Thumbnail
  • სამეფო კლუბს 6 მარტს დაბადების დღე აქვს, მაგრამ ზეიმისთვის ნამდვილად არ სცხელა
  • ჟურნალისტები და ექსპერტები სანტიაგო სოლარის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებენ
  • მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ გუნდში მოურინიო დაბრუნდება

მადრიდის რეალს დღეს დაბადების დღე აქვს. "სამეფო კლუბს", რომელიც 1902 წლის 6 მარტს დაარსდა, 117 წელი შეუსრულდა, თუმცა, ზეიმისთვის ახლა ყველაზე ნაკლებად სცხელა. წაგებულ "კლასიკოებს", ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში აიაქსთან "ბერნაბეუზე" განცდილი შოკიც დაემატა… სანტიაგო სოლარის შემცვლელზე მსჯელობა გააქტიურდა.

მაგალითად, goal.com-მა რეალის მთავარი მწვრთნელობის ერთბაშად 15 სავარაუდო კანდიდატი ჩამოთვალა, სადაც პირველ ნომრად უმუშევარი ჟოზე მოურინიოა დასახელებული, მის შემდეგ კი ტურინის იუვენტუსის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი და ტოტენჰემის მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მოდიან. გამოცემის სიაში ასევე არიან: ანტონიო კონტე, რაული, ფერნანდო იერო, გუტი, ზინედინ ზიდანი, არსენ ვენგერი, იოახიმ ლიოვი, კლაუდიო რანიერი, მიკელ არტეტა და კლარენს ზეედორფი.

MARCA-მ რეალის მწვრთნელობის კანდიდატები ჩამოთვალა

რეალის მომავალ მწვრთნელზე აზრი კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმაც გამოთქვა, რომელიც მადრიდში პორტუგალიელის დაბრუნებას ელოდება.  

"მოურინიო ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც პერესი პატივს სცემს. ეჭვი არ მეპარება, რომ ჟოზე პირველი კანდიდატია რეალის მომდევნო მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. მგონია, რომ ამის შანსი მომავალ სეზონში ძალიან მაღალია. ზიდანის წასვლის შემდეგ ის რეალში იმიტომ ვერ დაბრუნდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, მაგრამ ახლა თავისუფალია.

ფლორენტინო პერესი ჟოზეს გამორჩეულად აფასებს

სხვა ვინ? შესაძლოა ეს მოურისიო პოჩეტინოც იყოს. უახლოეს მომავალში ბევრი კანდიდატი გამოჩნდება, რადგან გულშემატკივრები არსებულ ვითარებას ვერ შეეგუებიან", - უთხრა კალდერონმა ჟურნალისტებს, ტვიტერში კი დაპოსტა, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში 2010-13 წლებში მუშაობდა. 56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა (2012), ესპანეთის თასი (2011) და ესპანეთის სუპერთასი (2012) მოიგო.

მადრიდის რეალმა ბოლო 15 წლის განმავლობაში ზედიზედ 4 საშინაო მატჩი (ყველა ტურნირში) პირველად წააგო. სოლარის გუნდი დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, ესპანეთის თასის გათამაშებას და მხოლოდ ლა ლიგაში მოგების თეორიულ შანსს ინარჩუნებს. 

67 წლის რამონ კალდერონი მადრიდის რეალის პრეზიდენტი 2006-09 წლებში იყო. ფლორენტინო პერესი კი ამ თანამდებობას 2000-06 წლებში და 2009 წლიდან მოყოლებული, დღემდე იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები