Thumbnail

120 მილიონი ‘ახალ რონალდოში' - იუვე მეორე სუპერტრანსფერს ამზადებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბენფიკას 19 წლის ვარსკვლავისთვის ლამის ყველა ევროპული გრანდი იბრძვის
  • ტურინელებს ბარსასთან, რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედთან კონკურენცია არ აშინებთ 
  • ჟოაო ფელიქსი "ბებერ ქალბატონს" არანაკლები დაუჯდება, ვიდრე რონალდო დაუჯდა

ლისაბონის ბენფიკას 19 წლის შემტევი ნახევარმცველის, ჟოაო ფელიქსისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში, რომელსაც პორტუგალიაში "ახალ კრიშტიანო რონალდოს" უწოდებენ, ლიდერი ტურინის იუვენტუსია. როგორც AS იუწყება, ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში და მასში 120 მილიონ ევროსაც გადაიხდის. 

სწორედ ამ ოდენობის გამოსასყიდი თანხაა მითითებული ფეხბურთელის კონტრაქტში, რომლის გადაბირებით იუვენტუსის გარდა, ბარსელონა, მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო და მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებიან.

 ჟოაო ფელიქსი ბენფიკას აღზრდილია და ამ კლუბის მთავარი გუნდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა, რომელიც მარცხენა გარემარბისა და მეორე ფორვარდის პოზიციაზეც თამაშობს, პორტუგალიის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა და 9 გოლი გაიტანა. 

ბოლო ტურში ჟოაომ სტუმრად პორტუსაც გაუტანა

წყარო იუწყება, რომ იუვენტუსის დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განზრახვის შესახებ ლისაბონის კლუბის პრეზიდენტ ლუის ფელიპე ვიეირას ახლახან ტურინში გამართულ შეხვედრაზე უკვე აცნობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჟოაო ფელიქსის აგენტი ჟორჟე მენდეში, რომელიც ამავდროულად, კრიშტიანო რონალდოს აგენტიცაა.

ჟოაოს ბენფიკასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მანამდე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა კრიშტიანო რონალდოს გვერდით თამაში.

ტურინის იუვენტუსმა კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალისგან 2018 წლის ზაფხულში, დაახლოებით 112 მილიონ ევროდ შეიძინა.

კომენტარები

ბოლო ამბები