Thumbnail

ჩორიჩზე შურისძიების შანსი - ბასილაშვილი ATP-ის მასტერსს იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მასტერსზე განთესილია
  • ქართველის სავარაუდო მეტოქეები

კალიფორნიის ქალაქ ინდიან ველსში ATP-ის მასტერსის 1000-იანი სერიის ტურნირი BNP Paribas Open იწყება, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მონაწილეობს. 

ორშაბათს ბასილაშვილი კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი. ნიკა ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი, რადგან ტრავმის გამო ინდიან ველსში არ მონაწილეობს შარშანდელი გამარჯვებული ხუან მარტინ დელ პოტრო. 

ვაჟთა თანრიგში წილისყრა კი გაიმართა, მაგრამ ნიკას მეტოქე ცნობილი არ არის - ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი შესაძლოა, შეხვდეს 29 წლის ფრანგ ბენუა პერს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პერი პირველ წრეში საკვალფიკაციო ბადიდან გამოსულ (ჯერ უცნობ) ჩოგბურთელს დაამარცხებს. სხვათა შორის ბასილაშვილი პერს სამჯერ შეხვდა და სამჯერვე დამარცხდა, ბოლოს 2017 წელს მეცის ტურნირის ნახევარფინალში. თუ ბასილაშვილი მეორე წრეში იმარჯვებს, მესამეში არის შანსი, რომ მე-11 ნომრად განთესილ ბორნა ჩორიჩს შეხვდეს, რომელთანაც ახლახან დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში სამ სეტში დამარცხდა

ქულები და ჰონორარი

მასტერსის საპრიზო ფონდი $9 035 428-ია. პირველ ნომრად ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, მეორე ნომრად - რაფაელ ნადალი.  გამარჯვებული 1 000 ქულასა და $1 354 010 დოლარს მიიღებს. 

ნიკას ამჟამად 1 865 ქულა აქვს, შარშანდელი მონაგარიდან მას მხოლოდ 10 ქულა დააკლდება, თუკი პირველ მატჩს მოიგებს, მას 45 ქულა და $48 775 შეემატება. 

კომენტარები

ბოლო ამბები