Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსმა კლივლენდ კავალიერსი 129:93 დაამარცხა
  • ზაზა ფაჩულიას გუნდი პლეი ოფის გზაზეა

დეტროიტ პისტონსმა NBA-ს პლეი ოფში თამაშისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - ზაზა ფაჩულიას გუნდმა სან ანტონიოსთან საპატიო მარცხის შემდეგ, კლივლენდ კავალიერსი სტუმრად 129:93 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ახლა უკვე მე-6 ადგილზეა. 

დეტროიტს 61 მატჩიდან 30 მოგებული აქვს, 31 კი - წაგებული. შედეგად, პისტონსმა ბრუკლინს გადაასწრო, რომელსაც 4 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული (32 მოგება, 33 მარცხი). მიუხედავად ამისა, ქართველი ცენტრის გუნდს პლეი ოფში თამაშის განაღდებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. ბრუკლინი, ორლანდო, შარლოტი და მაიამი სახიფათო კონკურენტებად რჩებიან და პისტონსს რეგულარული სეზონის დასრულებამდე მძიმე ბრძოლები ელის. ერთი რამ ცხადია: ფაჩულიას გუნდს მე-6 ადგილზე უკეთესი პოზიციის დაკავება ნამდვილად არ შეუძლია, რადგან მე-5 ადგილზე ახლა ბოსტონ სელტიკსია - 38 მოგებითა და 25 მარცხით.

სამწუხაროდ, ზაზამ კლივლენდთან მხოლოდ 9 წუთი ითამაშა და ამ დროში 1 მოხსნის გარდა ვერაფერი გააკეთა. 2-ქულიანის ჩაგდება ფაჩულიამ ორჯერ სცადა, ჯარიმები კი არ უსვრია.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დეტროიტელთა შემტევი მცველი ლიუკ კენარდი გახლდათ - 26 ქულითა და 5 მოხსნით. რეჯი ჯექსონმა 24 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. პისტონსის ძირითადმა ცენტრმა ანდრე დრამონდმა, რა თქმა უნდა, ისევ ორმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო ბლეიკ გრიფინის ანგარიშზე კი 14 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა იყო.

ჯექსონმა და გრიფინმა კარგი მატჩი ჩაატარეს

შარშანდელი ფინალისტი კლივლენდ კავალიერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ ნიუ იორკ ნიქსს უსწრებს. დეტროიტს მომდევნო მატჩი საკუთარ დარბაზში, მეორეადგილოსან ტორონტოსთან ელის და ეს კიდევ ერთი ისეთი მატჩია, რომლის წაგებაც შეიძლება, მოგება კი პისტონსს პლეი ოფისკენ მორიგ დიდ ნაბიჯს გადაადგმევინებს.

📺 ვიდეო: კლივლენდი 93:129 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები