Thumbnail

რონალდოს მოსვლის შემდეგ - ტურინის იუვენტუსის მოგება 83%-ით შემცირდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვემ 2018/19 წლების სეზონის პირველი ნაწილის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა
  • ტურინული კლუბის მოგებამ აგვისტოდან იანვრამდე 7,5 მილიონი ევრო შეადგინა 
  • კლუბის მოგების კლების ერთ-ერთი მიზეზი ფეხბურთელების ხელფასების ზრდაა 

ტურინის იუვენტუსმა კლუბის ოფიციალურ საიტიზე 2018/19 წლების სეზონის პირველი ნაწილის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გასული წლის 1-ელი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდს ასახავს.

ამ პერიოდში ტურინული კლუბის სუფთა მოგებამ, გადასახადების გათვალისწინებით, 7,5 მილიონი ევრო შეადგინა და ეს 83%-ით ნაკლებია გასული წლის პირველ ნახევარში ნაჩვენებ შედეგზე. მაშინ კლუბმა 13,7-მილიონიანი მოგება ნახა.

იუვენტუსში მოგების მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზად, ფეხბურთელების სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავლების კლებასა და მოთამაშეებისა და პერსონალისთვის ხელფასების ზრდას ასახელებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინულ კლუბს მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ხელფასი, რომელიც იუვენტუსში გასულ ზაფხულს რეალიდან დაახლოებით 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, წელიწადში 30 მილიონი ევრო უჯდება.

კრიშტიანო რონალდომ იუვეს მაისურით 34 მატჩში 21 გოლის გატანა მოასწრო

სამაგიეროდ, 2018/19 წლების სეზონის პირველ ნახევარში "ბებერი ქალბატონის" შემოსავალმა 330 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 14%-ით მეტია 2017/18 წლების სეზონის პირველი ნაწილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ამჯერად ოპერაციულმა და ცვეთის ხარჯებმა 313 მილიონი ევრო შეადგენა, რაც 31%-ით მეტია წინა სეზონის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ტურინის იუვენტუსი სერია A-ს სატურნირო ცხრილს 69 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ ნაპოლის, რონალდოს გარეშე დაუპირისპირდება.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეტოქედ მადრიდის ატლეტიკო ჰყავს, რომელთანაც პირველი მატჩი სტუმრად 0:2 დათმო. საპასუხო დაპირისპირება 13 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები