Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
  • იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდიდან ბაიერნის სამი ფეხბურთელი მოკვეთა

ადრე, თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასეთ გადაწყვეტილებას ახლა არავინ ელოდა!

ლიოვის გადაწყვეტილებით, თომას მიულერი გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშებს

ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი, მისი ასისტენტი მარკუს ზორგი და გერმანიის ეროვნული გუნდის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი დღეს მიუნხენში ჩავიდნენ. ვიზიტის მიზეზი ჟერომ ბოატენგთან, მატს ჰუმელსთან და თომას მიულერთან შეხვედრა იყო.

ლიოვმა ბაიერნის ფეხბურთელებს პირადად შეატყობინა, რომ გერმანიის ნაკრებში მათი იმედი აღარ აქვს!

59 წლის ბუნდესმწვრთნელის ოფიციალური განმარტებით, ზემოთ ხსენებული სამეულისთვის გერმანიის ნაკრების კარი საბოლოოდ არ იკეტება, მაგრამ ცოტას თუ სჯერა, რომ ამის შემდეგ მიულერი, ჰუმელსი და ბოატენგი ბუნდესნაკრებში დაბრუნდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ ლიოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდ რეორგანიზაციას აპირებდა. ბაიერნის სამეულამდე მან გერმანიის ნაკრებიდან იუვენტუსის 31 წლის ნახევარმცველი სამი ხედირაც დაითხოვა.

ხედირას შემდეგ, ლიოვმა ნაკრებიდან ბოატენგი, ჰუმელსი და მიულერიც დაითხოვა

ბუნდესგუნდი 18 მარტს, ვოლფსბურგში შეიკრიბება და სერბეთთან (20 მარტი) და ჰოლანდიასთან (24 მარტი) მატჩებისთვის მოემზადება - ბოატენგის, ჰუმელსისა და მიულერის გარეშე!

“ძალიან ვწუხვარ, რადგან გერმანიის ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,” - დაწერა 30 წლის ბოატენგმა ტვიტერზე, ინსტაგრამზე კი დაამატა: “გერმანიის ნაკრებთან დამშვიდობება, რა თქმა უნდა, სხვანაირად წარმომედგინა.”

თვითონ ლიოვმა ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება ასე ახსნა: 

“2019 წელი გერმანიის ნაკრებში ახალი ერის დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს, რომლებიც გასული წლის ბოლოს დავიწყეთ. ეროვნულ გუნდში აღარ იქნებიან ბოატენგი, ჰუმელსი და მიულერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელებისთვის და ბაიერნის ხელმძღვანელებისთვის ეს გადაწყვეტილება პირადად მეცნობებინა. 

სამივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მათ ბუნდესგუნდისთვის და ზოგადად გერმანული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. მინდა, მატსს, ჟერომს და თომასს ბევრი წარმატებული და შესანიშნავი წლისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

გერმანიის ნაკრებში ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. გვინდა, რომ გუნდმა ახალი სახე მიიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა!

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის გუნდს სრულიად ახალი სახე უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელები თავიანთ შანსს მიიღებენ.”

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაზე ბუნდესგუნდის მენეჯერმა ბირჰოფმაც ისაუბრა: “ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ გერმანიის ნაკრები დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია - მსოფლიო ფეხბურთის სათავეში. მიულერმა, ჰუმელსმა და ბოატენგმა გერმანიის ნაკრებში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს - მე, როგორც რიგითი გერმანელი, მათი მადლიერი ვარ. მათ გარეშე ნაკრების წარმოდგენა რთულია, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა.”

კომენტარები

ბოლო ამბები