Thumbnail

'საბრძოლო სახეობებით ომის შემდეგ დავინტერესდი' - ინტერვიუ მარიამ ტატუნაშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ახალგორელი გოგონა საბრძოლო სახეობებით ომის შემდეგ დაინტერესდა
  • მას უკვე აქვს წარმატებები კიკბოქსინგში, კრივსა და შერეულ ორთაბრძოლებში
  • მარიამმა სულ ახლახან სახელი ირანელი მეტოქის წამებში დამარცხებით გაითქვა

მარიამ ტატუნაშვილი 20 წლის სპორტსმენია გორიდან, რომელმაც სპორტის არაერთ საბრძოლო სახეობაში მიაღწია წარმატებებს. მარიამს ტიტულები აქვს კიკბოქსინგში, კარგი შედეგები აქვს კრივში და მონაწილეობს შერეულ ორთაბრძოლებში. განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც შერეულ ორთაბრძოლებში ირანელი მეტოქე წამებში დაამარცხა.

მარიამ ტატუნაშვილმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა... 

popsport: უფრო ახლოს გააცანი თავი ქართული სპორტის გულშემატკივრებს...

ტატუნაშვილი: სპორტის საბრძოლო სახეობებით ვარ დაკავებული და წარმატებებიც მაქვს. კიკბოქსიორი და მოკრივე ვარ. ასევე, სამი ბრძოლა გავმართე შერეულ ორთაბრძოლებში. ყველგან და ყოველთვის გამოვდივარ საქართველოს სახელით, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა.

მარიამ ტატუნაშვილი

popsport: როდის და რატომ დაინტერესდი სპორტის საბრძოლო სახეობებით?

ტატუნაშვილი: წარმოშობით ახალგორიდან ვარ, სპორტის საბრძოლო სახეობებით კი 2008 წლის ომის შემდეგ დავინტერესდი. საბრძოლო მოქმედებების გამო, ახალგორი მთელმა ოჯახმა დავტოვეთ. ამ ომის შემდეგ ჩემში წყენა და ბრაზი დაგროვდა, ამ ენერგიას და აგრესიას სწორი მიმართულება მივეცი და სპორტით დავკავდი. პირველმა წარმატებამ სტიმული მომცა და ასე დაიწყო ჩემი კარიერა. სპორტის საბრძოლო სახეობებში საკუთარი თავი ვიპოვნე, რაზეც 2008 წლის ომმა ნამდვილად იქონია გავლენა.

popsport: კიკბოქსინგი, კრივი, შერეული ორთაბრძოლები. როგორ უთავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთს?

ტატუნაშვილი: ჩემი კარიერა კიკბოქსინგით დაიწყო, თუმცა სპორტის ამ სახეობაში თითქოს ამოვწურე შესაძლებლობები. 6-ჯერ ვარ საქართველოს ჩემპიონი. ასევე, მოვიგე კავკასიის თასი. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. შემდეგ კრივზე გავაკეთე აქცენტი. რაც შეეხება შერეულ ორთაბრძოლებს, სამი ბრძოლა გავმართე და აქედან ორი მოვიგე. ვცდილობ, ყველგან წარმატებული ვიყო, სადაც ძალებს მოვსინჯავ. აქვე აღვნიშნავ, რომ სამივე სახეობაში ჩემი მწვრთნელი არჩილ ჯეირანაშვილია.

popsport: შერეულ ორთაბრძოლებში როგორ მოხვდი?

ტატუნაშვილი: 16 წლის ვიყავი, როდესაც კიკბოქსინგში 30 წლის მეტოქეს, იტალიელ სილვია ბორტოტს დავუპირისპირდი და 5-რაუნდიანი ბრძოლა გავმართე. სწორედ ამის შემდეგ მომაქციეს ყურადღება და შემოთავაზება მივიღე.  

მარიამ ტატუნაშვილი ირანელი მეტოქის წინააღმდეგ

popsport: შერეულ ორთაბრძოლებში ირანელ მეტოქეს წამებში მოუგე. გაიხსენე ეს დაპირისპირება...

ტატუნაშვილი: ეს ბრძოლა 20 იანვარს გაიმართა. ირანელი მეტოქე, ზაჰრა მყავდა, რომელიც ჩემზე 16 კილოგრამით მძიმეა. მიუხედავად ამისა, ბრძოლაზე უარი არ ვთქვი და საბედნიეროდ, გავიმარჯვე. შერეულ ორთაბრძოლებში ძიუდოს ილეთებიც მეხმარება. გორში გურამ პაპიტაშვილის დარბაზში ძიუდოშიც ვემზადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეგონა ზაჰრასთან უფრო მძიმე ბრძოლა მექნებოდა, მაგრამ თავიდანვე კარგად მოვარტყი და შემდეგ, ამან განსაზღვრა ბრძოლის ბედი.

popsport: თუ არის შენს გეგმებში UFC-ში მოხვედრა?

ტატუნაშვილი: ამერიკიდან მოწვევა მაქვს. ერთ-ერთი კლუბი მთავაზობს, რომ იქ ვივარჯიშო და შემდეგ, შერეულ ორთაბრძოლებში მივიღო მონაწილეობა. ამ გზით შეიძლება მოხვედრა UFC-ში, მაგრამ არ ვჩქარობ, რადგან პროფესიონალურ კრივში მაქვს დასახული მიზნები. 16 მარტს სარეიტინგო 6-რაუნდიანი ბრძოლა მაქვს დაგეგმილი შვედეთში ადგილობრივ მოკრივესთან და დღეს სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული. ასე რომ, ჩემი გეგმები ჯერჯერობით კრივს უკავშირდება.

მარიამ ტატუნაშვილი სილვია ბორტოტის წინააღმდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები