Thumbnail
  • 📅 3 მარტი | ⌚ 23:30 | ⚽ ნაპოლი V იუვენტუსი
  • "სან პაოლოზე" ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები უპირისპირდებიან
  • ეს ნაპოლისთვის ბოლო შანსია, იუვესთვის - ტესტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ
  • პროგნოზი არ გამართლდა - კრიშტიანო რონალდოს ნეაპოლში თამაშს შეძლებს

იტალიის სერია A-ს 26-ე ტური ნეაპოლში გამართული შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ნაპოლი ტურინის იუვენტუსს მიიღებს. ჩემპიონატის ფინიშამდე 13 ტურით ადრე სკუდეტოსთვის ბრძოლაში ინტრიგა პრაქტიკულად გამქრალია. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 25 მატჩიდან 22 მოიგო, კიდევ სამი კი ფრედ დაასრულა და 69 ქულით სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. მაგრამ იტალიაში თუკი ვინმეს მაინც შეუძლია კრიშტიანო რონალდოსა და კომპანიის დამარცხება, ეს სწორედ კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი ნაპოლია და საამისოდ იდეალური ადგილი "სან პაოლოა". და მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე გუნდი მაინც მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს და ეს პრინციპის საქმეა!

ნაპოლი

გუნდს 56 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყარად დგას. ამ მოცემულობით, ნაპოლისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა პრაქტიკულად არარეალურია, მაგრამ ვიცე-ჩემპიონის ტიტულის დაცვის შანსი კი საკმაოდ მაღალია. მესამე ადგილზე ინტერია, რომელთანაც ნაპოლის ბოლო ტურის წინ 9-ქულიანი და შესაბამისად, კომფორტული უპირატესობა აქვს.

მასპინძლები პრინციპულ მეტოქესთან თავს ნამდვილად არ დაზოგავენ თავიანთი გულშემატკივრების გასახარებლად და თან, რევანშიც აქვთ ასაღები პირველ წრეში ტურინში განცდილი მარცხისთვის (1:3). და რა თქმა უნდა, მაინც არსებობს სკუდეტოს მოპოვების თეორიული შანსიც...   

არკადიუშ მილიკს მაგარი სეზონი აქვს. 25 წლის პოლონელის ანგარიშზე 14 გოლია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაპოლი და იუვე საერთაშორისო ასპარეზზეც გამოდიან. ჩემპიონთა ლიგის დატოვების შემდეგ, ნაპოლიმ ევროპალიგის 1/16-ფინალში ციურიხის ბარიერი უპრობლემოდ დაძლია, ტურნირის ¼-ფინალის საგზურისთვის კი ახლა ავსტრიულ ზალცბურგთან მოუწევს ბრძოლა. არც ეს უნდა იყოს ნეაპოლელებისთვის რთული ამოცანა.

კარლო ანჩელოტი იუვენტუსთან დაპირისპირებაში ტრავმირებულ რაულ ალბიოლს ვერ დაიხმარებს, საეჭვოა მარიუ რუის თამაშიც. 

კარლო ანჩელოტის მასიმილიანო ალეგრისთან რევანში აქვს ასაღები

იუვენტუსი

აი, იუვენტუსს კი რეალურად ემუქრება ევროასპარეზთან ნაადრევად გამომშვიდობების საფრთხე. ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში ალეგრის გუნდმა მადრიდში ატლეტიკოსთან ანგარიშით 0:2 წააგო და ახლა რთული საპასუხო თამაში ელის. “სან პაოლოზე” მყოფი მასიმილიანო ალეგრისა და მისი შეგირდების გონებაც, რაც არ უნდა იყოს, მაინც ატლეტიკოსთან მომავალ დაპირისპირებაზე იქნება მომართული.

ამას მოწმობს ტურინელთა მცველის ჯორჯო კიელინის ნაპოლისთან თამაშამდე გულწრფელად ნათქვამი სიტყვებიც: 

"ალბათ ბრწყინვალე თამაში გამოვა, რადგან ნაპოლი ჩვენთვის არასდროს არის იოლი მეტოქე. ახლა მათ მოგება სწყურიათ, რათა ტიტულისთვის ბრძოლა გააგრძელონ და დაამტკიცონ, რომ ისეთივე ძლიერები არიან, როგორიც ჩვენ. "სან პაოლოზე" ვიზიტი კი ჩვენთვის არამხოლოდ ზედიზედ მერვე სკუდეტოსკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობაა. ის ასევე კარგი ტესტი იქნება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ატლეტიკოსთან საპასუხო თამაშის წინ".

სან პაოლოზე კრიშტიანო რონალდოს გამოჩენა მოსალოდნელია

არ გამართლდა პესიმისტური პროგნოზი კრიშტიანო რონალდოს ტრავმასთან დაკავშირებით. წინასწარი ვარაუდით, 34 წლის პორტუგალიელი ნეაპოლში ვერ ითამაშებდა, მაგრამ სულ ბოლოს იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გამოაცხადა, რომ კრიშტიანომ გუნდთან ერთად ჩვეულად ივარჯიშა და მოედანზე გასასვლელად მზადაა.

"ეს ორივე გუნდისთვის და მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. იმისთვის, რომ ლიდერებად დავრჩეთ, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და გუნდურად ვიმოქმედოთ, ჟინი და ენთუზიაზმი კი ნამდვილად გვაქვს. რაც შეეხება რონალდოს, მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ნაპოლისთან თამაშს შეძლებს", - თქვა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალეგრიმ.

ტურინში მანკუკიჩმა ნაპოლის ორჯერ გაუტანა, ბონუჩიმ - ერთხელ

ვნახოთ, გარისკავს თუ არა ალეგრი და გავა თუ არა რონალდო "სან პაოლოზე". ტრავმების გამო კი იუვეს ამ მატჩში ხუან კუადრადო და სამი ხედირა ნამდვილად ვერ დაეხმარებიან. ძალიან საეჭვოა დუგლას კოშტას თამაშიც.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსი და ნაპოლი ერთმანეთს 152-ჯერ დაუპირისპირდნენ. უპირატესობა ტურინელებს აქვთ: 70 მოგება, 49 ფრე, 33 მარცხი. ბურთები: 229:169.

⚽ ამ გუნდების ბოლო მატჩი პირველ წრეში იუვემ შინ ანგარიშით 3:1 მოიგო. წინა სეზონში გუნდებმა მინიმალური ანგარიშით მოგებები გაცვალეს.

⚽ ნაპოლის ჩემპიონატში უკვე ზედიზედ 7 ტურია არ წაუგია. ამასთან, ბოლო 5 შეხვედრაში გუნდმა გოლი საერთოდ არ გაუშვა.

⚽ ოღონდ, კარლო ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო ხუთი მატჩიდან სამში ანგარიში 0:0 დააფიქსირა. 

⚽ სერია A-ში ნაპოლი საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია: 10 მოგება, 3 ფრე, არცერთი მარცხი. ბურთები: 28:7. ლიგაში მასზე უკეთესად შინ მხოლოდ იუვე გამოდის.

⚽ ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატში ყველა იმ მატჩის მოგება შეძლო, რომელშიც არკადიუშ მილიკმა გოლის გატანა მოახერხა.

⚽ იუვენტუსმა სერია A-ში სტუმრად მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო: 11 მოგება, 1 ფრე, არცერთი მარცხი. რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო მაჩვენებლია ჩემპიონატში.

⚽ ტურინის იუვენტუსმა სერია A-ში ჩატარებული ბოლო 26 შეხვედრიდან 23 მოიგო, ბოლო 14 მატჩიდან 10-ში კი გოლი საერთოდ არ გაუშვა.

⚽ ტურინის იუვენტუსისა და ნაპოლის ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან სამში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ ნეაპოლში გამართულ ნაპოლოსა და იუვენტუსის ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან ოთხში გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.

ნაპოლის გულშემატკივრებს იუვენტუსთან გამარჯვება ძალიან გააბედნიერებთ

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - მალკუ, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი - კალეხონი, ალანი, რუისი, ზიელინსკი - მილიკი, ინსინიე.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები