Thumbnail

ვარსკვლავების ფინალი ბაქოში - რევაზ არველაძე, დეკუ, დუდეკი, ესიენი და სხვები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპალიგის ფინალის მასპინძელ ბაქოში ვეტერანი ვარსკვლავების მატჩი ჩატარდა
  • რევაზ არველაძემ "აღმოსავლეთის ვარსკვლავებში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშა
  • მინი-ფეხბურთის მოედანზე გამართული მატჩი "დასავლეთის ვარსკვლავებმა" მოიგეს

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რევაზ არველაძემ აზერბაიჯანის დედაქალაქში, 3 მარტს გამართულ ვეტერანი ვარსკვლავების მატჩში ითამაშა, რომელიც ბაქოში, უეფას ევროპალიგის 2018/19 წლების ფინალის მასპინძლობის კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

მინი-ფეხბურთის სტადიონზე გამართულ "ბაქო 2019: ვარსკვლავების ფინალში", რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაესწრო, ერთმანეთს "დასავლეთისა" და "აღმოსავლეთის ვარსკვლავები" დაუპირისპირდნენ. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო 

რევაზ არველაძესთან ერთად, მატჩში მონაწილეობა ასევე მიიღეს: ფეიენოორდის, ლივერპულისა და რეალის ყოფილმა მეკარემ, პოლონელმა ეჟი დუდეკმა; ჩელსის, რეალისა და მილანის ყოფილმა ნახევარმცველმა, განელმა მაიკლ ესიენმა; პორტუს, ბარსელონასა და ჩელსის ყოფილმა ნახევარმცველმა, პორტუგალიელმა დეკუმ; შალკეს, ბაიერნისა და რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, თურქმა ჰამით ალთინთოფმა; ვილიარეალისა და რეალ სოსიედადის ყოფილმა ნახევარმცველმა, თურქმა ნიჰათ კაჰვეჩიმ; ლონდონის არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა, რუსმა ანდრეი არშავინმა და სხვებმა.

რევაზ არველაძემ "აღმოსავლეთის ვარსკვლავებში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშა. მატჩი დაძაბული გამოვიდა და "დასავლეთის ვარსკვლავების" გამარჯვებით, ანგარიშით 11:10 დასრულდა.

რევაზ არველაძის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

რევაზ არველაძეს თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რუსთავის მეტალურგში, თბილისის დინამოსა და მართვეში უთამაშია, საზღვარგარეთ კი ნახევარმცველი გერმანულ კიოლნში, ტენის ბორუსიაში, ჰომბურგსა და როტ-ვაის ობერჰაუზენში, ასევე ბელგიურ მეხელენში გამოდიოდა. 

რევაზ არველაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის თბილისის დინამოსა და ლოკომოტივში, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მწვრთნელად, მოგვიანებით კი ფეხბურთის ფედერაციაში გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

აზერბაიჯანის დედაქალაქი ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალის მასპინძელია. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მთავარი შეხვედრა 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები