Thumbnail
  • 📅 6 მარტი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V აიაქსი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • მთავარი დუელი: ლუკა მოდრიჩი V ფრენკი დე იონგი
  • რეალის კაპიტანი დისკვალიფიცირებულია

ოთხშაბათს 0:3, შაბათს 0:1, ორივეჯერ ბარსასთან და "სამეფო კლუბშიც" სიტუაცია აირია - ერთადერთი ტურნირი, რომლის მოსაგებადაც გუნდი რეალურად იბრძვის, ჩემპიონთა ლიგაა. სანტი სოლარიც მანამდე იქნება მადრიდელთა თავკაცი, სანამ ეს შანსი რეალურია. ლა ლიგაში 12-ქულიან ჩამორჩენას რეალი, ალბათ, ვერ ამოქაჩავს (ამ ეტაპზე ამდენი არც არავის ამოუქაჩავს), "სამეფო თასიდან" კლუბი უკვე გავარდა.

აიაქსი მოგვეწონა, თამაში რეალმა მოიგო

რაც შეეხება ლიგას, ამსტერდამული მატჩის წყალობით, რეალი რჩება აშკარა ფავორიტად - "იოჰან კრუიფ არენაზე" ახალგაზრდული აიაქსი ბრწყინვალედ თამაშობდა, მაგრამ გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. შემდეგ იყო ჰაკიმ ზიეხის გასროლა, მაგრამ რეალმა კლასის ხარჯზე მაინც მოიგო - გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ გაიტანა - 1:2. 

რამოსის გარეშე

აიაქსი მართლაც კარგი გუნდია და იქ თამაშობს მომავალი ბარსელონელი ფრენკი დე იონგი, რომელიც, ალბათ, დამუხტული გავა "ბერნაბეუს" მინდორზე, მაგრამ ამის ამოქაჩვა ერიკ ტენ ჰაგის გუნდს ძალიან უნდა გაუჭირდეს. 

სერხიო რამოსი კი ვარჯიშობს, მაგრამ თამაშს ვერ შეძლებს

აიაქსი მადრიდში საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს. გუნდს ერთი უპირატესობაც აქვს - უქმეებზე არ უთამაშია და დასვენებულია. აი, რეალი კი პრობლემებით ხვდება თამაშს. თავი გავანებოთ განწყობას, რომელიც ბარსასთან ზედიზედ ორმა მარცხმა გააფუჭა, გუნდს არ ეყოლება დისკვალიფიცირებული სერხიო რამოსი. გახსოვთ ალბათ, ესპანელმა ძალით მიიღო ყვითელი ბარათი, რომ საპასუხო მატჩი გამოეტოვა, მაგრამ ამ ეშმაკობას უეფა მიუხვდა და ორ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასე რომ, თუ რეალი შემდეგ ეტაპზე გავა, რამოსი არც იმ თამაშში იქნება. 

ტრავმირებულია მარკოს ლორენტე, სხვა ყველა კი მწყობრშია. დიდი ალბათობით, გარეთ ბეილი სასტარტოში ადგილს ლუკას ვასკესს გადაულოცავს. 

მთავარი დუელი: ლუკა მოდრიჩი V ფრენკი დე იონგი

თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რეალში დარჩება, მაშინ ამ დაპირისპირებას კიდევ ბევრჯერ ვნახავთ - მოედნის ცენტრში გამოცდილი ხორვატი ახალგაზრდა ჰოლანდიელის წინააღმდეგ, დე იონგი ხომ ივლისიდან ბარსელონელი გახდება. პირველ მატჩში დუელი მოდრიჩმა პირწმინდად მოიგო, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ მაშინ დე იონგის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და ის ფორმაში აშკარად არ იყო. ერთი რამ ცხადია, "სანტიაგო ბერნაბეუ" მას ტაშით არ შეხვდება.

აიაქსი ბერნაბეუზე, ცენტრში ტალიაფიკო, რომელიც შესაძლოა, ივლისში რეალში ვიხილოთ

რას წერენ, არ გვაღელვებს

სანტიაგო სოლარი (რეალი): "გუნდი მოწადინებულია, რომ მოიგოს და მე ეს ძალიან მომწონს. როგორც ყოველთვის, რეალი მოსაგებად ითამაშებს. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, ის ძალზე გამოცდილია იმისთვის, რომ ყური დაუგდოს, რასაც პრესაში წერენ.

ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, წაგებები გვწყინს, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგის თამაში გველის და განწყობაც შესაბამისია. სამწუხაროა, რომ სერხიო რამოსი არ ითამაშებს, ის ნამდვილი ლიდერია, მაგრამ საკმარისი რესურსი გვაქვს მის ჩასანაცვლებლად".

ამბიციური აიაქსი

მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს არ ჩამორჩა

ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსი): "მეტოქემ კარგად იცის, რომ ყველაზე რეალური შანსი ჩემპიონთა ლიგაზე დარჩა. ეს კი რეალს კიდევ უფრო განაწყობს მოსაგებად. მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენ კვლავ სამ ფრონტზე ვიბრძვით. ამბიციური ფეხბურთელები მყავს, მოედანზე ისინი გოლების გასატანად გამოვლენ.

აიაქსი შეეცდება, ინიციატივა ხელთ იგდოს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს. მეტოქეს არ ეყოლება სერხიო რამოსი, რომელიც მენტალურად და სპორტული თვალსაზრისითაც გუნდის ლიდერია. მისი არყოფნა რეალს ნამდვილად არ წაადგება". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ბოლო 33 თამაშიდან 30-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 16 მატჩიდან 13-ში რეალმა სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

⚽ აიაქსთან ბოლო 6 დაპირისპირებაში რეალის მონაწილეობით 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

⚽ აიაქსთან ბოლო 7 დაპირისპირებაში სამეფო კლუბს სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.

⚽ აიაქსთან ბოლო სამ საშინაო მატჩში რეალმა მოიგო, როგორც პირველი ტაიმები, ისე მატჩები.

⚽ თუ რეალი შემდეგ ეტაპზე გავა, ეს "სამეფო კლუბისთვის" ზედიზედ მე-9 1/4 ფინალი იქნება ლიგაზე. 

⚽ აიაქსმა ბოლოს 1/4 ფინალს 2002/03 წლების სეზონში უწია. 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, ბლინდი, დე ლიხტი, ტალიაფიკო - დე იონგი, ვან დე ბეეკი, შიონი - ნერეში, ტადიჩი, ზიეხი 

კომენტარები

ბოლო ამბები