Thumbnail

'სან სირო' უნდა დაინგრეს - მილანი და ინტერი ახალ საერთო არენაზე ფიქრობენ

  • მილანმა ახალი სტადიონის ასაშენებლად ქალაქის ხელისუფლებისგან ნებართვა მიიღო
  • პროექტზე თანხმობა ოფიციალურად მილანის მეორე კლუბმა - ინტერმაც უნდა თქვას
  • ახალი არენა "სან სიროზე" ნაკლები ტევადობის, მაგრამ გაცილებით თანამედროვე იქნება

საფეხბურთო კლუბის მილანის ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის ასაშენებლად ქალაქის ხელისუფლებისგან ნებართვა მიიღო. იტალური მედიის ინფორმაციით, ახალი არენა 60 ათას მაყურებელს დაიტევს, მისი აგება კი 600 მილიონი ევრო დაჯდება.

როგორც ირკვევა, დანგრევა ემუქრება მილანის ძველ სტადიონს, ახალს კი იმ ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ააგებენ.

პროექტი 2023 წლისთვის უნდა განხორციელდეს. ოღონდ საამისოდ ჯერ თანხმობა მილანის მეორე კლუბმა - ინტერმა უნდა განაცხადოს, რომელიც საშინაო მატჩებს ასევე "სან სიროზე" ატარებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" პროექტს მხარს უჭერს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურადაც უნდა დაადასტუროს.

ცნობილია, რომ მილანური კლუბების დირექტორები, ივან გაზიდი და ალესანდრო ანტონელო აშშ-საც სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი არენების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საინვესტიციო ბანკთან Goldman Sachs-სთან მოლაპარაკება გამართეს. მილანის ახალი არენის პროტოტიპად ნიუ ჯერსის შტატში მდებარე MetLife Stadium შეირჩა, რომელზეც მატჩებს ამერიკული ფეხბურთის გუნდები მართავენ.

მილანელებს ახალი არენა MetLife Stadium-ის მსგავსი წარმოუდგენიათ  

ჩანაფიქრის თანახმად, ახალ არენას მოძრავი სახურავი და მოედნის საფარი, ასევე ცვლადი ფასადი უნდა ჰქონდეს. კომპლექსში სტადიონის გარდა, 5000-ადგილიანი საკონცერტო დარბაზი და სავაჭრო-გასართობი ცენტრიც შევა.

მილანელები მშენებლობისთვის საჭირო თანხის კომპენსირებას სტადიონის კომერციული სახელწოდების უფლების გაყიდვით გეგმავენ - წელიწადში დაახლოებით 25 მილიონ ევროდ. 

"სან სიროზე", რომელიც 1926 წელს ააგეს და 80 ათას მაყურებელს იტევს, მსოფლიოს ჩემპიონატების (1934, 1990) შეხვედრები, ევროპის ჩემპიონთა თასისა (1965, 1970) და ჩემპიონთა ლიგის (2001, 2016) ფინალური მატჩები ჩატარებულა. 1979 წლიდან არენა, წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯუზეპე მეაცას სახელს ატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები