედ სამი ჩემპიონობა, 5 წელიწადში 4 ფინალი (მეოთხე ფინალში ლეიკერსი დეტროიტთან დამარცხდა) და მთელი პლეი ოფის მხოლოდ 1 მარცხით გავლა (შედეგი, რომელიც მხოლოდ გოლდენ სტეიტმა გაიმეორა 2 სეზონის წინ) იყო.

გასოლის და ბაინამის ლეიკერსმა ზედიზედ ორი ჩემპიონობა მოიპოვა და სამი ფინალი ითამაშა (პირველ ფინალში ბოსტონთან დამარცხდნენ), თუმცა მათი უპირატესობა დანარჩენ ლიგაზე ასე მკვეთრად გამოხატული არ იყო.

ორი რამ, რაზეც გული მწყდება

1. საუკუნის დასაწყისის ლეიკერსი ხშირად უფრო მეტად შაქილ ონილის სახელთან არის დაკავშირებული, ვიდრე კობი ბრაიანტთან. შეუიარაღებელი თვალით ეს შეიძლება ასეც იყოს. შაქილი იმ დროს ლიგის უპირველეს ვარსკვლავად მიიჩნეოდა, კობი კი მხოლოდ რამდენიმე წლის მოსული იყო ლიგაში. გარდა ამისა, ონილი იმდენად დომინანტი და გამორჩეული მოთამაშეა, რომ იოლად გვხვდება თვალში. შაქილი თავის საუკეთესო წლებში, მისი ძალიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, მოსიარულე ჰაილაითი იყო. ეს დაახლოებით ისეა, გულივერი რომ წარმოიდგინოთ ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის.

შაქილი იყო ყველაზე ეფექტური შემტევი ძალა ლიგაში. სამივე მოგებულ ფინალში სწორედ იგი გახდა საუკეთესო მოთამაშე (MVP). 2002 წელს თამაშში მისი 36 ქულა და 12 მოხსნა კი ფინალების ერთ-ერთ საუკეთესო შედეგად რჩება.

ამის მიუხედავად, ეს გუნდი არანაკლებ, ტაქტიკურად და სტრუქტურულად კი, შეიძლება უფრო მეტადაც იყო კობიზე დამოკიდებული. კობი ამ წლებში ონილზე არანაკლებს ყრიდა.

ამასთან ერთად, თამაშში შაქს 10-ზე მეტი მოხსნა ჰქონდა, ხოლო კობის 5-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა - ეს 2 მოთამაშე ერთმანეთს კარგად ავსებდა.

შაქი ძირითადი შემტევი ოფცია იყო კრიტიკულ მომენტებში, სამაგიეროდ, ბურთის განაწილება, მისი წამოღება და თამაშის წაყვანა კობის ევალებოდა. სწორედ მისი მეშვეობით იყო შესაძლებელი ჯექსონის საყვარელი ტაქტიკური სქემის, ე.წ. სამკუთხა თავდასხმის, ეფექტურად განხორციელება.

შაქი ყველაზე ეფექტური იარაღი იყო, კობი კი კაცი, რომელიც ამ იარაღის გამოყენებას შესაძლებელს ხდიდა.

ამაში გვარწმუნებს ე.წ. გამოყენების ინდექსიც. NBA-ში ითვლიან, თუ რა პროცენტით არის მოთამაშე ჩართული თავისი გუნდის თამაშში. ამ სეზონებში კობის და შაქს აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებელი აქვთ, ორივეს ერთნაირად მიყავს თავისი გუნდის თამაში.

სამივე ამ სეზონში სუპერფინალებში კობი სტაბილურად ყრიდა 30 ქულის ფარგლებში და ამ მაჩვენებლით, ფაქტობრივად, არ ჩამოუვარდებოდა შაქს.

2. ძალიან მწყდება გული, რომ კობი ბრაიანტი ისტორიაში ყველაზე მეტად, როგორც ინდივიდუალისტი რჩება. კობის ინდივიდუალური წარმოდგენები - მისი 81-ქულიანი თამაში ტორონტო რეპტორსთანრეკორდული 61 ქულა ლეგენდარულ მედისონ სკვერ გარდენში ნიუ იორკ ნიქსთან, ზედიზედ 16 შეხვედრაში 30 და მეტი ქულა, ზედიზედ 4-ჯერ 50 და მეტი ქულა და სხვა მსგავსი შედეგები ყველაზე მეტად ახსოვს რიგით გულშემატკივარს.

არადა, ეს შედეგები უმეტეს წილად კობიმ ლეიკერსის იმ ფორმაციის გუნდებში აჩვენა, როდესაც კალიფორნიელები ჩემპიონობისთვის კი არ იბრძოდნენ, არამედ მხოლოდ ლოკალური მიზნები ჰქონდათ. ზემოთ განხილული ორი საჩემპიონო ლეიკერსის გარდა, კობის თითქმის ყოველთვის ძალიან სუსტ გუნდში უწევდა თამაში. შაქის წასვლის შემდეგ, ლეიკერსი რამდენიმე სეზონი ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოდა, იგივე მოხდა გუნდიდან ფილ ჯექსონის წასვლის შემდეგაც 2011 წელს. ამ სეზონებში კობი, ფაქტობრივად, მარტოა და იძულებულია, ძალიან სუსტ გუნდში მარტომ აიღოს თამაში თავის თავზე. მისი რეკორდული წარმოდგენების დიდი ნაწილი სწორედ ამ სეზონებზე მოდის (თუმცა მათ მნიშვნელობაზე ქვემოთ ვიმსჯელებთ).

როდესაც 80 ან 70 ქულას აგდებს, ეს ამ მოთამაშის კლასის გარდა, იმაზეც მეტყველებს, რომ გუნდური შემტევი სისტემა არ მუშაობს. ის სეზონები, როდესაც კობის ინდივიდუალიზმი ფილ ჯექსონის ტაქტიკას იდეალურად ერწყმოდა (საჩემპიონო სეზონებს ვგულისხმობ), რიგით, კალათბურთში ნაკლებად გაცნობიერებულ გულშემატკივარს არ ახსოვს. არადა, შაქთან ერთად გუნდში 30 ქულის ჩაგდება არანაკლებ რთული ამოცანაა, ვიდრე მარტო შეტევის დროს 50-ის.

საერთოდ სხვა თამაში - რატომ ვერ ვნახავთ ახალ კობის

კობისთან ერთად წავიდა ის კალათბურთი, რომელიც NBA-ს სათამაშო სტილს თითქმის 30 წელი განსაზღვრავდა. მისი ორივე ფორმაციის - როგორც საჩემპიონო, ისე ლეიკერსის სუსტი გუნდები - თანამედროვე თამაშის ძირითადი პრინციპებისგან ძალიან განსხვავდებიან.

ჩემპიონი ლეიკერსი ორივე შემთხვევაში ძალიან ნელა, მძიმე კალათბურთს თამაშობდა. შეუძლებელია, სწრაფად შეუტიო და დინამიური კალათბურთი ითამაშო, როდესაც გუნდში შაქილ ონილი, ან გასოლი-ბაინამის დუეტი გყავს. მსგავსი გაბარიტების მქონე მოთამაშეებს უბრალოდ დიდი დრო სჭირდებათ, პარკეტზე რომ იმოძრაონ და შეტევიდან დაცვაში და დაცვიდან შეტევაში გადავიდნენ. ნელა თამაშობდა კობიც, რომელსაც ბურთის დიდი ხანი ხელში ჭერა უყვარს.

ამ ლეიკერსის თამაში თანამედროვე თამაშისგან ძალიან განსხვავდება. ბურთი ცოტას მოძრაობს და ძირითადად შემტევ მოთამაშეს აქვს ხელში. თანამედროვე თამაშის ძირითადი პრინციპები - სწრაფად თამაში, ტემპის გაზრდა, აქცენტი არა მოთამაშის მასაზე და ძალაზე არამედ სისწრაფეზე, ცენტრების როლის დაქვეითება, სამქულიანები - კობის ლეიკერსისთვის უცხო იყო.

წაიკითხეახალი თამაში - სტეფ კარის NBA

თამაშის ნელი ტემპიდან გამომდინარე, შაქის და კობის გუნდი ხშირად 100 ქულასაც ვერ ყრიდა, არადა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეტევა ჰყავდა. ამ ეფექტურობით და თანამედროვე ტემპით ეს გუნდი სტაბილურად 120 ქულას ჩაყრიდა.

2009 წელს ლეიკერსი ორლანდოსთან ფინალში 5 თამაშში არცერთხელ არ ასცილებია 104 ქულას. შემდეგ სეზონში ბოსტონთან სუპერფინალში კალიფორნიელები 7 თამაშში მხოლოდ ერთხელ ასცდნენ 100 ქულას, გადამწყვეტი მეექვსე და მეშვიდე თამაშები კი ანგარიშით - 89-67 და 83-79 მოიგეს. კობი სტაბილურად ყრიდა 30 ქულის ფარგლებში. შესაბამისად, ამ ტიპის, ნელ და დაცვით თამაშში ჩაგდებულ 30 ქულას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე დღეს რომელიმე სტეფ კარის ან კევინ დურანტის 30-ქულიან თამაშს, როდესაც ორივე გუნდი 110-120 ქულის ფარგლებში ყრის.

ამ წლებში კობი სუპერფინალებში თავისი გუნდის ქულების ერთ მესამედს ყრიდა.

სრულიად განსხვავებული იყო კობის თამაში ლეიკერსის სუსტ გუნდებშიც. იგი მთელ თამაშს თავის თავზე იღებდა და მუდმივი იზოლაციით უტევდა. იზოლაცია დღეს ყველაზე არაეფექტურ შეტევად მიიჩნევა.

NBA-ში ითვლიან ე.წ. per minute production-ს, ანუ ერთი წუთის განმავლობაში მოთამაშის მიერ ყველა გაკეთებული მოქმედების ჯამს - იგულისხმება - პასი, შეტევა, გახსნა, დაცვა და ა.შ. ჩვეულებრივ შედეგად 15 მიიჩნევა. კობის 1999-2014 წლებში ეს მაჩვენებელი ყოველთვის 20-ზე მეტი ჰქონდა, მის ყველა სუსტ გუნდებში კი, მაგალითად, 2005-2007 წლებში, როდესაც კობის მარტო უწევდა მთელი თამაშის წაყვანა, 25-ს სცდებოდა - თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე ლიგის საშუალო მაჩვენებელი.

100 ქულას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ლიგაში, სადაც ბევრად უფრო შემტევი თამაშია და ჩაყრაც იოლდება, კობის მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

რატომ ვერ აჩერებდნენ კობის?

კობის ჯორდანის შემდეგ ალბათ ყველაზე სრულყოფილი შემტევი არსენალი ჰქონდა. თუკი ჯორდანი ან თუნდაც ლებრონი პირველ რიგში სამწამიანში შესვლას და ახლო და საშუალო მანძილიდან ქულებს ყრიდნენ, კობის ძალიან კარგი საშუალო და გრძელი სროლა აქვს. საშუალო და გრძელი ორქულიანები თანამედროვე ლიგაში ნაკლებად პოპულარულია. კობი კი ამ სათამაშო ელემენტს იდეალურად ფლობდა. მას ძალიან გრძელი ხელები აქვს, კარგად ხტება და იდეალურად აკონტროლებს სხეულს.

მისი კოორდინაციის და მოძრაობის პირობებში 198-სანტიმეტრიანი (კალათბურთელისთვის არცთუ ისე დიდი სიმაღლე) ბრაიანტის დაფარება, თითქმის შეუძლებელი ამოცანა იყო. თუკი ჯორდანი, ან ლებრონი პირველ რიგში უნიკალურ ფიზიკურ მონაცემებთან ასოცირდებიან, კობი თავისი skill-ების, დაყენებული უნარების, მეშვეობით ყრიდა.

კობის კარიერის პირველ ეტაპზე იგი უფრო მეტად ათლეტური იყო და ხშირად შედიოდა სამწამიანში. მეორე ეტაპზე კი უფრო ხშირად არჩევდა გრძელ ან საშუალო სროლებს.

კობის სროლის საშუალო დისტანცია 4.29 მეტრია. ეს მანძილი კალათბურთისთვის საშუალო დისტანციად მიიჩნევა. 2010 წლამდე კობი ყოველ სეზონში თავისი ქულების სულ მცირე 20 პროცენტს მაინც 1 მეტრამდე დისტანციიდან აკეთებდა - ანუ ჩატენვებისა და ლეი აფების მეშვეობით. 2003-2004 წლების სეზონში კი ეს მაჩვენებელი საერთოდაც 31.9 პროცენტამდე ავიდა. სამაგიეროდ, ამ წლებში 3-დან 5 მეტრამდე დისტანციიდან იგი თავისი სროლების 15-პროცენტიან მაჩვენებელს მხოლოდ ორჯერ გადასცდა.

2010 წლის შემდეგ, ასაკში შესვლასთან ერთად, კობი უფრო ხშირად ისვრის დისტანციიდან და ერიდება შესვლებს, რომლებიც ბევრ ფიზიკურ ძალას მოითხოვენ. 3-5 მეტრის დისტანციიდან სროლები ყოველ წელს სცდება 15 პროცენტიან მაჩვენებელს.

შენიშვნა: დანარჩენი პროცენტული მაჩვენებელი ჯარიმებზე მოდის

შეტევის გარდა, კობი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. კარიერის პირველ ეტაპზე, კობი დაცვას უფრო მეტ დროს უთმობდა და 9-ჯერ (!) მოხვდა NBA-ს საუკეთესო მცველების ხუთეულში. ჩვეულებრივ, კობი მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშეებს პირადად ეთამაშებოდა. კიდევ ერთი სხვაობა თანამედროვე კალათბურთთან - თანამედროვე სუპერვარსკვლავები ცდილობენ, დაცვაში ენერგია დაზოგონ.

Mamba Mentality - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

მგონია, რომ ეს ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, კობისთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთოდაც არ არის, არც 5 ჩემპიონობა, არც მოგებული თამაშები და ა.შ.

კობი ყველაზე საინტერესო მისი ხასიათის გამოა. მგონია, რომ პირველ რიგში სწორედ მისი ხასიათის გამო უყვართ და ენატრებათ იგი. კობიმ, როგორც პერსონამ და არა როგორც კალათბურთელმა, სულ მცირე, რამდენიმე თაობა განსაზღვრა.

კითხვაზე, არის კი იგი თავისი ეპოქის საუკეთესო მოთამაშე, დავა შეიძლება, თუმცა, უდავოა, რომ იგი თავისი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

კობი დრაფტზე მე-13 ნომერი იყო. მას ლებრონის, ან ჯორდანისგან განსხვავებით, პირველი დღიდანვე NBA-ს დაპყრობას არ უწინასწარმეტყველებდნენ. მას ბუნებამ ბევრად უფრო ნაკლები მისცა, ვიდრე ჯორდანს, ლებრონს, ან შაქს. არსებობენ მარადონას, ან ჯორდანის ტიპის ზეადამიანები, რომლებიც თითქოს ამ დონეზე დაიბადნენ. ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ღამე კლუბში, ან კარტის თამაშში გაათენონ და მეორე დღეს ჩვეულ დონეზე ითამაშონ. ჯორდანის გარშემო სწორედ ასეთი ისტორიებია.

კობი კი ამ ზეადამიანურ დონეზე თავისი მანიაკალური მონდომებისა და ხასიათის წყალობით ავიდა. მთელი მისი კარიერა ზეადამიანური სწრაფვაა უკვდავებისკენ. ეს არის ყველაზე გმირული და ეპიკური ისტორია, რომელიც სპორტში მინახავს.

კობი არასოდეს ყოფილა ქუჩაში გაზრდილი ბავშვი, რომლისთვისაც კალათბურთი თავის გადარჩენის შანსი იყო. მისი აგრესია, ნებისყოფა და მონდომებაც ქუჩიდან არ მოდის. ბავშვობიდან კობი ის იყო, ვისაც სიდიადე, სახელის მოხვეჭა, იზიდავდა - კალათბურთმა კი მას საშუალება მისცა, მთელი მისი ცხოვრება ამ სიდიადის, უკვდავებისკენ სწრაფვა ყოფილიყო.

კობის მამა თავადაც კალათბურთელი იყო, იტალიაში თამაშობდა და კობიც იქ გაიზარდა. ბავშვობაში მას ჰომეროსის „ილიადას“ წაკითხვა უწევდა მკვდარ ენაზე - ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია, მისი ხასიათი რომ გავიგოთ. „ილიადა“ - ეს ომის და უკვდავებისკენ სწრაფვის ისტორიაა. კობიც თითქოს მუდმივ ომში იყო - ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ.

კობი: „ყველაზე მეტად ჰექტორსა და აქილევსს შორის განსხვავება მაინტერესებდა. ორი სხვადასხვა ფილოსოფია, რომელსაც ისინი ასახიერებენ. ორი ურთიერთგამომრიცხავი რწმენა. სად ვხედავ ჩემს თავს? ჩემთვის ბავშვობის წლებში, აქილევსი უფრო საინტერესო იყო, რადგან უფრო აგრესიულია."

კობიც, თითქოს მთელი კარიერა აკეთებდა იმას, რაც შეუძლებელი იყო. ასე იქმნებოდა მისი 60 და 80 ქულიანი თამაშები. ფილ ჯექსონის უკანასკნელი თამაშის წინ, როდესაც ლეიკერსი მომავალ ჩემპიონ დალასსთან 3-0-ს უშანსოდ აგებდა, ყველამ იცოდა, რომ კალიფორნიელებს შანსი აღარ ჰქონდათ, 3-0 არავის მოუტრიალებია ისტორიაში, კობი თამაშისწინა ინტერვიუზე კი სერიოზულად ამბობდა, რომ მას ამ სერიის მოტრიალება კი არა, გაქანებული მატარებლის გაჩერება შეუძლია. მგონია, რომ კობი სწორედ ამას ამტკიცებდა - თუკი მუდამ ცდილობ შეუძლებელი შექმნა, ერთხელაც შეიძლება ეს გამოგივიდეს. ოღონდ, ერთი განსხვავებით: მას ეს ხშირად გამოსდიოდა!

კობი: „გინდათ, რომ რამეში საუკეთესოები იყოთ, მაშინ ამ მიზნით შეპყრობილები უნდა გახდეთ. ბევრი ამბობს, რომ პირველობა უნდა, მაგრამ სინამდვილეში არ არიან მზად, მსხვერპლი გაიღონ მიზნებისთვის, სიდიადისთვის. მათ სულ რაღაც აწუხებთ, სხვა საქმეები აქვთ - მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო და მთავარ ოცნებას წყდებიან. ეს ნორმალურია - სიდიადე ყველასთვის არ არის. სიდიადეს ძალიან ბევრი დრო და მსხვერპლის გაღება სჭირდება. ხალხი ვერ ხვდება, თუ რამდენ ძალისხმევას და მსხვერპლს მოითხოვს ადამიანი, რომელიც თავის ოცნებას მიყვება.“

კობიმ სწორედ ასე შექმნა Mamba Mentality- თავისი ფილოსოფია - მსხვერპლის გაღების, მონდომების და შრომის კულტურას რომ ეფუძნება.

თავის პირველ 17 სეზონში მას მუდამ 60 თამაშზე მეტი ჰქონდა ჩატარებული, 4-ჯერ კი 82-თამაშიანი სეზონის ყველა თამაში ჩაატარა - ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს არ მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, თუნდაც ერთი, უმნიშვნელო თამაში დაესვენა, თუნდაც მიკროტრავმის ან გადაღლის მოტივით.

კობის ეთიკა და მისი ფილოსოფია ყოველთვის ტკივილის დათმენის, უფრო მეტიც, ტკივილის სიყვარულს ეფუძნებოდა. თავის წიგნში, იგი აღწერს, თუ როგორ უნდა ეთამაშო ლებრონს, რომელიც თავისი ფიზიკური ძალით და ათლეტიზმით, ჩვეულებრივ, მოწინააღმდეგეებს იოლად ჩაგრავს. კობი ამბობს, რომ მან თავიდანვე აგრძნობინა მასზე ბევრად მასიურ ლებრონს, რომ მას თამაშის ათლეტური სტილი და ტკივილის მიღება მხოლოდ სიამოვნებს და ლებრონის მასის და ძალის მას საერთოდ არ ეშინია. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც ყველა ვარსკვლავის მატჩზე დუეინ უეიდმა კობის ცხვირი გაუტეხა და შემდეგ მოუბოდიშა, კობიმ უპასუხა - 'I loved it'.

კობის 6-საათიანი ინდივიდუალური საწვრთნელი დღე უმაგალითოა NBA-ს მასშტაბითაც კი. ყველაზე კარგად კობის მონდომების შესახებ, ალბათ ამერიკის ნაკრებში მომხდარი ისტორია მოგვითხრობს - ნაკრების მწვრთნელმა კობი ღამის 3 საათზე დარბაზში აღმოაჩინა და მეორე დილას 11-ზე ისევ იქ იყო - მთელი ეს დრო, ნაკრების ვარჯიშამდე, გადაბმულად ვარჯიშობდა.

კობიმ ვარჯიშს მთელი ღამე მოანდომა - 'ის ბოლომდე ადამიანი არ არის', როგორც კობიზე შექმნილი ერთ-ერთი სტატიის სათაური გვეუბნება.

თავისი ხასიათით კობი უფრო ახლოს არის ამერიკულ იდეალთან, ვიდრე, მაგალითად, ჯორდანი. ადამიანი, რომელსაც ბუნებამ ყველაზე მეტი არ მისცა, თუმცა თავისი ხასიათის წყალობით, ყველაზე მაღლა ავიდა.

ამერიკული ფოლკლორის ნაწილია, თუ როგორ იწყებდა კობი დილის 4 საათზე თავის საწვრთნელ დღეს. მას უბრალოდ სურდა, რომ გუნდის ვარჯიშამდე მოესწრო თავისი ინდივიდუალური საწვრთნელი პროგრამა. კარიერის დასრულების შემდეგაც კი, კობი სრულიად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ იპოვა მოტივაცია, ისევ დილის 4-ზე ადგეს და ივარჯიშოს. მისი ვარჯიში დილის 5-დან 7-მდე გრძელდება, შემდეგ დილის 11-დან შუადღის 2-მდე მეორე ვარჯიში და საღამოს 6-დან 8-მდე მესამე.

კობი: „მე არ მინდოდა, რომ დრო დამეკლო არც კალათბურთისთვის და არც ოჯახისთვის, ამიტომაც, დრო ძილს მოვაკელი.“

კობი იყო ალბათ პირველი, რომელმაც ჯერ კიდევ ინტერნეტის და ანალიტიკური საკალათბურთო მონაცემების ეპოქამდე, მანიაკალური სიჯიუტით დაიწყო, მოწინააღმდეგეების შესწავლა. ჩვეულებრივ, მცველები სწავლობენ ხოლმე მეტოქის ვარსკვლავებს. კობის კი სურდა, რომ შეესწავლა მცველები, შეესწავლა ყველა მისი მოწინააღმდეგე. შესწავლის შემდეგ იგი მეტოქის მიხედვით სპეციალურად ცვლიდა თავის თამაშს - ეს იყო პროცესი, რომელიც საათები გრძელდებოდა. ვიდეოანალიზი მისი საყვარელი საქმიანობაა.

ყველა თამაშის მერე, იგი თვითმფრინავშივე იწყებს უკვე ჩატარებული თამაშის ვიდეოანალიზს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ახლა, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ - ანგარიშზე გაქვთ 300 მილიონზე მეტი გამომუშავებული, 5 ჩემპიონობა, ყველაფერს მიაღწიეთ რაც გინდოდათ და შემდეგ რიგით, არაფრის მომცემ თამაშში ჩააგდეთ თქვენი კუთვნილი 40 ქულა და ამის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ დამსახურებულად დაისვენოთ ან გაერთოთ, ისევ იწყებთ ამ თამაშის ანალიზს, იწყებთ მისი დასრულებისთანავე და აკეთებთ ასე ყოველ დღე, ყოველ თამაშზე, მთელი ცხოვრება - ხვდებით ალბათ, რა მასშტაბის ნებისყოფაა საჭირო ამისთვის.

მუდმივი ომის ისტორია

კობის შესახებ ბევრს გვეუბნება შაქის მიერ მოთხრობილი ისტორია. ლეიკერსის გასახდელში ძალიან პოპულარული იყო ექსპრომტად შექმნილი ჰიპ-ჰოპი. ყველა ერთობოდა ამით - კობის გარდა. ერთხელაც, კობი ადგა და წაიკითხა ჰიპ-ჰოპი, რომელიც აშკარად არა ექსპრომტი, არამედ წინასწარ შექმნილი იყო. თანაგუნდელებმა ეს გააპროტესტეს, კობი ჯიუტად თავისაზე იდგა - აქ ჩანს მისი ხასიათი, თუნდაც გუნდელებთან წასაკითხი, აბსოლუტურად უაზრო და უმნიშვნელო ჰიპ-ჰოპი, მან წინასწარ, კარგად დაამუშავა.

მთელი მისი კარიერა შეჯიბრობითობის, სხვისი დამარცხების სურვილზე იდგა - სწორედ ეს სურვილი აძლევდა მას ენერგიას. სწორედ ამიტომ არ გავიდა დარბაზიდან, როდესაც ერვინ უილიამსს მის მსგავსად ბევრი ვარჯიში უნდოდა.

მისივე თქმით, მისი საყვარელი ხმა სიჩუმეა ანუ როდესაც მისი ჩაგდებული ბურთების გამო მეტოქის გულშემატკივრები ჩუმდებიან. სწორედ ამიტომ ერჩივნა გასვლაზე თამაში. სტუმრად თამაშის დროს მას უფრო ბევრი მტრები ჰყავდა - მეტოქის ფანების ჩათვლით. რაც მეტია გამოწვევა, კობი ბრაიანტიც თავს უკეთესად გრძნობს.

კობი წინა კვირას კიდევ ერთხელ მომენატრა განსაკუთრებულად. დუეინ უეიდმა ჯადოსნური სამქულიანით გოლდენ სტეიტი დაამარცხა. მატჩის მერე ვორიორსის ლიდერმა, სტეფ კარიმ, უეიდს კომპლიმენტები უძღვნა - 'არაუშავს, რომ წავაგეთ, სამაგიეროდ, ეს სროლა ვნახეთო'. უცებ კობი გამახსენდა, თამაში, რომ წაეგო და მერე მეტოქეებისთვის კომპლიმენტები ეძღვნა, წარმოგიდგენიათ?!

მთელი მისი კარიერა, არამხოლოდ მეტოქეებთან, არამედ თანაგუნდელებთან ომის ისტორიაც არის. კობის უბრალოდ არ სურს გაიგოს, რომ ვიღაცას მასზე ნაკლები მონდომება აქვს, მასზე ნაკლებად უნდა მოგება. ყველანაირ განსხვავებულს თავის გარშემო იგი მთელი მისი კარიერის მანძილზე სპობდა. თუკი გართობა და კარგი ხასიათი გინდათ, მაშინ კობი ბრაიანტს ნუ მიაკითხავთ. კობი ბრაიანტი უკვდავებისთვის იბრძვის და მის გვერდზე დაღლის ან დასვენების ადგილი არ არის. ჩემთვის კობი ძალიან გავს კაპიტან აქაბს, 'მობი დიკის' ერთი ძალიან დიდი ამერიკული წიგნის მთავარ გმირს. კობიც აქაბივით არ დაუშვებს, რომ მასთან ერთად ვინმემ გამოწვევების გარდა, რამე სხვაზე დახარჯოს მისი დრო და ენერგია.

სწორედ ამიტომ გააშვებინა გუნდიდან შაქი - ლიგის უპირველესი ვარსკვლავი. შაქის ხუმრობები, მუდმივი გართობა და სიზარმაცე ვარჯიშებზე კობის ძალიან აღიზიანებდა. შაქი რეგულარულ სეზონში თავს არ იკლავდა და ფორმაში პლეი ოფისთვის, გადამწყვეტი თამაშებისთვის შედიოდა. კობის კი ამის ატანა არ შეეძლო - მას ყველა თამაშის, ყველაფრის მოგება უნდოდა და შაქის მსუბუქი დამოკიდებულება, მისთვის მიუღებელი იყო.

სწორედ ასე დაასრულა მან დუაიტ ჰოვარდის ლოს ანჯელესური კარიერა. კობის უბრალოდ არ შეეძლო გაეგო, როგორ შეიძლება ადამიანმა ვერ ჩააგდოს საჯარიმო ტყორცნები. ვერ აგდებ, ესე იგი საკმარისად არ ვარჯიშობ - ასე ჟღერდა მისი პრეტენზია.

ქვამე ბრაუნი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ლეიკერსის წევრი იხსენებდა, რომ თვეების განმავლობაში კობი მას საერთოდ არ ეკონტაქტებოდა. მუდამ თვითმფრინავის ბოლო რიგში, მარტო იჯდა და თავისივე თამაშის ვიდეოებს უყურებდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ლეიკერსი ისტორიაში და ნათელია, რომ კობის თავისი გუნდელები რბილად, რომ ვთქვათ, მაინცადამაინც არ უყვარდა. როდესაც, ბრაუნმა მასთან გასაუბრება სცადა, კობიმ პირდაპირ უთხრა, რომ ბრაუნს მასთან ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა.

"მე წაგებულებთან საერთო არაფერი მაქვს" - ესე ჟღერდა მამბაიზმის, მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი დევიზი.

საერთოდაც მთელი მისი კარიერის მანძილზე მას თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ეგუებოდნენ. კობი არ მეგობრობს სხვა სუპერვარსკლავებთან - ის არ აპირებს დრო გაატაროს იმ ხალხთან ერთად, რომელთა დამარცხებასაც მეორე დღეს პარკეტზე აპირებს. კალათბურთი მისთვის ომია, რომელშიც მხოლოდ მტრები და მოკავშირეები გყავს, მეგობრების ადგილი იქ არ არის. სხვათაშორის ასევე აკეთებს სერენა უილიამსი, კიდევ ერთი დიდი ჩემპიონი - არასოდეს არ უნდა მიუახლოვდე პოტენციურ მეტოქეებს ზედმეტად ახლოს, რათა თამაშის დროს მათ მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს.

კობის ვერც ღამის კლუბებში და წვეულებებზე ნახავთ, მუსიკის და კინოს ვარსკვლავებთან ერთად. მას ამის არც დრო აქვს და არც სურვილი. კალათბურთისგან დარჩენილ დროს ის ოჯახთან ატარებს, ლოს ანჯელესის ვარსკვლავური ცხოვრება ე.წ. celebrity life, მისთვის აბსოლუტურად უინტერესოა. კობი ბრაიანტი ამ პლანეტაზე ყველაზე ბოლო კაცია, რომელიც ცდილობს, რომ ვინმესთვის მოსაწონი იყოს - კობი ისეთია, როგორიც არის და თქვენ ეს მოგწონთ, თუ არა, სხვა გზა არ გაქვთ, უნდა აღიაროთ - მისი თამაში და მისი საქმეები იმდენად დიადია, რომ სხვანაირად ვერ მოიქცევით.

