Thumbnail
  • დეტროიტმა ტორონტოს ოვერტაიმში, 112:107 მოუგო
  • პისტონსს ბოლო 11 მატჩიდან 9 მოგებული აქვს
  • ზაზა ფაჩულიას მესამე პერიოდში მსაჯებთან კონფლიქტი მოუვიდა

UPDATE: მხოლოდ და მხოლოდ 2 წაგება ბოლო 11 მატჩში - დეტროიტ პისტონსის ბრწყინვალე სერია ტორონტოსთან შეხვედრაშიც გაგრძელდა. რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და დეტროიტთან ფავორიტად იყო შერაცხული, მაგრამ ზაზა ფაჩულიას გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია.

ზაზა ფაჩულია და მისი თანაგუნდელები პლეი ოფს უახლოვდებიან

თამაში ოთხივე პერიოდში თანაბარი იყო - ორი მეოთხედი დეტროიტელებმა მოიგეს, ორიც ტორონტოელებმა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 100:100 დასრულდა. ოვერტაიმში პისტონსმა მაქსიმალურად მოინდომა და 12:7 მოიგო - საბოლოოდ, 112:107 ფაჩულიას გუნდის სასარგებლოდ.

ზაზამ ამჯერად 10 წუთი ითამაშა, ქულები ვერ დააგროვა, მაგრამ 4 მოხსნა გააკეთა (ოთხივე დაცვაში). დეტროიტელთა ქართველ ცენტრს საჯარიმოები არ უსვრია, 2-ქულიანის ჩაგდების მცდელობა კი ოთხჯერ ჰქონდა.

მესამე პერიოდში ზაზას მსაჯებთან კონფლიქტი მოუვიდა. საკამათო ეპიზოდის შემდეგ, ქართველი ცენტრი პასკალ სიაკამის (N43) დაჯარიმებას ითხოვდა, მაგრამ მსაჯები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ფაჩულია ამის გამო გაბრაზდა და არბიტრს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, ზაზა გაიყვანეს.

📺 ვიდეო: ფაჩულია მსაჯს ეჩხუბა

ყველაზე მეტი ქულა ტორონტოს ლიდერის, კაილ ლოურის ანგარიშზეა (35) - მან 7 მოხსნა და 5 პასიც გააკეთა. დეტროიტიდან საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. დრამონდის აქტივში ისევ ორმაგი დუბლია - 15 ქულა, 17 მოხსნა.

მარკ გასოლი და ზაზა ფაჩულია

დეტროიტს 62 მატჩიდან 31 მოგება და 31 მარცხი აქვს - ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. პისტონსს 8 საუკეთესოს შორის ადგილებისთვის ბრუკლინი, ორლანდო, შარლოტი და მაიამი ებრძვიან. როგორც ჩანს, მე-6, მე-7 და მე-8 ადგილები სწორედ ამ 5 გუნდს შორის გადანაწილდება. ჯერჯერობით, ყველაზე კარგ მდგომარეობაში სწორედ ფაჩულიას დეტროიტია, რომელიც მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, საკუთარ დარბაზში, მინესოტასთან ჩაატარებს.

📺 ვიდეო: დეტროიტი 112:107 ტორონტო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები