Thumbnail
  • რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურისთვის მზადება
  • ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის მე-4 ტურის მატჩისთვის ემზადება. ჰეიგის გუნდი ვარჯიშებს შევარდენის სარაგბო ბაზაზე მართავს.

დღეს "ბორჯღალოსნებმა" ღია ვარჯიში ჩაატარეს და ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს. მე-4 ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია იქნება. შეხვედრა ქუთაისში გაიმართება და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ "ბორჯღალოსნები" მეტოქეს ბონუს ქულით დაამარცხებენ.

ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშზე
📸Georgian Rugby

ლევან მაისაშვილი (ბორჯღალოსანთა მწვრთნელი): "ბელგიასთან თამაშის წინ, ინგლისში შრომატევადი და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ახლა გერმანიასთან სათამაშოდ ვემზადებით, რომელიც, სავარაუდოდ, ბელგიაზე უფრო ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები გავაანალიზეთ, თუმცა უფრო მეტად ჩვენი თამაში გვაინტერესებს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მნიშვნელოვანია, რომ ორივე კომპონენტში ვდომინირებდეთ".

დავით კაჭარავა ნაკრებს დაუბრუნდა
📸Georgian Rugby

'ბორჯღალოსნებმა' მომავალი თამაშისთვის მზადებაზე და მატჩების ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

დავით კაჭარავა: "გერმანიასთან ბევრჯერ გვითამაშია და მისგან რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით. რა თქმა უნდა ფავორიტი საქართველოა და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. გარდა ამისა, მსოფლიოს თასამდე სულ რამდენიმე თამაში დაგვრჩა და ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის გავაუმჯობესოთ ხარისხი, დავხვეწოთ ყველა დეტალი და მსოფლიოს თასს ფორმის პიკში შევხვდეთ".

გიორგი თხილაიშვილი: "მეტოქე ძლიერთა კატეგორიას არ განეკუთვნება, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ სწორი თამაში ვაჩვენოთ, მწვრთნელების დავალებები შევასრულოთ და მაყურებელი ვასიამოვნოთ. ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა ქუთაისში იმართება და იქაურ გულშემატკივარს გავახარებთ. მათგან დიდ მხარდაჭერას ველოდებით და კარგი იქნება, თუ ქუთაისში ხშირად ვითამაშებთ. საკადრო პრობლემები არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება".

გიორგი ბეგაძე: "შევეცდებით, რომ გერმანიას სწრაფი, ლაღი და გაშლილი თამაში დავუპირისპიროთ. ისე, როგორც ბელგიასთან, აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი ნახევრიდანაც ხელით შევუტიოთ. მოვუწოდებ ქუთაისელ გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და ჩვენ მათ ლამაზ თამაშს შევთავაზებთ. ამ ტურნირს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა კომპონენტში ვუმატებთ. რა თქმა უნდა, იდეალურ ფორმამდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ დრო გვაქვს და მსოფლიოს თასამდე ამ დეტალებსაც დავხვეწავთ".

კომენტარები

ბოლო ამბები