Thumbnail
  • 📅 6 მარტი | ⌚ 00:00 | ⚽ დორტმუნდი V ტოტენჰემი | 📺 SILK SPORT HD1
  • პირველი მატჩი ტოტენჰემს 3:0 აქვს მოგებული
  • დორტმუნდში კრიზისს აღიარებენ, მაგრამ იმედს არ კარგავენ

დორტმუნდის ბორუსიას სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება ძალიან ცუდ დროს უწევს. BVB კრიზისშია, თუმცა ეს რბილი ნათქვამია. ლუსიენ ფავრის გუნდი ახლოსაა იმ საზარელ რეალობასთან, რომ სულ რაღაც 2 კვირაში წააგოს ყველაფერი - დაკარგოს ლიდერობა ბუნდესლიგაში და გავარდეს ჩემპიონთა ლიგიდან. გერმანიის ჩემპიონატში ბორუსიამ უპირატესობა უკვე ქარს გაატანა (ბაიერნი გაუთანაბრდა), ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი, ტოტენჰემთან 0:3 აქვს ამოსაქაჩი.

“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ შეუძლებელი შევძლოთ. მთელ გუნდს სჯერა, რომ ტოტენჰემის სასურველი ანგარიშით დამარცხება შეგვიძლია!” - თქვა მატჩის წინ ბორუსიას კაპიტანი მარკო როისი.

დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი

დაახლოებით ასე ჟღერს დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის კომენტარიც: “მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ,” - აღნიშნა შვეიცარიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. არადა, მისმა გუნდმა ბოლო 7 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ბუნდესლიგაში ბაიერნს 9-ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრის საშუალება მისცა.

“ჯერ კიდევ საკმაოდ ნორმალურ სიტუაციაში ვართ. ჯერ არაფერი დაგვიკარგავს. მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენს მენტალიტეტს ვაჩვენებთ, ამ კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოვალთ,” - დასძინა როისმა.

კაპიტანი მარკო როისი BVB-ს მთავარი იმედია

პირველი მატჩის 0:3-ით წაგების შემდეგ, ალბათ მხოლოდ BVB-ს თავგადაკლულ ფანებს თუ სჯერათ, რომ საპასუხო შეხვედრაში შეიძლება სასწაული მოხდეს. როისი და მისი თანაგუნდელები დიდი წნეხის ქვეშ არ არიან, რადგან მათგან სასწაულს თითქმის არავინ ითხოვს. თუმცა, ტოტენჰემთან დიდი ანგარიშით გამარჯვება წნეხის გარეშეც ძალიან ძნელია. მით უმეტეს მაშინ, როცა ინგლისელებს წინ ჰარი კეინი ჰყავთ - საკმარისია, ტოტენჰემმა დორტმუნდში 1 გოლი გაიტანოს, რომ ბორუსიას 5 ექნება გასატანი. კეინს და სონს დორტმუნდის წინააღმდეგ 3 შეხვედრაში 3 გოლი აქვთ გატანილი...

საინტერესო ფაქტები

⚽ 2016 წელს, დორტმუნდი და ტოტენჰემი ერთმანეთს ევროპალიგის მერვედფინალში შეხვდნენ. ბორუსიამ შინ 3:0 მოიგო, სტუმრად კი 2:1 და მეოთხედფინალში გავიდა.

⚽ ისტორიას სულ 130 შემთხვევა ახსოვს, როცა პლეი ოფში მასპინძელმა გუნდმა პირველი თამაში 3:0 მოიგო და ამის შემდეგ, საპასუხო მატჩის მასპინძელი გუნდი მომდევნო ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ 7 შემთხვევაში გავიდა (5,38%). 

⚽ თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არენა “ვესტფალენშტადიონზე” ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია. ბორუსიამ ამ სეზონში საკუთარ მოედანზე 4-ჯერ მოიგო ისეთი ანგარიშით, რომლითაც ატლეტიკოსთან თამაშს მინიმუმ დამატებით დროში გადაიყვანს. აქედან, ორი გამარჯვება სწორედ ჩემპიონთა ლიგაში დაფიქსირდა: 3:0 მონაკოსთან და 4:0 ატლეტიკოსთან.

⚽ ტოტენჰემს გერმანიაში ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი), თუმცა ის ერთადერთი მარცხი ინგლისელებმა სწორედ დორტმუნდში იწვნიეს და, თანაც, 0:3 (2016 წელს, ევროპალიგის მერვედფინალში).

⚽ აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ტოტენჰემი სტუმრად ჩატარებული მატჩების მიხედვით საუკეთესო გუნდია - 11 მოგება. 4 წაგება.

⚽ პოჩეტინოს გუნდს ამ სეზონში სტუმრად მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული 3 ან მეტი ბურთის სხვაობით.

⚽ ბოლო 5 გასვლით მატჩში ტოტენჰემი ყოველთვის უშვებდა გოლს.

⚽ დორტმუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კაპიტანი მარკო როისია, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა. მას თავის ბოლო 9 ოფიციალურ მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ტოტენჰემის მთავარი ფიგურა კი ჰარი კეინია, რომელმაც დორტმუნდს 3 თამაშში 3 გოლი გაუტანა.

⚽ ბორუსია პლეი ოფებში ბოლო დროს ცუდად გამოიყურება: მხოლოდ 1 მოგება ბოლო 7 მატჩში.

⚽ დორტმუნდი და ტოტენჰემი ერთმანეთს სულ 5-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ვოლფი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, გერეირო - გიოტცე.

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, დ. სანჩესი, ვერტონგენი - ვინკსი, სისოკო - სონი, ერიქსენი, ლუკას მოურა - კეინი.

კომენტარები

ბოლო ამბები