Thumbnail

'სისულელე და უსამართლობაა!' - რას ფიქრობენ ბორჯღალოსნები მსოფლიოს ლიგაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რას ფიქრობენ ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის ინიციატივაზე
  • მსოფლიო რაგბის ლიგის ფორმატი ქართული რაგბის ზრდას შეაჩერებს

მსოფლიო რაგბის ინიციატივას მსოფლიო ლიგის შექმნასთან დაკავშირებით უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიგა საქართველოსთვის კოშმარი იქნება, ხოლო საქართველოს მხარი ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კლაივ ვუდვორდმა დაუჭირა, რომელმაც მსოფლიო ლიგის გაკრიტიკების გარდა, 6 ერს საპლეიოფო სისტემის შემოღებისკენ მოუწოდა.

რამდენიმე 'ბორჯღალოსანს' დავუკავშირდით და მსოფლიო რაგბის ლიგის ფორმატზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ბექა გორგაძე: "დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი აზრი ისეთივე იქნება, როგორიც ყველა ჩვენგანის. ამ ტურნირს უკვე კუნძულელებისგანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს თუ მართლა მოხდა, ძალიან დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის და შესაძლოა, რამდენიმე თაობის გაქრობაც გამოიწვიოს. რაგბის პოპულარიზაციაც გაცილებით რთული იქნება."

გიორგი ნემსაძე: "აბსოლუტური სისულელეა და უსამართლობის ზეიმი. ეს ტურნირი დაანგრევს რაგბის განვითარებას და განსაკუთრებით დაანგრევს რაგბის გლობალიზაციის პროცესს."

ნოდარ ჭეიშვილი: "ეს ტურნირი ჩვენთვის კარგი არ არის. საშუალება აღარ გვექნება ტიერ ერთის ქვეყნებთან თამაშის, განვითარებას შეაჩერებს და უკან დაგვხევს. ამ ტურნირის წინააღმდეგი ვარ. ფიჯი, სამოა და ტონგაც ამავე მდგომარეობაში არიან. ძლიერი მოთამაშეები იქ აღარ ჩავლენ და სხვა ძლიერი ქვეყნების ნაკრებებში თამაშს მოისურვებენ."

ანტონ ფეიქრიშვილი: "ამ ტურნირით კმაყოფილი არავინ არ არის და ვფიქრობ, რომ მომავალი არც ექნება, რადგანაც ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. დასანანი ის არის, რომ ნაკრები ყველაფერს აკეთებს, რათა დიდ ქვეყნებს გავუტოლდეთ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ისინი ფულის შოვნაზე ფიქრობენ და რაგბის განვითარებისთვის არაფერს აკეთებენ. ამ ტურნირის აზრი რაგბის ღირებულებებს ძალიან ამახინჯებს."

კომენტარები

ბოლო ამბები