Thumbnail
  • კრილიაში იჯარით გადასულმა ჯანომ გოლი პირველივე მატჩში შეაგდო
  • 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვში ლოკომოვიტს გაუტანა
  • სამარელებმა რუსეთის დედაქალაქში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს

ჯანო ანანიძეს ახალი გუნდის, კრილია სოვეტოვის მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველი გოლის გასატანად სულ 19 წუთი დასჭირდა. სამარის კლუბში იჯარით მოთამაშე ქართველმა ნახევარმცველმა ეს რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში, სტუმრად მოსკოვის ლოკომოტივთან მოახერხა.

ჯანოს რუსეთის პრემიერლიგაში გოლი 2016 წლის სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი

კრილიას მთავარმა მწვრთნელმა ჯანო ძირითად შემადგენლობაში, მოსკოვის სპარტაკიდან ზამთარში მასთან ერთად გადმოყვანილ ალეკსანდრ სამედოვთან ერთად დააყენა და არჩევანში არც შემცდარა. ანანიძემ ანგარიში სწორედ სამედოვის გადაცემის შემდეგ, მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით გახსნა.

მოსკოველთა რიგებში ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა კვერკველია, რომელმაც ჯანოს დარტყმის ბლოკირება ბურთზე ვარდნით სცადა, მაგრამ დააგვიანა.

კრილია სოვეტოვმა უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ლოკომოტივმა პირველ ტაიმშივე გაათანაბრა, მეორეში კი წინ გასვლაც მოახერხა - ორივე გოლი ანტონ მირანჩუკმა გაიტანა. ჯანომ მოედანი 62-ე წუთზე დატოვა, სამარელებს კი ქულა რამილ შეიდაევმა გადაურჩინა - საბოლოოდ ფრე 2:2. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა თამაში ათ-ათი ფეხბურთელით დაასრულეს.

მცირე გაწევ-გამოწევაში საბა და ჯანოც მონაწილეობდნენ

საბა კვერკველიამ რუსეთის მოქმედი ჩემპიონების რიგებში მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 55-ე წუთზე კი გაფრთხილება მიიღო. მოსკოვის ლოკომოტივში ზამთარში გადასულ ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.

ჯანო ანანიძე კრილია სოვეტოვის ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სპარტაკის მაისურით ამ სეზონში სულ ერთ მატჩში ითამაშა.

ჯანო ანანიძემ კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩში გოლი ბოლოს 2016 წლის სექტემბერში, ორენბურგი-სპარტაკის შეხვედრაში (1:3) გაიტანა. 

კრილია სოვეტოვს ჩემპიონატში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. მოსკოვის ლოკომოტივი კი 29 ქულით მეოთხე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები