Thumbnail
  • სეზონის დასრულების შემდეგ რეალში მთავარი მწვრთნელი შეიცვლება
  • ზინედინ ზიდანი მზადაა, მადრიდის რეალში ზაფხულში დაბრუნდეს
  • ჯერჯერობით ჟოზე მოურინიოს სამეფო კლუბიდან არავინ უკავშირდება

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალში მწვრთნელი დიდი ალბათობით შეიცვლება. El Chiringuito TV-ის ინფორმაციით კი, ეს გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება, რომელმაც თანამდებობა "სამეფო კლუბში" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში დატოვა.

მას შემდეგ 46 წლის ფრანგი სპეციალისტი უმუშევარია, მის მომავალს კი არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის: მანჩესტერ იუნაიტედსა და ტურინის იუვენტუსს.

წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში, ამსტერდამის აიაქსთან ორი მატჩის ჯამში დამარცხების შემდეგ, ზინედინ ზიდანს პირადად რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაუკავშირდა და დაბრუნება შესთავაზა. როგორც ირკვევა, ფრანგმა შუა სეზონში გუნდის ჩაბარება არ მოინდომა, მაგრამ გამოთქვა მზადყოფნა, საქმეს ზაფხულში შეუდგეს.

მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალმა მთავარი მწვრთნელი უკვე შეიცვალა. "სამეფო კლუბმა" შემოდგომაზე ხულიენ ლოპეტეგი გაუშვა და მის ადგილზე სანტიაგო სოლარი დანიშნა. 

სოლარის შემცვლელად, სხვა მწვრთნელებთან ერთად, მადრიდული გუნდის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სახელდება. პორტუგალიელი სპეციალისტი მედიამ მთავარ კანდიდატადაც დაასახელა, თუმცა თავად მოურინიო ამბობს, რომ "სამეფო კლუბიდან" მას ჯერ არავინ შეხმიანებია. 

"ამაყი ვარ იმით, რომ მადრიდში ჩემს დაბრუნებას ელოდებიან, მაგრამ რეალს ჰყავს მწვრთნელი. ფეხბურთში ჭორები ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც რეალი იგებს, მიხარია და რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში მოხდა. რეალთან არანაირი, მცირედი კონტაქტიც არ მქონია", - უთხრა 56 წლის პორტუგალიელმა ესპანურ მედიას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მადრიდის რეალმა ორჯერ ბარსელონასთან წააგო, შემდეგ კი აიაქსთან დამარცხდა. შედეგად, სანტიაგო სოლარის გუნდმა ამ სეზონში ტიტულის მოგების შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს 2016-18 წლებში წვრთნიდა. ფრანგის ხელმძღვანელობით გუნდმა სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორ-ორჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, თითოჯერ კი ესპანეთის ჩემპიონობა და ესპანეთის თასი მოიგო.

ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალს 2010-13 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები