Thumbnail
  • რომელი ფეხბურთელების გარშემო აეწყობა გერმანიის ეროვნული გუნდი?
  • ლიოვმა ნაკრებიდან მიულერი, ჰუმელსი და ბოატენგი დაითხოვა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გუშინ საფეხბურთო გერმანიას მოულოდნელი ამბავი ამცნო: ბუნდესმწვრთნელმა თომას მიულერს, ჟერომ ბოატენგსა და მატს ჰუმელსს ნაკრების კარი დაუხურა. რამდენიმე თვის წინ იოგიმ ნაკრებიდან სამი ხედირაც დაითხოვა, უფრო ადრე კი, ბუნდესგუნდიდან მესუთ იოზილიც წავიდა… დიდი სკანდალით!

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი

გუშინ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ლიოვი სრულიად ახალ და ახალგაზრდულ გუნდს აშენებს. 2014 წლის გუნდიდან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, დღეს გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მხოლოდ მანუელ ნოიერს, ტონი კროოსსა და მათიას გინტერს აქვთ.

ნიკლას ზიულე

მიულერის შემთხვევაში ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ გასაგებია - თომასი დიდი ხანია, შორსაა საუკეთესო ფორმისგან. აი, ჰუმელსსა და ბოატენგზე უარის თქმა კი ძალიან მოულოდნელი იყო.

მაინც როგორი იქნება გერმანიის ახალი ნაკრები?

ფაქტია, რომ გუნდის იერარქიაში ბაიერნელი იოზუა კიმიხი (24 წლის) და ლაიპციგის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი (22) დაწინაურდებიან. დაცვის ხაზის ახალი შეფი კი 23 წლის ნიკლას ზიულე იქნება, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლის კონფედერაციათა თასზე იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ვინ ითამაშებს დაცვის ცენტრში ზიულეს გვერდით? ამ ადგილისთვის ორი მცველი იბრძოლებს: ანტონიო რიუდიგერი (26 წლის, ჩელსი) და ჯონათან თა (23 წლის, ლევერკუზენი). შანსი აქვს პარი სენ-ჟერმენის მცველ თილო კერერსაც, რომელიც პსჟ-ში მარჯვენა მცველია, მაგრამ ცენტრშიც შეუძლია თამაში.

ნახევარდაცვის ცენტრში მთავარ ფიგურად ტონი კროოსი რჩება, მის გვერდით თამაშის საუკეთესო შანსი კი ლევერკუზენის 19 წლის ნახევარმცველ კაი ჰავერტცს აქვს. ეს უკანასკნელი გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავადაა შერაცხული - მის გადაბირებაზე უკვე მიუნხენის ბაიერნი ფიქრობს.

ლიოვმა ლეროი სანე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა, მაგრამ ახალ გუნდში მასზე დიდ იმედებს ამყარებს

გერმანელი სპორტული ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ბუნდესგუნდის შეტევაში 3 ფეხბურთელს ექნება მთავარი როლი: 23 წლის ლეროი სანეს (მანჩესტერ სიტი), ასევე 23 წლის სერჟ გნაბრის (ბაიერნი) და ზემოთ ხსენებულ ვერნერს.

კომენტარები

ბოლო ამბები