Thumbnail
  • მაიმუნობა არასდროს ყოფილა ასეთი რთული
  • Ape Out ორმოცდაათიანი წლების ჯაზის და სისხლიანი ლაბორატორიის ნაზავია
  • თამაში გასართობი და რაც მთავარია - ხელმისაწვდომია

Ape Out-ის საუნდტრეკები თქვენი იმპროვიზებული ქმედებებით იქმნება. მაშინ, როდესაც გაბრაზებული მაიმუნით თამაშის დონეებს გადიხართ და გზად განადგურებას და სისხლიან კვალს ტოვებთ, მუსიკა ისმის. თამაშის მიწურულს ხვდებით, რომ უკვე დიდი ხანია ერთი და იმავე მელოდიებს უკრავთ, მაგრამ ეს მას ხიბლს არ აკლებს.

პრინციპი ძალიან მარტივია - თქვენ მაიმუნი ხართ და თითოეული დონე ისე უნდა გაიაროთ, რომ არ აფეთქდეთ, ან ადამიანების ნასროლი ტყვია სამჯერ არ მოგხვდეთ. მაიმუნები დაპატიმრებულები არიან და მათ თავისუფლება ისე სწყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა. სწორედ ამ დროს ერთვება თამაშში გეიმერი, რომელიც პრიმატებს გაქცევაში ეხმარება. თამაშს სულ ოთხი მოკლე, მაგრამ საკმაოდ რთული თავი აქვს, რასაც გასართობი ეპილოგი ემატება. Ape Out-ში მოქმედება სავარაუდოდ (რადგან პირდაპირი მინიშნება არ გვაქვს) შავბნელ კვლევით ლაბორატორიაში ვითარდება, რომელსაც რატომღაც ლაბირინთის ფორმა აქვს. მიზანი კი მუდამ ერთია - გაიქეცი გასასვლელისკენ, დაანგრიე ყველაფერი და დახოცე ყველა.

​გეიმფლეი

პერსონაჟის კონტროლი მარტივია და მინიმალისტური სტილი თამაშის ვიზუალსაც მიმზიდველს ხდის. მოძრაობის გარდა Ape Out-ში მხოლოდ ორი ქმედებაა - ხელის კვრა და მოჭიდება. ხელის კვრა მტრებს კედელზე, ან სხვა წინაღობაზე ანარცხებს და კლავს. ხელის კვრითვე შეგიძლიათ შუშის, ან გარკვეული ტიპის კარების განგრევაც. მოჭიდება კი ადამიანების მიერ შექმნილი ფარის გამოსაყენებლად გამოგადგებათ, რომლითაც თავსაც დაიცავთ და მტრებსაც ეფექტურად გაანადგურებთ. ხანდახან კი ფოლადის კარის მონგრევაც კი შეიძლება დაგჭირდეთ. მოკლედ რომ ვთქვათ - პრინციპში Ape Out რთული თამაში არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის დახურვას მარტივად მოახერხებთ.

მაიმუნობა იოლი არ არის

სტანდარტულ სირთულეზე Ape Out საკმაო გამოწვევას შემოგთავაზებთ. მოთამაშეთა უმეტესობა ამბობს, რომ მიუხედავად თამაშის არც თუ ისე შთამბეჭდავი ხანგრძლივობისა, პირველ ჯერზე მის დასახურად ერთი, ან ორი სრული დღე დასჭირდათ. როგორც უკვე გითხარით, მაიმუნები ორ სროლას უძლებენ და მესამეზე კვდებიან, თუმცა აფეთქებები სხვა საქმეა. მტრები, დაგინახავენ თუ არა იმ წამსვე არ გესვრიან, ასე რომ მათ მოსაცილებლად მცირე დრო გაქვთ.

დონეები ძირითადად პროცედურულად გენერირდება, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველაფერი იცვლება, მაინც ერთნაირია. გარემო პატარა ოთახებისგან, დერეფნებისგან და ვრცელი ადგილებისგან შედგება, მაგრამ თამაშს საკმარისი ვარიაცია აქვს იმისთვის, რომ თითოეულ ტერიტორიაზე საფრთხე იგრძნოთ.

დონის დახურვის მარტივი და სწრაფი გზები არ არსებობს, თუმცა არის დასამახსოვრებელი ეპიზოდები, რომელიც ყველა მოთამაშეს შეხვდა. მაგალითად ორთაბრძოლა მტრებით გატენილ ლიფტში, ან სცენარის მიხედვით შედგენილი ბრძოლის სცენა დერეფანში. ხანდახან გეიმერს უჩნდება სურვილი, რომ თამაშში მეტი მსგავსი მომენტი იყოს.

სისხლი, სისხლი everywhere

ერთი რამ, რაც Ape Out-ში ყველას უყვარს, არის ის ტაქტიკა და მტრის განადგურების მეთოდები, რომელსაც მოთამაშე საკუთარი გამოცდილებით სწავლობს. სხვადასხვა ტიპის ოპონენტებთან გამკლავება, სხვადასხვა ხერხით ჯობია და გარკვეული ოდენობის საათების შემდეგ, თამაში უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. პრაქტიკულად პირველივე წამიდან მიხვდებით, რომ მტრებისთვის ხელის კვრით და კედელზე მინარცხებით, მათი სისხლიან ლაქად გადაქცევა ძალგიძთ, მაგრამ შეიძლება საათობით ითამაშოთ და ვერ მიხვდეთ, რომ თქვენს გასანადგურებლად გამიზნული ბომბების უკან დაბრუნებაც შეგიძლიათ.

კიდევ უფრო რთული მაიმუნობა

იმ შემთხვევაში, თუ თამაშის ორ დღეში დახურვა თქვენს ინტერესებში არ შედის და სიამოვნების გახანგრძლივება გსურთ, ამისთვის არკადული რეჟიმი არსებობს. შეზღუდული დრო და სიკვდილის შემთხვევაში ტურის დასაწყისში დაბრუნება დასახულ ამოცანას სირთულეს მატებს. გარდა ამისა, არსებობს სტანდარტული თამაშის გართულებული ვარიანტიც (ე.წ. Hard Mode), სადაც მტრები უფრო მეტნი და სწრაფები არიან.

სასიამოვნოა ისიც, რომ კედლები ეკრანის კუთხეებამდე იწელება, რაც თამაშში ჩართულობის ხარისხს ზრდის. Ape Out პრეზენტაციის კუთხით იდეალურია. სასიამოვნო მუსიკა, ტექსტი, რომელიც დონის ცვლილებას გვამცნობს, ეფექტები - ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორის მოლოდინიც გაქვთ.

ცალკე აბზაცს იმსახურებს მუსიკა, რომელიც მართლაც შესანიშნავია. თითოეულ თავს აქვს საკუთარი რიტმი და ტემპი, რომელიც მაშინვე იზრდება, როგორც კი დაძაბულ ეპიზოდებში მოხვდებით, ხოლო ხოცვა-ჟლეტა და განადგურება მუსიკას მელოდიას უმატებს. ყველაფერი რაც თქვენს გარეშე ხდება ბარაბანზე დაკრული იმპროვიზაციული სოლოა, თქვენ კი მას ამდიდრებთ და მაიმუნის გარდა, თავს მუსიკოსადაც გრძნობთ.

ვერდიქტი

Ape Out პერკუსიის და განადგურების ნაერთია, რომელსაც საოცარი და ყველასგან გამორჩეული სტილი აქვს. პროცედურულად შექმნილი დონეები ერთმანეთში ირევა, სეთინგი დაძაბული და სისხლიანია.

პერსონაჟის კონტროლის მარტივი მექანიზმის უკან ის სიღრმეა, რომელიც თამაშში დიდი დროის მანძილზე მიგაბრუნებთ. ორმოცდაათიანი წლების ჯაზის გავლენა ყოველ წამს იგრძნობა, რაც თამაშის უნიკალურობას კიდევ უფრო წარმოაჩენს.

ყველაზე კარგი რაცაა, Ape Out Steam-ზე მხოლოდ 14.99 $ ღირს, რაც ვფიქრობ, რომ იმ სიამოვნებისთვის, რომელსაც თამაში მოგანიჭებთ, ეს მინიმალური თანხაა.

კომენტარები

ბოლო ამბები