ბოლო სიტყვა

კობის მთავარი სროლა ყოველთვის ბოლო წამზე იყო. სროლა, რომელიც თამაშს იგებს, ან აგებს, სროლა, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული. სროლა, რომელსაც უკვდავება და სახელი მოაქვს. კარიერის მანძილზე კობის უამრავი ასეთი სროლა აქვს ჩაგდებული. ისროდა, ისე როგორც ვარჯიშზე.

კობი: „ადამიანები ბოლო წამზე სროლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ თუკი შენ იმ დღეს უკვე 1 000 ასეთი სროლა გაქვს ვარჯიშზე ჩაგდებული, ეს რიგითი სროლა ხდება.“

მისი ბოლო „სროლა“, ბოლო თამაში, ყველაზე დიადი რამ იყო, რაც კი მინახავს. როგორც ერთი ჟურნალისტი წერდა, „აქ (დარბაზში) ხალხი მოვიდა იმის სანახავად, თუ როგორ კვდება კაცი, რომელიც აქამდე უკვდავი ეგონათ.“

თავის ბოლო სეზონებში კობიმ ორი ყველაზე დიდი ტრავმა დაამარცხა. დაბრუნდა იმ ტრავმების შემდეგ, რომლიდანაც არ ბრუნდებიან. 37 წლის ასაკში იგი ამტკიცებდა, რომ მისი მთავარი ბრძოლა არა მეტოქეებთან, არამედ დროსთან არის, Father Time-თან, ამერიკულად უფრო ლამაზად ითქმის.

ჰოდა, ამ კაცის ბოლო თამაშზე მივიდა ხალხი და აღმოაჩინა, რომ ეს კაცი სიკვდილს საერთოდ არ აპირებს. უდიადეს მატჩში, კობიმ 60 (სამოცი!) ქულა ჩააგდო, 37 წლის ასაკში. თამაში, რომელიც მისი დამშვიდობება უნდა ყოფილიყო, მან სუპერფინალის მეშვიდე თამაშად აქცია. ზეიმის ნაცვლად ეს თამაში ომად იქცა - შეუძლებელია კობი ბრაიანტი ასე უბრალოდ, ღიმილით, მადლობებით და მშვიდობიანად წასულიყო.

ლეიკერსი 10-ზე მეტ ქულას აგებდა, 3 წუთი იყო დარჩენილი. ეს უდიდესი უსამართლობა იქნებოდა - არ შეიძლება, კობის თავისი ბოლო თამაში წაეგო, ჰოდა ადგა და ზედიზედ 13 ქულა ჩააგდო.

სპორტი შთაგონების, ინსპირაციის ისტორიაა. მეც არაფერი მინახავს იმაზე შთამბეჭდავი, თუ როგორ იგებდა კობი ბრაიანტი 60 ქულით თავის ყველაზე მთავარ თამაშს დროის წინააღმდეგ.

ამ თამაშში ყველაზე მთავარი მაინც მისი თვალებია. დაღლილი, ფეხზე ძლივს დგას, მაინც გაუტეხელი კაცის თვალები აქვს და აგდებს და აგდებს თავის 60 ქულას. ტრიბუნებზე ჯეი ზი და ჯეკ ნიკოლსონი ხვდებიან, რომ ბევრად მაგარი რამე ნახეს, ვიდრე ნებისმიერი ჰოლივუდური ფილმის ამბავია.

როცა წავიდა, ბოლო ინტერვიუში ესეც თქვა - არ გეგონოთ, რომ წავედი, მე აქ ჩემი ნაწილი დავტოვეო და ლეიკერსის 5 საჩემპიონო ბანერზე მიუთითა.

მგონია, რომ კობის მთავარი მისიაც ეგ იყო - ინსპირაცია მიეცა სხვებისთვის, უბრალოდ ენახებინა რომ ადამიანები შეუძლებელისკენ სწრაფვაში ყველაზე დიდები ხდებიან.

კობიც ამიტომ არის ჩემთვის ასე პირადული. ინსპირაციის წყარო იყო. როცა ღამის თენებით ვმუშაობ და ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ამაზე ღელავენ, სულ კობის მაგალითით ვპასუხობ.

ლეიკერსისკენ არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ კობი ყოველთვის ყველაზე მეტ ენერგიას მაძლევდა. აი, რომ დაიღლები და კობიზე ფიქრობ, ეგ ამბავია, 60 ქულაზე ბოლო თამაშში. 

კომენტარები

ბოლო ამბები